22 January 2016

მოდერნიზმის ჭია

„ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა“ (ფილ. 2:21)
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოანე 15:20) – ბრძანებს მაცხოვარი. და მართლაც, დღიდან დაარსებისა არ ყოფილა პერიოდი, როცა წუთისოფლის მიერ არ იდევნებოდა ეკლესია ქრისტესი. ზოგჯერ ეს დევნა სისხლიანი იყო და ამ პერიოდმა უამრავი მოწამე შესძინა მას. ასეთმა დევნამ არათუ ვერ შეასუსტა ეკლესია, პირიქით, გაძლიერდა. იყო პერიოდები, როცა იმპერატორები და ხელისუფალნი იწყნარებდნენ და მფარველობდნენ ეკლესიას. მაგრამ ასეთ დროს წუთისოფლის სული აღწევდა ეკლესიაში და გამიწიერებით იდევნებოდა მოშურნეობა. იყო პერიოდები, როცა უკეთური სულითა და ამპარტავნებით აღძრული ადამიანები აყალბებდნენ და ამახინჯებდნენ წმიდა წერილს, წარმოშობდნენ ერესებსა და სქიზმებს და ამით იდევნებოდა ჭეშმარიტება. მაგრამ ასეთმა შემოტევებმა შედეგად საეკლესიო სწავლების ჩამოყალიბება და გაღმავება გამოიღეს ნაყოფად. ბოლო ათწლეულებში ახალი სახე გამოჩნდა ქრისტეს ეკლესიის მტრობისა და დევნისა – მოდერნიზმი და რეფორმატორული სული. თავისი დამანგრეველი მოქმედებით ის არანაკლებია მწვალებლობებზე, შეიძლება ითქვას, უარესიც კი.