10 July 2017

მუსიკა თუ საცდური

რამდენიმე თვის წინ youtube-ში რაღაც ფილმის თრეილერი გამომივიდა, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, არაფრად ღირებული ფილმის. არც გამახსენდებოდა, რომ არა ფრაზა ფილმიდან: „დიჯეის ამოცანაა გათიშოს ტვინი და ჩართოს სხეული“. რა ეწოდება მდგომარეობას, როცა ითიშება ტვინი და გონება, ყველამ ვიცით. გონებას მოკლებული სხეულის მოქმედებასაც აქვს თავისი სახელი. მაგრამ, რა ეწოდება ადამიანს, რომელიც ქმნის ამ მდგომარეობას, რა ეწოდება ხალხს, რომელიც არის ამის სულისჩამდგმელი ან ხელშემწყობი?
სამიოდე დღეში ამ ხალხს ჯემფესტად წოდებული ერთთვიანი ზეიმობა ეწყება. ყველას თავისი მოგება აქვს: მესვეურებს ფული, მონაწილეებს – საშუალება იგიჟონ, გაითიშონ და მიეცნენ ვნებებს. რას იგებს ერი, რას ავლენს და რა დარჩება?
ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა მთავარ საზომად ქვეყნის წინსვლისა იქცა ფული და მოიხსნა ყოველგვარი ფილტრი, რომლითაც იყოფა ზნეობა და უზნეობა, ღირებული და იაფფასიანი.

5 July 2017

„ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ"

ყოველთვის, როცა რაღაც უარყოფითს ვახსენებ, ვეკითხები საკუთარ თავს: იქნებ ჯობდეს არ დავწერო, იქნებ უნაყოფოდ ვამძიმებ სხვას ამდენი უარყოფითით. ადამიანს, მით უფრო თანამედროვეს, დაძაბულს, ბორბალში მორბენალ ციყვს დამსგავსებულს, ცხოვრების სწრაფცვალებადობით იმედშესუსტებულს ენატრება რაღაც სასიამოვნო, სასიხარულო, დამაიმედებელი, ისეთი, რაც თუნდაც რამდენიმე წუთით მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სასიამოვნოს კი ყოველთვის მოძებნის კაცი: ხან მეხსიერების სკივრში, ხან გარემოში, ხან იმ კეთილ ადამიანებში, რომებლიც ჯერ კიდევ შემორჩენია წუთისოფეს.