26 February 2017

შენდობის კვირას

სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი. გსურს ჭუჭყიანი სამოსელივით მოიშორო ძველი კაცი მისი ჩვევებითა და სისუსტეებით. გეგმავ რა წაიკითხო, როგორ ილოცო, როგორ დადუმდე. იმედოვნებ, რომ აღდგომას მიაგებებ უფალს განწმენდილ გულს და აღივსება იგი სიხარულით. იცი, გახსოვს, მერამდენე წელია გეგმავ, ცდილობ და... მაინც ვერ იცხოვრე, როგორც გინდოდა, ვერ შეწირე ბოლომდე შენი ძალები, გამხელს სინდისი. წუთისოფლის ჭაობმა წაიღო დრო, ძალები, უნარები. ეშმაკისა და წუთისოფლის მტრობას საკუთარი სისუსტე, სულმოკლეობა დაემატა და ვერ ხარ ისეთი, როგორიც გინდოდა გენახა შენი თავი მარხვის ბოლოს. თუმცა, კაცთმოყვარე ღმერთი გიწილადებს სიხარულს და მაინც ხარობ. ხარობ და იწყება მოლოდინი შემდგომი მარხვისა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვისა. ელოდები იმ იმედით, რომ ისევ ეცდები, ისევ შეეჭიდები საკუთარ დაცემულ ბუნებას. და, აჰა კვლავ მოვიდა ეს დღე. ისევ იმედები, გეგმები და ლოცვა: „შემეწიე, ღმერთო, შემაძლებინე“.
მრავალი ქრისტეანული ტრადიცია სათავეს მონასტრული ცხოვრებიდან იღებს. ძველ მამებს წესად ჰქონიათ – დიდ მარხვას ძალისაებრ თვისისა დაყუდებასა და განმარტოებაში ატარებდნენ. რაკი, წესისაებრ, ყოველდღიურად ვერ შეთხოვდნენ პატიებას ერთმანეთს, დიდი მარხვის დაწყებისას ერთმანეთს შენდობას მისცემდენენ, როგორც საწინდარს კეთილი ღვაწლისა და ასე შეუდგებოდნენ მარხვას. ეს კეთილი ჩვეულება სამრევლოებშიც გადმოვიდა. ყველიერის კვირის დასასრულს, მწუხრზე დღესაც ვიკრიბებით და ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. თუმცა კაცობრივმა ზედაპირულობამ მნიშვნელოვნად შერყვნა ეს ტრადიცია. ძალიან გულსატკენი სანახავია, როცა მრევლის ნაწილისათვის ეს უბრალოდ გულისამაჩუყებელი რიტუალია, როცა ადამიანი გაღიმებული და თვალზე ცრემლმომდგარი მოდის შენდობის სათხოვნად, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობა კოლექტიური ეიფორიის შედეგია და არა უღირსების გააზრებული განცდისა. განა იმას ვამბობ, რომ წესია ცუდი, – ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო ტრადიცია დასაცავი და მოსაფრთხილებელია, რადგან ჩვენი სულცარიელი საკუნე უმჯობესს ვერაფერს ქმნის. მაგრამ, შენდობის წესი ჩვენ შევრყვენით, გავაუბრალოეთ, ფორმალიზმად გვექცა.

25 February 2017

შემოგევლე

თუ ბებია „დედას“ ახსენებდა, ვიცოდით, რომ დედამთილს გულისხმობდა. ძალიან უყვარდა და პატივსსცემდა. ისე გარდაიცვალა, არასდროს უთქვამს დიდ ბებიაზე არათუ საყვედური, საქებარის გარდა სხვა რამ. არაერთხელ მოუყოლია მისი ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდი.
ქართველთა მეტყველებაში არის ორი განსაკუთრებული სიტყვა, რომლის არსზე ნაკლებად ვფიქრობთ, მაგრამ ხშირად ვახსენებთ – „შემოგევლე“, „გენაცვალე“. ამ სიტყვების გაგონებისას ბებიას მონათხრობიდან ერთი ეპიზოდი მახსენდება, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. წლებმა წაშალა ზოგიერთი დეტალი, მაგრამ ძირითადი მაინც დარჩა.