31 January 2013

ინტერვიუ ჟურნალ „ქვაკუთხედს“. N1(74).

– ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანალიზის შედეგად თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც ხდება კანონზომიერია?
ღმრთის მიერ შექმნილ სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად აღესრულება. ადამიანს უჭირს ამ კანონზომიერების დანახვა და ამიტომ, ხშირად, შემთხვევითობას მიაწერს ისტორიულ მოვლენებს. მრავალ მეცნიერს უცდია ჩაწვდომოდა ისტორიის კანონზომიერებას და ჩამოეყალიბებინა ისტორიული პროცესის აღმწერელი თეორია, თუმცა ვერავინ მოახერხა ზუსტი და ამომწურავი თეორიის შექმნა, რადგან არ ითვალისწინებდნენ ზნეობრივ-სულიერ კატეგორიებს, ან, თუ ითვალისწინებდნენ, ანიჭებდნენ მათ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას. სამყარო ღმრთის ქმნილებაა და კანონზომიერების აღმოსაჩენად შემოქმედს უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ ცოდვას მოჰყვება დაცემა და დაკნინება, სათნოებათა მომრავლებას კი – აღმავლობა.