30 December 2013

ახალი წლისთვის.

ქრისტეანის დღე ჩვეულებრივად ძილისწინა ლოცვებით სრულდება, რომელთა არსი არის განვლილი დღის შეცოდებებისთვის შენდობის თხოვნა ღმრთისაგან და ვედრება შემომავალ ღამეს მშვიდობით დაცვისათვის.
ახალი კალენდარული წლის დასაწყისი განვლილი წლის „საღამოთი“ იწყება და ქრისტეანთათვის უნდა იქცეს საბაბად განვლილ წელზე დაფიქრების, იმ შეცოდებათა შენანების, რომლითაც აღიბეჭდა მილევადი წელიწადი, უფლისადმი ვედრების, რათა დაიცვას შემდგომ კალენდარულ პერიოდში, საბაბად იმისა, რომ მტკიცედ გადაწყვიტოს სინდისის შემაწუხებელი იმ ქცევების არგამეორება, აზრების შეუწყნარებლობა, რომლებიც აშფოთებენ სულს და საუკუნო სასჯელს უქადიან.

25 December 2013

ტელეფონი და ზრდილობა.

რამდენიმე წლის წინ „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა (სახელს ვერ ვიგონებ) დაახლოებით ასეთი რამ თქვა: ქართველები ის ხალხია, რომლებიც მობილურ ტელეფონს თეატრშიც არ თიშავენო. საწყენიც კი იყო, როცა თურქი სამათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერის შვლიების უკულტურობას ახსენებდა, მაგრამ, ვაი რომ სინამდვილეა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მომიწია თეატრში ყოფნა სხვადასხვა ღონისძიებებზე. თვალშისაცემია ის ზნეობრივი დეგრადაცია, რომელიც განვიცადეთ. შეიძლება, მოედნების კონცერტებმაც შეიტანეს წვლილი, მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი. სადაც არ უნდა დამჯდარიყავი, ყოველთვის ვიღაც ლაპარაკობდა, ვიღაცას ურეკვს ტელეფონი (და მერე როგორი მელოდიებით!) და არ ერიდება ხმამაღლა ლაპარაკს. მობილურები არ გვქონდა 25 წლის წინ, მაგრამ ლაპარაკის უნარიც და საჭიროებაც გაგვაჩნდა - თეატრში ამას იშვიათად ვინმე თუ იკარდრება. კინოთეატრშიც კი, სადაც შეკრებილი პუბლიკა ყოველთვის ვერ იყო იმ ინტელექტისა და კულტურის, როგორც დრამატულ თეატრში, საუბრები ჩვენების დროს იშვიათობა იყო და იკიცხებოდა საზოგადოების მხრიდან. ახლა კი… უბრალოდ, უზრდელობაა ეს!