28 June 2021

ქრისტეანობა და პრაიდი

„ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.“
(მთ.11:32-33)
იესუ ქრისტეს აღიარება და უარყოფა არ არის მხოლოდ მისი არსებობის ან მისი ღმრთაებრიობის აღიარება ან უარყოფა. ეს არის მისი მცნებების გარდაუვალ, ერთადერთ ჭეშმარიტებად და ცხოვრების ნორმად აღიარება ან უარყოფა.

10 March 2021

როგორია შენი სიბეჯითე?

წმ. იოანე კიბისაღმწერელი ცუდმედიდობას მიიჩნევს ყველაზე ვერაგ ვნებად და მიზეზად იმისა, რომ ქარიშხალს გადარჩენილი გემი ნავსაყუდელში იძირება. ანუ სხვა ვნებათა დამძლევი მოსაგრე შესაძლოა ბოლოს ცუდმედიდობამ დაამარცხოს.
ზოგჯერ ვიღვწით, არ ვზოგავთ თავს და გვეჩვენება, რომ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს მოყვასი, უფლისთვის სათნოა ჩვენი შრომა და მზადდება ჩვენთვის ადგილი ცათა სასუფეველში. მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთი დაუშვებს ჩვენზე ხან განსაცდელს, ხან მხილებას, რათა ცუდმედიდობამ არ წარწმყიდოს ჩვენი ღვაწლი.

11 April 2020

ზიარება და ვირუსი

90-იან წლებში ერთ კვირა დღეს წირვის შემდეგ მრევლის წევრმა მთხოვა გავყოლოდი საავადმყოფოში. ნათესავის შვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ექიმები ვერ შველოდნენ და ფაქტობრივად მიცვალება გარდაუვალი იყო. ზიარებაზე არ იყო საუბარი, რადგან ბავშვი უგონოდ იყო. საავადმყოფოში მისულმა შემზარავი სურათი ვიხილე. დიდი და გრილი ოთახის შუაში იდგა საკაცე. ურეაქციო, საბანგადაფარებული ბავშვი, ირგვლივ სისხლგამშრალი ავისმომლოდინე ოჯახის წევრები და ნათესავები. შესვლამდე გავიგე, რომ თანდათან ილეოდა და დახმარების შესაძლებლობა ამოწურულიყო.

26 March 2018

ინტერვიუ გაზეთ „საფარველს“ (დეკემბერი, 2017წ.)

— მამაო, გთხოვთ აგვიხსნათ, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?
წარმოდგენა იმაზე, თუ რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას და რა მიაჩნია მას საზრისად თავისი არსებობისა, განსხვავდება როგორც ცალკეულ ადამიანებში, ასევე იმ სარწმუნოებრივ-მსოფლმხედველობით ტრადიციებში, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. აზრს ცხოვრებისა განსაზღვრავს მიზანი, გზა მისი მიღწევისა და შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსებობა მაშინ იწოდება ცხოვრებად, როცა მას აქვს აზრი. უაზროს ვუწოდებთ არსებობას, როცა ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ წარმავალი ცხოველური საჭიროებების დაკმაყოფილებით. ზოგს აქვს მიზანი, რომელიც მთელს მის ცხოვრების გზას განსაზღვრავს; ზოგის მიზანი და წადილი ცდება საწუთოს და მარადისობაში გადადის. მაგრამ, არის სხვა საზრისი ცხოვრებისა, რომელიც შემოქმედმა განგვისაზღვრა და დაცულია მართლმადიდებლობაში.

28 December 2017

მამა რაფაელი

ამაზე არავისთან მისაუბრია, მაგრამ, ალბათ, უნდა ვთქვა.
ზოგჯერ, გიდგება დრო, როცა განსაკუთრებული სიცხადით აცნობიერებ ლოცვების სიტყვებს. „მასწავე მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ“, – ეს სიტყვები 50-ე ფსალმუნიდან, ვინ იცის, რამდენჯერ წამიკითხავს და სხვისთვისაც ამიხსნია. თითქოს მესმოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს სიტყვები გულის ღაღადისად მექცა. მქონდა მდგომარეობა, როცა აშკარად ვხედავდი, როგორ მოიწევდა ჩემკენ დემონური წყვდიადი. ზოგმა, შეიძლება სულიერი ბრძოლა უწოდოს, მაგრამ ეს იყო საშინელი შემოტევა უხილავი ქვესკენელისესული წყვდიადისა. არც ვთმობდი, მაგრამ ასე ყოფანას სიკვდილი მერჩია, თუ ამით განვთავისუფლდებოდი. იყო ის მდგომარეობა, როცა იცი, რა უნდა აკეთო, მაგრამ გჭირდება ძალა, რომელიც შეგაძლებინებს, რომელიც მოგაშორებს ამას. საქმეს ისიც ამძიმებდა, რომ გარშემო მყოფებს ვერც ავუხსნიდი მდგომარეობას და ვერც შვებას მივიღებდი. ვისაც გამოუცდია, იცის რა არის ეს, ვისაც არა – მარტოოდენ სიტყვებით ვერ აუხსნი. აუცილებლად მჭირდებოდა შემწეობა ადამიანისა, რომელიც არა უბრალოდ მასწავლიდა როგორ მოვქცეულიყავი (ეს ისედაც ვიცოდი), არამედ დამეხმარებოდა იმით, რაც თავად ჰქოდა მოხვეჭილი.