25 August 2014

* * *

როგორც ამბობენ, „კაზანტიპმა“ საქართველოში ვერ გაიჯეჯილა. შესაძლოა გვიხაროდეს, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ – რა. ერთი მხრივ, კარგია, რომ ათასობით ნავარაუდევი მონაწილე დააკლდა გარყვნილობის პარპაშს, მაგრამ არის სხვა მხარე, რის გამო ნაკლებად გვრჩება სიხარულის საბაბი.
უფალი არა მხოლოდ საქმეს განიკითხავს, არამედ განზრახვასაც მიითვალავს. მრავალ ადამიანს, თუმცაღა არ მიუღია მონაწილეობა, არ უმასპინძლია მონაწილეთათვის, მოემზადა ამისთვის, განაცხადა თანხმობა ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობაზე. მათი რიცხვი არც ისე დიდია, როგორც ამას მედია წარმოგვისახავს, მაგრამ არცთუ ცოტა. ეს ადამიანები, უიდეო, საზომდაკარგულები, განუკურნებელი, შერყვნილი სულით ჩვენ შორის არიან, ჩვენი ძმები, შვილები, მშობლები, ნათესავები არიან.

8 August 2014

ჭირი და ცხოვნება

ეკლესიაში ახალმოსულს მიჭირდა გაგება, რატომ არის ასე საჭირო ჯვარი, ტკივილი, ტანჯვა, რატომ არ შეიძლება ადამიანი ამის გარეშე მიდიოდეს ღმერთთან, რატომ დაუშვებს უფალი მისკენ მიმავალზე განსაცდელს, რატომ უმრავლდება ჭირი ადამიანს, როცა მეტად ცდილობს ღმრთისაკენ სვლას, ნუთუ არ შეიძლება ეცადოს ადამიანი მცნებების დაცვას და იქნეს ეს საკმარისი? გავიდა დრო, ჩაიარა არაერთმა განსაცდელმა და მივხვდი: ნამდვილი ლოცვა, ღმრთის სიახლოვის განცდა, სიმტკიცე სიკეთეში გაქვს მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც გაჭირვებს და გტკივა, როცა ღმრთის გარდა არავინ გრჩება შემწე, მანუგეშებელი. გადადის განსაცდელი და ამჩნევ, რომ ისევ ის გულგრილი, უდები, ტკბობისმოყვარე, ძალადმორწმუნე ხარ. ზოგჯერ იხიბლები ლოცვების სიტყვებით, გარეგნული ეკლესიურობით, ხან კიდევ მიწიერი საზრუნავებით გონებადაბნელებულს, გულგაცივებულს, სულიერების მშვინვიერებამდე დამყვანებელს ვერ ძალგიძს ცრემლითა და იმედით მიმართო ღმერთს: მიშველე, უფალო! ორივე შემთხვევაში ამჩნევ, რომ გულში მხოლოდ ნაკვერჩხლები დარჩენილა და ეკითხები საკუთარ თავს: ვინ ვარ მე? ის, რომელიც ქრისტეთი სუნთქავდა გუშინ, თუ ის, რაც ვარ დღეს? ნუთუ მუდამ უნდა მწკეპლავდეს განსაცდელი, რომ ვგრძნობდე, ვინ არის ჩემთვის ქრისტე, ვიღებდე მას, როგორც ჩემს მხსნელს? ასეთ დროს ხვდები, რომ, თუ არა ტკივილი, საბოლოდ მოუკვდებოდი ქრისტეს. ნამდვილად ვერ ცხოვნდება ადამიანი ტკივილის გარეშე. არ ვეძებთ ტკივილს, არ ვართ მაზოხისტები, მაგრამ არ უნდა დავიჯეროთ ეშმაკისეული ცდუნება, თითქოს წყნარი, კომფორტული ცხოვრებით ვინმე შეძლებს შეიმეცნოს საკუთარი დაცემულობა, წუთისოფლის წარმწყმედელობა, ცხოვნების გზა. წმიდა მამები არა ჭირისაგან ხსნას, არამედ ჭირში მოთმინებასა და განმტკიცებას ითხოვდნენ. მაცხოვარს მხოლოდ მაშინ მივყვებით, როცა გოლგოთაზე ავდივართ მასთან ერთად.

6 August 2014

თანამედროვე ქრისტეანებზე (ამონარიდი ბერი მოსე მთაწმინდელის (†1.06.2014) წიგნიდან).

როცა თანამედროვე ქრისტეანი საუბრობს ღმერთზე, ხშირად მას მხედველობაში აქვს რაღაც ისეთი, რაც არის შორს ზეცაში, უცნობი, გაუგებარი, შეუცნობი, მიუწვდომელი, ისეთი, რასაც ეთანხმება, სარგებელი აუცილებლობის ჟამს; ზოგჯერ მიაწერს მას ჯადოსნურ თვისებებს და ხშირად იმეორებს არამართლმადიდებლურს: „ირწმუნე და ნუ განსჯი“.
მაგრამ ასეთ რწმენას ღმრთისა არ მოაქვს არსებითი ცვლილებები ქრისტეანის ცხოვრებაში. მას შეუძლია ზოგჯერ, კვიარობით იაროს ეკლესიაში, ჰქონდეს თავის ბიბლიოთეკაში თანამედროვე სასულიერო ლიტერატურა, მისაღებ ოთახში – ძველი ხატები, ხელში – სკვნილი, შესაძლოა გასცემდეს მცირეოდენ მოწყალებას. მაგრამ ის ბრაზობს, როცა ადამიანები ვერ ამართლებენ მის მოლოდინს, ხარბია, როცა საქმე ფულს ეხება, ჩაფლულია ეგოიზმში, კომფორტის წყურვილში, მოუსვენრობაში, კონკურენციაში. ეს არ არის ცხოვრება ქრისტეში. აქ სიკვდილის სუნი ტრიალებს. რითი განსხვავდება დღეს ქრისტეანი დანარჩენი ადამინებისაგან? თუ მას არ აქვს სულგრძელება, თვინიერება, სიხარული, უბრალოება და, განსაკუთრებით, სიმდაბლე, მაშასადამე, მას ვერაფერი გაუგია ქრისტესმიერ ცხოვრებაზე. ცხოვრებაზე, რომელიც ყოველდღიური სიძნელეების უღელქვეშაც განაახლებს, გარდაქმნის და აკეთილშობილებს ადამიანს.