24 June 2015

განსაცდელი და ღმრთის განგება.

„უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (ამოს.3:6)
„თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან“. (ლკ.12:7)

ყველგან ყველა დროში პერიოდულად ხდებოდა უბედურებები – სტიქიური მოვლენები, კატასტროფები. მაგრამ დამოკიდებულება მათ მიმართ განსხვავდება ერში გაბატონებული შეხედულებებისა და რწმენის შესაბამისად. შეიძლება ითქვას, უბედურებათა ჟამს ყველაზე უკეთ ჩანს ერის ზნეობრივ-სულიერი ორიენტირები.
ჩვენს ქვეყანასაც არ აცდენია ტკივილები. სულ რამდენიმე დღე დაგვატყდა თავს ბოლო ასეთი განსაცდელიდან. ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა და, იქნებ, არც იყოს საჭირო მეტის თქმა. მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებს.
როცა უბედურება ხდება ადამიანის მიზეზით, ერის უმეტესობა ხელს იშვერს და დამნაშავის დასჯას მოითხოვს. მაგრამ, როცა ბუნებრივი მოვლენის უჩვეულო ფორმით განვითარება იწირავს ადამიანთა ცხოვრებას, უნგრევს სამყოფელს, ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა: რა არის ეს? შემთხვევითობა, რომელიც ვერ გავითვალისწინეთ, თუ სასჯელი ღმრთისა, რომელსაც ვერსად გავექცევით.
თუ ურწმუნო ადამიანი სტიქიურ მოვლენას ცალსახად მიაწერს შემთხვევითობას, ადამიანებსა და ხელისუფლებას კი მოუმზადებლობაში ადამაშაულებს, ქრისტეანს სხვა ხედვა უნდა ჰქონდეს. დიახ, უნდა ჰქონდეს, მაგრამ…

23 June 2015

წმიდა თეოფანე დაყუდებული განსაცდელების შესახებ

„ძალუძს ღმერთს მყისვე შეწყვიტოს უბედურებანი, მაგრამ არ გვაშორებს მწუხარებას, სანამ არ ნახავს, რომ ჩვენში მოხვდა მოქცევა, დაიმკვიდრა მტკიცე და შეუძვრელმა სინანულმა. შესაბამისად, როცა იპოვება ეს ჩვენში, უფლის მოწყალე ხელი უმალ შეწყვეტს უბედურებებს... მაგრამ, იტყვის ვინმე: „ჩვენ ისედაც მოწყლულნი ვართ სიმწრითა და დანაკარგებით, ახლა კიდევ გვცემენ მხილებითა და მკაცრი გაკვეთილებით. გვასმინეთ ჩვენ სიტყვა ნუგეშინისცემისა. დაასხით ზეთი ჩვენი გულის დამწველ წყლულებს“. მაგრამ, ძმებო, მე არა ტკბილ სიტყვებზე ვზრუნავდი, არამედ მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის ის ქმედება, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჭეშმარიტი ნუგეშის მოტანა თქვენთვის. და, არა მხოლოდ ნუგეშის მონიჭება, არამედ მოწევნული უბედურების უკუქცევა და ყველაფრის ძველი წესითა და რიგით აღდგენა. რამეთუ, არაფერია სინანულზე უმძლავრესი. რა თქმა უნდა, შეიძლება მრავალი დამამშვიდებელი სიტყვის მოფიქრება, მაგრამ რა სარგებელი მათგან? მათით მხოლოდ შეიძლება წყულულის დაფარვა, ავთვისებიანი მატერია კი შიგნით დარჩება. მაგრამ, ამ შემთხვევაში შეიქმნება საჭიროება ახალი მოწვისა, კვეთისა, საფენებისა, ანუ ახალი უბედურებებისა ჩვენი ცოდვილი ვნებების საკურნებელად. სინანული კი სრულად კურნავს სულიერ წყლულებს და, შესაბამისად, არასაჭიროდ აქცევს ყოველგვარ განმწმედელ ზომებს, რომელთაც გვიწყობს ღმრთის მამობრივი განგებულება.“