30 December 2013

ახალი წლისთვის.

ქრისტეანის დღე ჩვეულებრივად ძილისწინა ლოცვებით სრულდება, რომელთა არსი არის განვლილი დღის შეცოდებებისთვის შენდობის თხოვნა ღმრთისაგან და ვედრება შემომავალ ღამეს მშვიდობით დაცვისათვის.
ახალი კალენდარული წლის დასაწყისი განვლილი წლის „საღამოთი“ იწყება და ქრისტეანთათვის უნდა იქცეს საბაბად განვლილ წელზე დაფიქრების, იმ შეცოდებათა შენანების, რომლითაც აღიბეჭდა მილევადი წელიწადი, უფლისადმი ვედრების, რათა დაიცვას შემდგომ კალენდარულ პერიოდში, საბაბად იმისა, რომ მტკიცედ გადაწყვიტოს სინდისის შემაწუხებელი იმ ქცევების არგამეორება, აზრების შეუწყნარებლობა, რომლებიც აშფოთებენ სულს და საუკუნო სასჯელს უქადიან.

25 December 2013

ტელეფონი და ზრდილობა.

რამდენიმე წლის წინ „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა (სახელს ვერ ვიგონებ) დაახლოებით ასეთი რამ თქვა: ქართველები ის ხალხია, რომლებიც მობილურ ტელეფონს თეატრშიც არ თიშავენო. საწყენიც კი იყო, როცა თურქი სამათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერის შვლიების უკულტურობას ახსენებდა, მაგრამ, ვაი რომ სინამდვილეა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მომიწია თეატრში ყოფნა სხვადასხვა ღონისძიებებზე. თვალშისაცემია ის ზნეობრივი დეგრადაცია, რომელიც განვიცადეთ. შეიძლება, მოედნების კონცერტებმაც შეიტანეს წვლილი, მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი. სადაც არ უნდა დამჯდარიყავი, ყოველთვის ვიღაც ლაპარაკობდა, ვიღაცას ურეკვს ტელეფონი (და მერე როგორი მელოდიებით!) და არ ერიდება ხმამაღლა ლაპარაკს. მობილურები არ გვქონდა 25 წლის წინ, მაგრამ ლაპარაკის უნარიც და საჭიროებაც გაგვაჩნდა - თეატრში ამას იშვიათად ვინმე თუ იკარდრება. კინოთეატრშიც კი, სადაც შეკრებილი პუბლიკა ყოველთვის ვერ იყო იმ ინტელექტისა და კულტურის, როგორც დრამატულ თეატრში, საუბრები ჩვენების დროს იშვიათობა იყო და იკიცხებოდა საზოგადოების მხრიდან. ახლა კი… უბრალოდ, უზრდელობაა ეს!

20 October 2013

ღმერთი, კაცი და კლდე. (იგავი)

ეს იგავი 12 თუ 13 წლის წინ ვნახე ინტერნეტში. ვერ ვიტყვი, რომ სულიერი ღვაწლის აზრს სრულად გამოხატავს, მაგრამ, საინტერესოა.

* * *
ერთ ღმრთისმოსავ კაცს თავის ქოხში ეძინა. უეცრად მისი ოთახი განათდა. მას მაცხოვარი გამოეცხადა და მიუთითა რა ქოხის პირდაპირ აღმართულ კლდეზე, განუცხადა, რომ მორჩილების მისაცემად მოვიდა: კაცს ყოველდღე მთელი ძალით უნდა ებიძგა კლდისთვის.
მრავალი წლის განმავლობაში ეს ადამიანი გულმოდგინედ მუშაობდა, ებჯინებოდა რა მხრებით ცივ ზედაპირს უძრავი კლდისა, აწვებოდა მას მთელი ძალით. ყოველ ღამე იგი დაღლილი და ილაჯგაწყვეტილი ბრუნდებოდა სახლში, ზოგჯერ იმ შეგრძნებით, რომ დღემ ამაოდ, ტყუილუბრალოდ ჩაიარა, რადგან კლდე აგრძელებდა მყარად დგომას.

1 October 2013

ინტერვიუ „საპატრიარქოს უწყებანს“. N30 (689)

წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისა და ერისათვის. უშვიათესი მოვლენაა პატრიარქობის 35 წელი. არ ვიცი სხვა შემთხვევა, როცა უძველესი ისტორიის მქონე ეკლესიაში ყველა მღვდელმთავარი და, ფაქტობრივად ყველა სასულიერო პირი ერთი პატრიარქის მიერ იყოს ხელდასხმული. ვფიქრობ, ეს უწმიდესის გამორჩეულობის გამოვლინებაა.
თქვენო უწმიდესობავ! მინდა მოგილოცოთ ანგელოზის დღე და, მასთან ერთად საიუბილეო თარიღი - 80 წელი დაბადებიდან და აღსაყდრების 35‑ე წელი. ყოვლადწმიდა დედამ უმძიმეს წლებში ჩაგაბარათ ჩვენი ერი და ეკლესია. მთელი თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო და არის თავდადება და თვითუარყოფა, ჭირისუფლობა ერის ტკვილისა, ერგთულება ქრისტესი. განვლილი წლების ქარტეხილებში შეძელით დაუზიანებლად გამოგეყვანათ ქართული ეკლესიის ხომალდი. დღეს თქვენ ეიმედებით არა მხოლოდ მორწუნეებს, არამედ ეკლესიიდან შორს მდგომთაც. დაე, მოგმადლოთ უფალმა ყოველივე ის, რაც შეგაძლებინებთ კიდევ მრავალ წელს ტვირთვას ამ უძიმესი ჯვრისა, შეისმინოს უფალმა ვედრება თქვენი გულისა და მოგმადლოთ სიხარული ქვეყნის გამთლიანებისა და ქრისტეს გზით მავალობისა. ჩვენ კი შევთხოვთ უფალს მოგვანიჭოს სიბრძნე და ძალა ამოგიდგეთ თავდადებულ მოღვაწეობაში.

28 February 2013

ინტერვიუ ჟურნალ „ქვაკუთხედს“. N2(75)

– რას ნიშნავს წმიდანობის ფენომენი?
მცნება „წმიდა“, „წმიდანი“ ორგვარი დატვირთვისაა. როცა მაცხოვარი ფეხებს ბანს მოციქულებს, მათ უწოდებს წმიდას (ინ. 13:10), თუმცა ჯერ კიდევ არ გარდამოსულა მათზე სული წმიდა. ასევე, მოციქულები ეკლესიის წევრებს წმიდას უწოდებდნენ (2კორ. 1:1, 8:4, 9:1, 13:12, ტიმ. 5:10 და სხვა). ამ შემთხვევაში „წმიდა“ გულისხმობს ადამიანს, რომელიც მოწოდებულია პიროვნული განწმედისაკენ და მოცემული აქვს გარკვეული სულიერი პოტენციალი საამისოდ, განწმედილია ნათლობით, სულიწმიდის გარდამოსვლით (მირონცხებით), მონიჭებული აქვს საღმრთო საიდუმლოებებსა და მსახურებებში მონაწილეობის უფლება. არის სხვა გააზრება ამ მცნებისა, რომელსაც ვგულისხობთ ჩვენ დღეს – ადამიანი, რომელიც განიწმიდა ცოდვათაგან და შეეძინა ზეციურ ეკლესიას.

31 January 2013

ინტერვიუ ჟურნალ „ქვაკუთხედს“. N1(74).

– ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანალიზის შედეგად თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც ხდება კანონზომიერია?
ღმრთის მიერ შექმნილ სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად აღესრულება. ადამიანს უჭირს ამ კანონზომიერების დანახვა და ამიტომ, ხშირად, შემთხვევითობას მიაწერს ისტორიულ მოვლენებს. მრავალ მეცნიერს უცდია ჩაწვდომოდა ისტორიის კანონზომიერებას და ჩამოეყალიბებინა ისტორიული პროცესის აღმწერელი თეორია, თუმცა ვერავინ მოახერხა ზუსტი და ამომწურავი თეორიის შექმნა, რადგან არ ითვალისწინებდნენ ზნეობრივ-სულიერ კატეგორიებს, ან, თუ ითვალისწინებდნენ, ანიჭებდნენ მათ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას. სამყარო ღმრთის ქმნილებაა და კანონზომიერების აღმოსაჩენად შემოქმედს უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ ცოდვას მოჰყვება დაცემა და დაკნინება, სათნოებათა მომრავლებას კი – აღმავლობა.