– ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანალიზის შედეგად თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც ხდება კანონზომიერია?
ღმრთის მიერ შექმნილ სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად აღესრულება. ადამიანს უჭირს ამ კანონზომიერების დანახვა და ამიტომ, ხშირად, შემთხვევითობას მიაწერს ისტორიულ მოვლენებს. მრავალ მეცნიერს უცდია ჩაწვდომოდა ისტორიის კანონზომიერებას და ჩამოეყალიბებინა ისტორიული პროცესის აღმწერელი თეორია, თუმცა ვერავინ მოახერხა ზუსტი და ამომწურავი თეორიის შექმნა, რადგან არ ითვალისწინებდნენ ზნეობრივ-სულიერ კატეგორიებს, ან, თუ ითვალისწინებდნენ, ანიჭებდნენ მათ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას. სამყარო ღმრთის ქმნილებაა და კანონზომიერების აღმოსაჩენად შემოქმედს უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ ცოდვას მოჰყვება დაცემა და დაკნინება, სათნოებათა მომრავლებას კი – აღმავლობა.
როცა უფალმა შექმნა სამყარო, ბრძანა: „მშვენიერ არს ფრიად“. ცოდვამ, ღმრთაებრივი წესრიგის წინააღმდეგ სვლამ ამ მშვენიერ ჰარმონიაში დისონანსი შემოიტანა, რასაც სასჯელი მოჰყვა. სასჯელი არა როგორც შურისძიება, არამედ აღკვეთა უწესრიგობისა და გარდაუვალი დასჯა ცოდვის შემომტანისა, მისი მოკვეთა ღმრთაებრივი სიხარულისაგან. ეს გარდაუვალი კანონზომიერება მოქმედებს და იმოქმედებს მანამ, სანამ გაგრძელდება ისტორია. ეს ის კანონზომიერებაა, რომელიც მოქმედებს თითოეულ პიროვნებაში, საზოგადოებაში, ერების ცხოვრებაში. ღმერთი სულგრძელად ადროვებს მცოდველს, მოელის რა მისი თავისუფალი ნებით მოქცევას და სულმოკლე ადამიანებში ეს ქმნის განცდას ცოდვის დაუსჯელობისა.
– რამდენად ცხადად იკვეთება საღვთო განგებულება ისტორიის ამ სრბოლისას?
ადამიანის ცხოვრება მისი პირადი ნებისა და ღმრთაებრივი ნების თანამოქმედებაა. ასევეა ერების ცხოვრებაშიც. ზოგჯერ ადამიანი ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ ნებას, ზოგჯერ კი, პირიქით, ეძიებს ღმრთისადმი სათნოყოფას. საზოგადოებებიც მათში გაბატონებული შეხედულებებითა და ღირებულებებით ხან ეწინააღმდეგებიან უფალს, ზოგჯერ კი ითვალისწინებენ ღმრთის გამოცხადებით სიტყვას და მის შესაბამისობაში მოყავთ საკუთარი კანონები და ნორმები. ერი ან საზოგადოება ადამიანთა კრებაა და მის ცხოვრებაში ისევე იკვეთება საღმრთო განგებულება, როგორც ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში. ისტორიიდან ვიცით უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ისჯებოდნენ ერები უკეთურებისათვის. ასეთ მაგალითებს არც თანამედროვეობაში ვართ მოკლებულნი, თუმცა, თუ ადამიანს არ სურს დანახვა, ვერც ხედავს და შემთხვევითობას მიაწერს კატაკლიზმებს, ხოლო წარმატებებს – კაცობრივ გონს.
– თუ შეიძლება კონკრეტულ მაგალითებზე გავიხსენოთ, თუ როგორ ვლინდებოდა ღვთის წყალობა და სასჯელი ჩვენი ქვეყნის წარსულში, იმისდა მიხედვით, რამდენად ღვთისმოსავად ცხოვრობდა მთელი ერი და მისი მეუფება?
ძალიან გვიყვარს ქართველებს დიდებულ წინაპართა ცხოვრებით ქადილი, მაგრამ იშვიათად ვიქცევთ მათ ცხოვრებას გაკვეთილად. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი ისტორიიდან. მხოლოდ ერთს გავიხსენებ: თამარის საქართველო და საქართველო მისი შვილების დროს. საოცარი კონტრასტია და შესაბამისი განგებულება ღმრთისა – აყვავება ერისა და მისი დაკნინება.
აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს. ზოგჯერ ერის ან ხელმწიფის ცოდვის გამო სასჯელი მოდის შთამომავლობაზე. გავიხსენოთ ბიბლიური მაგალითი ამისა. მეფე სოლომონ ბრძენი, როგორც ვიცით, მძიმე ცოდვაში ჩავარდა – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში მან უღალატა ჭეშმარიტ ღმერთს და თაყვანისცა კერპებს. ღმრთისაგან მას ეუწყა, რომ ამისთვის სასჯელი მოიწეოდა მის ერზე – ერი გაიხლიჩებოდა ორ ნაწილად. ოღონდ მისი მამის, მეფე დავითის კეთილი ცხოვრების გამო მოხდებოდა ეს არა სოლომონის მეუფების დროს, არამედ მისი გარდაცვალების შემდეგ. მართლაც ასე მოხდა. სასჯელი მოიწია შვილების თაობაში. ასევე ხდება ჩვენი და სხვა ერების ისტორიაშიც. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენმა მეფეებმა, მიუხედავად თავდადებისა, რიგ შემთხვევაში ვერ მიაღწიეს ქვეყნის აყვავებას. მაგრამ ის, რომ გადავრჩით, სწორედ მათი და დიდებულ წინაპართა ღვაწლითა და თავდადებით მოპოვებული წყალობაა ღმრთისა.
– თუ შეიძლება ისტორიული ექსკურსიდან დღევანდელობაში გადმოვინაცვლოთ და ვთქვათ, რომ საღვთო განგებულება იგივე კანონზომიერებით მოქმედებს, როგორც წარსულში?
ღმერთი იგივეა უკუნისამდე. ვიცვლებით ადამიანები, ვცვლით გარემოს, ურთიერთობის ფორმებს, ღირებულებებს, მაგრამ ცოდვა-მადლი იგივე სასწორით იწონება და ღმრთის განგებულებაც მის შესაბამისად ვლინდება.
– ამ გადასახედიდან, რა შეფასებას მისცემდით საქართველოს უახლოეს წარსულში განვითარებულ მოვლენებს?
შესაძლოა, მრავალთათვის მიუღებელი იყოს ჩემი მოსაზრება, მაგრამ უნდა ვთქვა. ვფიქრობ, ნიშანსვეტი ჩვენი უახლოესი ისტორიისა არის 9 აპრილი. დღეს ვიხსენებთ ამ დღეს, როგორც ქართველთა გმირობის, ერისათვის თავდადების დღეს. მაგრამ მინდა მეორე მხრიდანაც შევხედოთ. მახსენდება ის ტრაგიკული წუთები, როცა პატრიარქმა ამცნო ერს მოახლოებული საშიშროების შესახებ და მოუწოდა სალოცავად ტაძარში წასულიყვნენ. მამა ცდილობდა აერიდებინა შვილების მსხვერპლად გაწირვა. ის მდუმარების წუთი, რომელიც მოყვა უწმინდესის სიტყვებს, იყო საქართველოს უახლოესი ისტორიის გზაგასაყარი. ერის წინაშე იდგა ერთადერთი ღმრთივკურთხეული მწყემსი და იდგნენ ლიდერები, რომელთაც ნამდვილად შესტკიოდათ გული ქვეყნისთვის, მაგრამ არ იყვნენ ღმრთისაგან ხელდასხმულნი ერის მამებად. ერმა არ მოუსმინა პატრიარქს, სამწყსო ეურჩა მწყემსს! ქართველი კაცი ენდო საკუთარ ძალებს, მის ცნობიერებაში მიტინგის მნიშვნელობა აღემატა ლოცვას, პოლიტიკური ბრძოლით გამარჯვების იმედი – ღრმთის სასოებას. განა არ არის ეს ტრაგედია?! არანაირად არ მინდა დავაკნინო მათი გმირობა, ვინც დაეცა იმ ღამეს, მაგრამ ერმა მთლიანობაში მწყემსმთავრის ურჩობის გზა აირჩია. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, იმაზე, რომ ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ან, თუ არ დავანგრიეთ, სასიკვდილო ჭრილობა მივაყენეთ, – არავის ვეკამათები. მაგრამ იმ ღამეს ბევრად მეტი სულიერი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკური. სამწუხაროდ, ვიღაც უხილმა ქართული ცხოვრების ლიანდაგის ისარი სხვა, ქართველი კაცისთვის უცხო მიმართულებაზე გადაიყვანა და ასე ვართ დღემდე.
– რა პოზიტივსა და ნეგატივზე შეიძლება საუბარი დღევანდელობის შეფასებისას?
რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ერი ვართ და სწრაფად არ შევიცვლებით. მეტიც, კეთილ ცვლილებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე დაცემას. დღეს ვხედავთ ისეთ ცვლილებებს, რომელთა მასშტაბი ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა ორი-სამი წლის წინ. ვხედავთ, როგორ გამოდის სააშკარაოზე უახლოეს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომელთა მოსმენაც კი ამძიმებს სულს, ჩნდება იმედი უკეთესობისა. მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან გვჭირდება დაფიქრება ჩვენს უახლოეს წარსულზე, იმაზე, თუ რამ მიგვიყვანა ტირანიამდე, რა არის დანგრეული ჩვენში, რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ მომოვალში, რას დაეფუძნოს ჩვენი ზნეობა და ღირებულებები. ზნეობრივი საზომების გამოსწორების გარეშე ყოვალდშეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, მოსახლეობის პირადი თავისუფლების ხარისხის ზრდა, ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც მომავალში გააძნელებს იმის განმეორებას, რაც ხდებოდა გასულ წლებში. საქართველო არ უნდა იყოს თეოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან იმ ტრადიციული ღირებულებების აღიარება, რომლებსაც ქადაგებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, გათვალისწინება სხვა ჩვენში გავრცელებული ტრადიციული რელიგიის ზნეობრივი ნორმებისა.
– ჩვენი ქვეყანა ახლაც, ისე როგორც მრავალჯერ ისტორიის მანძილზე, გზისგასაყარზეა და ახალ ორიენტირებს ირჩევს. ბევრი საუბარია სხვადასხვა იდეოლოგიაზე, ინტეგრაციაზე, ორიენტაციაზე. მაგალითად, გახშირდა საუბრები დასავლეთის გულის მოსაგებად გეიაღლუმის მოწყობაზე, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე და ა. შ. როგორ საფუძველზე უნდა იქნას დამყარებული ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, რომ არ გადავიხაროთ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, ანუ როგორ მოვნახოთ სამეუფო ოქროს შუალედი?
ერი, რომელიც კარგავს თვითმყოფადობას, წყვეტს კავშირს წინაპრებთან, მათ ჭეშმარიტ ღირებულებებთან, ვერ იწოდება ერად, არამედ მხოლოდ მოსახლეობაა ქვეყნისა. იდეოლოგია აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერს. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოურ სივრცეში იდეოლოგია ასოცირდება სახელმწიფოს ძალმომრეობასთან, ადამიანის თავისუფლების არნახულ შეზღუდვასთან და ამიტომაც მცნება „იდეოლოგია“ უარყოფით ელფერს ატარებს. ამას ემატება ის ხმებიც, რომლებიც გვიკიჟინებენ, რომ არ შეიძლება იდეოლოგიზირება ერისა. მაგრამ იდეოლოგია გულისხმობს კონკრეტულ ღირებულებებს და ერს უნდა გააჩნდეს ისინი, გააჩნდეს საზომი საზოგადო მორალისა. ჩვენი ერის იდეოლოგია უნდა ეფუძნებოდეს იმ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას, რომელიც გაგვაჩნია, იმ ღირებულებებს, რომლებიც ტრადიციულად იქცა ერისათვის. დიახ, დღეს არის მკაფიო მოთხოვნები საზღვარგარეთიდან იმის თაობაზე, რომ მივიღოთ აღიარებულ ღირებულებად სქესობრივი გაუკუღმართება, მისი პროპაგანდის უფლება და ა. შ. მაგრამ, რის საფუძველზე და რატომ უნდა ვაღიაროთ ეს „ღირებულებები“? რას აძლევენ ისინი ჩვენი ერის მომავალს? რატომ არის შეუძლებელი ვიწოდებოდეთ განვითარებულ ქვეყნად მამათმავლური ღირებულებების გარეშე? ან, იქნებ ეს თავსმოხვეული ღირებულებაა, რომლის მიღმა სხვა, უფრო მზაკვრული და წარმწყმედელი ტირანია იმალება?! არაფერია ცოდვის ტირანიაზე უფრო საშინელი და დამანგრეველი! ის ანგრევს პიროვნებას, ანგრევს ერს. საქართველოში – ქვეყანაში, სადაც წმიდა ქალწულმა ნინომ იქადაგა, სადაც დედაკაცს აღსაყდრებისას მეფე უწოდეს და არა დედოფალი, სადაც, შეიძლება ითქვას დედის კულტია და მისი უდიერად მოხსენიებისთვის სისხლიც კი იღვრება, არასდროს ყოფილა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები და, თუ გაჩნდა რამე მსგავსი, სწორედ ტრადიციიდან მოწყვეტის შედეგად. დღეს საქართველოს მწვავედ უდგას დემოგრაფიული პრობლემა. ვის აინტერესებს ამ ფონზე გეიაღლუმებით უკუღმართობის პროპაგანდა, ვის აინტერესებს შობადობის მართვა, თუ არა ჩვენი თვითმყოფადობის მტერს? არის ცოდვები, რომლებიც ყველა ტრადიციული რელიგიისათვის არის მიუღებელი. მათი დაკანონება ერის მტრობაა. ვფიქრობ, არ არის მისაღები მათი სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინც შეიპყრო გაუკუღმართების სენმა, მაგრამ ყოვლადდაუშვებელია მათი ღირებულებების პროპაგანდა. ის, რასაც ერის გათახსირება ეწოდება, პოლიკორექტულობიდან გამომდინარე არ უნდა იწოდებოდეს უფლებად.
სახელმწიფო მოწოდებულია იყოს ერის ცხოვრების მაორგანიზებელი კანონისმიერი იძულებითა და წაქეზებით. როცა ის იღებს კანონს, რომელიც მფარველობს ცოდვას და აძლევს მას განვრცობის საშუალებას, ამით მტრობს ერის ინტერესებს. ასეთი ქვეყანა ღმრთის რისხვის მოლოდინში უნდა იყოს. ეს რისხვა კი არა მხოლოდ კატასტროფებში ვლინდება, არამედ, ხშირად უზნეო, ცრუ, კაცთმოძულე დემაგოგთა გამეფებაში.
იტყვის მავანი: თუ დასავლეთის კეთილგანწყობა ვერ მოვიპოვეთ, დავიღუპებით. ასეთი ადამიანი მტერია თავისი ერისა. რასაკვირველია, დასავლეთს მრავლად აქვს ისეთი მონაპოვარი, რომელიც უნდა გავიზიაროთ, მაგრამ საზომად ჩვენი გზის სისწორისა ვერ იქნება მხოლოდ დასავლეთი. ქართველმა კაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა შეესატყვისება მის წარსულს, მის ღირსებას, მის სამომავლო იმედებს.
– რას ეტყოდით მართლმადიდებელ სამწყსოს საშობაოდ, როგორც მწყემსი და მოძღვარი?
იყო მართლმადიდებელი არ ნიშნავს მხოლოდ შენატროდე სიწმიდეს, არამედ უნდა იბრძოლო მის მოსახვეჭად. იბრძოლო უხილავი, ზოგჯერ კი ხილული მტრის წინააღმდეგაც, იბრძოლო საკუთარი ჩვევებისა და ვნებების წინააღმდეგ. „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ (ინ.14,15), ბრძანებს მაცხოვარი. მინდა ყველას ვუსურვო საქმით ერთგულება ღმრთისა.
ესაუბრა ხათუნა საგინაშვილი