24 July 2015

ინტერვიუ გაზეთ „საფარველს“.

– მამაო, გთხოვთ გვესაუბროთ ღმრთისმშობლის ღვაწლზე კაცთა მოდგმის გადარჩენის საქმეში
„სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი“ (იგ. 9:1) – სოლომონ ბრძენის ამ სიტყვებში, რომლებიც იკითხება ყოვლადწმიდა დედის ხსენების სადღესასწაულო მწუხრზე, ეკლესია ხედავს წინასწარმეტყველებას დედა ღმრთისმშობელზე. უფალმა თვითონ აღაშენა ხორციელი მშობელი და სვეტებად, სიმტკიცედ მისი სულიერი შენობისა შეუდგა „შვიდნი სვეტნი“, ანუ სათნოებათა სისრულე. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ საღმრთო განგებულება არასდროს აქცევს ადამიანს მარიონეტად და ყოველთვის ითვალისწინებს კაცობრივ ნებას, თანამოქმედებს მასთან. ადამიანი აღეშენება სულიერად მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნება არის თანამოქმედებაში ღმრთაებრივ ნებასთან. თუ უფალმა შეამკო ყოვლადწმიდა სათნოებებით – თავად ქალწული მარიამიც ესწრაფოდა მათ მოხვეჭას. დედა ღმრთისა არის ის ადამიანი, რომელშიც მოხდა კონცენტრაცია დაცემული ადამიანური ბუნებისათვის შესაძლებელი საუკეთესო თვისებებისა. რჩეულობა არ ნიშნავს უზრუნველყოფილ ცხოვნებას, არამედ მაღალ მოწოდებას, რომელსაც უნდა შეესაბამოს ადამიანის ნებელობა და ცხოვრება, რათა  შეეთვისოს უფალს. ყოვლადწმიდა დედამ მრავალი შრომისა და უდიდესი ტკვილის ფასად გვაჩვენა სახე სიწმიდით ცხოვრებისა, ღმრთის მოწოდებისადმი შესატყვისობისა.

3 July 2015

სოდომი

ავტორი:   დეკანოზი ანდრია ტკაჩოვი.
 
ტელეცენტრის იმ სართულზე, სადაც ჩვენ გადაცემის ჩაწერის მოლოდინში მიმოვდიოდით დერეფანში, ხალხმრავლობა იყო. როგორც ჩანს, უკრაინა განაგრძობდა ტალანტების ძებნას და თითქმის შიშველი, მთლად ნორჩი დიაცები აფახუნებდნენ შეღებილ წამწამებს სცენაზე დაძახების მოლოდინში, ხმაურობდნენ საგრიმიოროებში, გამორბოდნენ მოსაწევად, მობილურებით ტიტინებდნენ მეგობრებთან და მშობლებთან.
ორნი ვიყავით და დრო საინტერესო საუბარში გაგვყავდა. ჩემი თანამოსაუბრე ძველი აღთქმის მცოდნე იყო და ჩვენ, თითქოს ვხსნიდით ბიბლიური საგანძურის კიდობანს, ვარჩევდით ცალკეულ ძვირფასეულობას და ვტკბებოდით მათი სილამაზით. წარწერა „მიდის ჩაწერა“ ჯერ კიდევ არ ანათებდა ჩვენს სტუდიასთან.