ეს იგავი 12 თუ 13 წლის წინ ვნახე ინტერნეტში. ვერ ვიტყვი, რომ სულიერი ღვაწლის აზრს სრულად გამოხატავს, მაგრამ, საინტერესოა.
* * *
ერთ
ღმრთისმოსავ კაცს თავის ქოხში ეძინა. უეცრად მისი ოთახი განათდა. მას
მაცხოვარი გამოეცხადა და მიუთითა რა ქოხის პირდაპირ აღმართულ კლდეზე,
განუცხადა, რომ მორჩილების მისაცემად მოვიდა: კაცს ყოველდღე მთელი ძალით
უნდა ებიძგა კლდისთვის.
მრავალი წლის განმავლობაში ეს ადამიანი
გულმოდგინედ მუშაობდა, ებჯინებოდა რა მხრებით ცივ ზედაპირს უძრავი კლდისა,
აწვებოდა მას მთელი ძალით. ყოველ ღამე იგი დაღლილი და ილაჯგაწყვეტილი
ბრუნდებოდა სახლში, ზოგჯერ იმ შეგრძნებით, რომ დღემ ამაოდ, ტყუილუბრალოდ
ჩაიარა, რადგან კლდე აგრძელებდა მყარად დგომას.
ეშმაკმა, შეამჩნია რა
კაცის დაღლა, გადაწყვიტა ემოქმედა და ზრახვებით დაუწყო ბრძოლა: „რამდენი
ხანია შრომობ, კლდე კი მცირედითაც არ დაძრულა ადგილიდან. რატომ იღუპავ
თავს? შენ ვერასოდეს დაძრავ მას. შენგან, როგორც უიღბლოსაგან, წავა
ცოლი, ზურგს შეგაქცევენ მეგობრები, და დარჩები მარტო“... უქმნიდა რა ამ სახით
შთაბეჭდილებას, თითქოს მისი მიზანი შეუსრულებადია და ის ამაოდ ხარჯავს
დროს თავისი ცხოვრებისა.
ამ აზრებმა უფრო დააღონა კაცი. „რატომ ვიღუპავ
თავს ასეთი შრომით? – ფიქრობდა იგი, – გავატარებ მუშაობაში იმდენ დროს,
რამდენსაც ადრე, მაგრამ ენერგიას ნაკლებს დავხარჯავ და ეს სავსებით
ნორმალური იქნება“. მოემზადა კიდევაც ასე მოქცეულიყო, მაგრამ გადაწყვიტა, ჯერ
ელოცა ღმრთის მიმართ.
„ღმერთო, — შეევედრა იგი, — მე გულმოდგინედ და
დიდხანს ვშრომობდი. გემსახურებოდი და არ ვიშურებდი ძალ‑ღონეს, რათა
შემესრულებინა შენი კურთხევა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა, მე
ვერ ვხედავ ჩემი შრომის, ძალისხმევის შედეგებს – კლდე ნახევარი
მილიმეტრითაც არ დაძრულა. რატომ ვერ ვაღწევ მიზანს?“
„შვილო ჩემო! —
მოესმა პასუხად, — რამდენიმე წლის წინ, როცა მოგიწოდე ჩემს მსახურად და
შენც დამემორჩილე, არასდროს მიმინიშნებია შენთვის, თითქოს მოველოდი შენგან
ამ კლდის დაძვრას. შენს მორჩილებას მისი მიწოლა შეადგენდა. ამჟამად,
დახარჯე რა ბევრი ძალა, დგახარ ჩემ წინაშე ისეთი შეგრძნებით, თითქოს
უიღბლო ხარ. მაგრამ, ასეა განა? შეხედე საკუთარ თავს. შენი ხელები ძლიერი და
დაკუნთულია, ზურგი – ძარღვიანი და მზისგან გარუჯული; ხელის მტევნები უხეში
და დაღლილია მუდმივი დაძაბვისაგან, ფეხები – მყარი და ძლიერი. შენ
დაგავიწყდა, რა არის მცონარება და ისწავლე დროის დაფასება. შენ გახდი
ფხიზელი და ცუდმა აზრებმა გიბიძგეს არა მოწყენისა და სიზარმაცისაკენ,
არამედ ლოცვისაკენ. მუდმივი ძალისხმევისაგან შენ გაიზარდე და შენი
შესაძლებლობები გახდა უფრო მეტი, ვიდრე ადრე იყო. შენ ვერ დაძარი ადგილიდან კლდე, რადგან შენი მოწოდებაა – იყო მორჩილებაში, ივარჯიშო სათნოებათ მოხვეჭაში,
გაიღრმავო რწმენა და მიენდო ჩემს ნებას. შენ ასეც იქცეოდი, განმტკიცდი
სულიერად და გახდი ქრისტეს ჭეშმარიტი მეომარი. ახლა კი, შვილო ჩემო, მე
გადავწევ ამ კლდეს“.
* * *
კლდე – კაცობრივი ბუნების ცოდვილობა და ვნებულობაა.
როცა
უფალი გვაკურთხევს ვებრძოლოთ ცოდვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევძლებთ
საკუთარი ძალებით მათ განგდებას, დამარცხებას, ვნებულობისაგან
განკურნებას, მაგრამ, მორჩილებაში ჩანს ჩვენი რწმენა და ნდობა
შემოქმედისადმი, შეიძინება სიფხიზლე, გულმოდგინება, თვითიძულების უნარი. ეშმაკი კაცობრივი „კეთილგონიერებისაკენ“ მოგვიწოდებს,
რომელიც უდავოდ ლოგიკურია ადამიანური გადასახედიდან, მაგრამ ეწინააღმდეგება
ღმრთის კურთხევას. როცა ადამიანი არ ენდობა გამაორებელ ზრახვებს და უფალს
მიმართავს განმტკიცებისთვის, მაცხოვარი არ ტოვებს უპასუხოდ.
ღვაწლი
ცვლის ადამიანს, აძლიერებს სულიერად, ამზადებს საღმრთო მადლის მისაღებად.
ცოდვათა კლდეს კი უფალი გვაშორებს და არა ჩვენი ძალისხმევა.