13 July 2026

არშემდგარი სინანული

წლების წინ ღმრთის განგებამ ერთ ადამიანს შემახვედრა. წესიერი, მშრომელი კაცი იყო. ხალხურად მორწმუნე, როგორადაც ყალიბდებოდნენ ათეიზმის პერიოდში, როცა მაცხოვრის სახელის ხსენება უკვე მორწმუნეობად ირაცხებოდა; როგორიც არის ერისა უდიდესი ნაწილი.
2-3 წლის ხელდასხმული მღვდელი ვიყავი, როცა ტაძარში მოვიდა და ეკლესიურო ცხოვრება სცადა. სურდა ჩაწვდომოდა ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოს, მაგრამ არა შინაგანი განწმედისა და ფერისცვალების გზით, არამედ გარეგნული წესების შესრულებით, რომელსაც თითქოს უნდა მოყოლოდა სულიერი ზრდა. განა მრევლის დიდი ნაწილიც ასე არ არის?!
შემდეგ მე სხვა ტაძარში გადავედი და აქტიური კავშირი გამიწყდა, თუმცა შევხვედრილვარ კიდევაც და სახლიც ვუკურთხე. ოღონდ, აღსარება და სულიერ თემებზე საუბრები უკვე არ ყოფილა.

18 January 2026

ნათლისღების წინადღის მარხვისთვის.

რამდენიმე ადამიანისაგან მოვისმინე შეკითხვა, არის თუ არა მარხვა ნათლისღების წინადღეს, რაკი დაემთხვა კვირას? დამაბნეველად იქმნა აღქმული „სადღესასწაულოში“ არსებული ჩანაწერი: „უკეთუ დაემთხვიოს მწუხრი ღმრთისგანცხადებისა შაბათსა ანუ კვირიაკესა, მარხულობა არა იქმნების...“

25 October 2025

ლოცვა თუ კითხვა?

წმიდა ნიკიტა ნოვგოროდელის ცხოვრებაში მოთხრობილია მისი ცდუნებისა და გამოხნსის შესახებ. გამოირჩეოდა რა განსაკუთრებული მოშურნეობით, მას გაუჩნდა სურვილი დაყუდებისა. მიუხედავად იმისა, რომ იღუმენი ეწინააღმდეგებოდა მის განზრახვას, არწმუნებდა, რომ მისთვის ჯერ ადრე იყო ასეთი ღვაწლის ტვირთვა, ნიკიტამ მაინც აღასრულა საწადელი და დაეყუდა. გავიდა დრო და ერთხელ, ლოცვის ჟამს, მას ესმა ხმა, რომელიც მასთან ერთად ლოცულობდა. ამ მოვლენას თან ახლა არაჩვეულებრივი კეთილსურნელება. ცდუნებულმა უთხრა საკუთარ თავს: ეს რომ არ ყოფილიყო ანგელოზი, არ ილოცებდა ჩემთან ერთად და ვერ იქნებოდა ასეთი კეთილსურნელება სულიწმიდისა. შემდეგ მან გულმოდგინე ლოცვით მიმართა უფალს სიტყვებით: „უფალო! განმიცხადე თავი შენი საგრძნობელად, რათა გიხილო შენ.“

27 November 2024

ნუთუ კვლავ ათეიზმი?!

ჩვენი თაობა სრულ ათეიზმში, იძულებით ათეიზმში იზრდებოდა, როცა არც წიგნი მოიპოვებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე და არც მთქმელი იყო ვინმე. დიდად სანუგეშო და სულისთვის რაიმეს მომცემი არც მათთან ურთიერთობა იყო, ვინც წელიწადში ერთი-ორჯერ ეკლესიაში მივიდოდა სანთლის დასანთებად, ცხვარსა თუ ფრინველს წირავდა, კვერცხს შეღებავდა, საკურთხებს დგამდა სახლში. მახსოვს სიცარიელის განცდა, რომელსაც ვერაფერი ავსებდა.

5 November 2022

წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილი მომაკვდავ დას.

„მშვიდობით, დაო! უფალმა აკურთხოს შენი განსვლა და შენი გზა. შენ ხომ არ მოკვდები. სხეული მოკვდება, შენ კი სხვა სამყაროში გადახვალ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნით და მთელი გარემომცველი სამყაროს ცნობით. იქ შენ შეგეგებებიან დედა, მამა, ძმები და დები. მოკითხვა გადაეცი მათ და ლოცვა გამოსთხოვე ჩვენთვის. იქ შენი შვილებიც შეგეგებებიან თავისი დედაშვილური სალამით. შენ იქ უკეთ იქნები, ვიდრე აქ. მაშ, ნუ შეშინდები სიკვდილის მოახლოებისას, ის შენთვის უკეთეს ცხოვრებაში შესასვლელი კარიბჭეა. შენი მფარველი ანგელოზი შენს სულს მიიღებს და იმ გზებით წაიყვანს, რომლებითაც ღმერთი ინებებს. მტკიცედ გწამდეს, რომ უფალი და მაცხოვარი მონანულთა ყოველ ცოდვას წარხოცავს. შენი ცოდვებიც აღხოცილია, როცა მოინანიე. ეს რწმენა რამდენადაც შეგიძლია, განიცხოველე და ნუ განეშორები მას. უფალმა მოგანიჭოს მშვიდობიანი აღსასრული. დღეს თუ არა, ხვალ ჩვენც შენთან ვიქნებით! მალე შევხვდებით. ამიტომ ნუ იდარდებ აქ დარჩენილებზე. მშვიდობით! უფალი გფარავდეს!“