16 September 2009

ბოლო ჟამის ნიშნების შესახებ. ინტერვიუ ჟურნალ „გუმბათს“. N33(97)

– მამა ანდრია, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აშკარაა ბოლო ჟამის ნიშნები, თქვენ რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით და, კერძოდ, რა ნიშნებზეა საუბარი?
ბოლო ჟამი ის თემაა, რომელზეც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს კარგია. წმიდა მამებიც მოგვიწოდებენ, მოვუყვეთ სხვებს ბოლო ჟამის ნიშნებზე, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საკმაოდ დიდ სულიერ საშიშროებას შეიცავს. წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება არის ბოლო წიგნი წმიდა წერილისა, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის მიწიერი ისტორიის დასასრულისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისის მოვლენებზე. ის აცოცხლებს ჩვენში სარწმუნოებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვცდილობთ ვიცხოვროთ იმით, რაც წერია წინა წიგნებში – სახარებაში, მოციქულთა ეპისტოლეებში. დღეს კი შეიმჩნევა ძალიან საგანგაშო მდგომარეობა: აპოკალიფსზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან ცოტა რამ თუ გაუკეთებიათ საკუთარი სულის გადასარჩენად.