
მაგრამ,
შევეშვათ თეატრს. მღვდელს უპირველესად ეკლესია მაინტერესებს და, აი აქაც
იგივე ხდება. მეეჭვება ვინმემ შეძლოს ისეთი ტაძრის პოვნა, სადაც
წირვა-ლოცვის დროს, როცა თუნდაც 20-30 კაცი დგას, ვინმეს ტელეფონი არ
აწკრიალდეს.
უზრდელობაა ეს!
თუმცა
არა, უზდელობაზე მეტიც. რისთვის მოვედით ტაძარში? რომ გვენახა, რა ხდება?
რატომ გვგონია, რომ ყველამ უნდა შეწყვიტოს ლოცვა-გალობის სმენა და ჩვენს
ზარს მიაყურადოს? რატომ მიგვაჩნია ჩვენი ზარი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე
ღმრთისმსახურება? არაფერს ვამბობ მათზე, ვინც ტელეფონით ლაპარაკსაც კი
იწყებს. სამწუხაროდ, ასეთები სასულირო პირებშიც კი მინახავს და ეს უკვე
ადამიანში მომხდარი სულიერი კატასტროფის მაუწყებელია.
მთავარი კითხვა
კი, რომელიც მებადება, ასეთია: რისთვის მოვედით? ტაძარი ხომ სალოცავია!
ნუთუ ერთი და ორი საათი არ გვემეტება საიმისოდ, რომ გავეთიშოთ წუთისოფელს
და შემოქმედთან ურთიერთობას მივუძღვნათ? არადა, მასთან გვაქვს ყველას
მისასვლელი ბოლოს. ნუთუ იმდენი მაინც არ უნდა იყოს ჩვენი ღმრთისმოშიშება,
რომ სხვას მაინც არ შევუშალოთ ხელი ლოცვაში და „ქერუბიმთა“ გალობისას
„შალახო“ არ ვასმენინოთ? იქნებ, ჩვენს გვერდით მყოფმა ერთსაათიანი ჭიდილის
შემდეგ ძლივე მოახერხა ყურადღების მოხვეჭა და ლოცვის სიტყვებში ჩაკეტვა!
ვფიქრობ ჯობდა, ასეთებს არ ჩაგვეთვალა თავი მორწმუნედ და, სანამ მოვიდოდით
ტაძარში, დავფიქრებულიყავით, რისთვის მოვდივართ. უზრდელობაა ეს და მეტიც -
უკრძალველობა ღმრთისადმი. თუ ჩვენი ტელეფონის ჩართულობაზე სამყაროს ბედია
დამოკიდებული, იქნებ ვიბრაციაზე მაინც დაგვეყენებინა!
ტენდენციების
შემყურეს, ძალიან პატარა იმედი თუ მექნება იმისა, რომ რამე სასიკეთოდ
შეიცვლება. კი შეიძლება ეკლესიებში ჩამხშობი მოწყობილობების დაყენება,
მაგრამ რად ღირს ისეთი ქრისტეანების შეკრება, რომელთა უზრდელობას,
უსიყვარულობას, უკრძალველობას გრიმად ჩამხშობი სიგნალი უნდა დაადო?!