წლების წინ ღმრთის განგებამ ერთ ადამიანს შემახვედრა. წესიერი, მშრომელი კაცი
იყო. ხალხურად მორწმუნე, როგორადაც ყალიბდებოდნენ ათეიზმის პერიოდში, როცა
მაცხოვრის სახელის ხსენება უკვე მორწმუნეობად ირაცხებოდა; როგორიც არის ერისა
უდიდესი ნაწილი.
2-3 წლის ხელდასხმული მღვდელი ვიყავი, როცა ტაძარში მოვიდა და ეკელესიურო
ცხოვრება სცადა. სურდა ჩაწვდომოდა ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოს, მაგრამ არა
შინაგანი განწმედისა და ფერისცვალების გზით, არამედ გარეგნული წესების
შესრულებით, რომელსაც თითქოს უნდა მოყოლოდა სულიერი ზრდა. განა მრევლის დიდი
ნაწილიც ასე არ არის?!
შემდეგ მე სხვა ტაძარში გადავედი და აქტიური კავშირი გამიწყდა, თუმცა
შევხვედრილვარ კიდევაც და სახლიც ვუკურთხე. ოღონდ, აღასრება და სულიერ თემებზე
საუბრები უკვე არ ყოფილა.
წლების მერე ერთ-ერთ სქიზმატურ დაჯგუფებაში აღმოჩნდა, რომელთაც „დიაკვნად“
დაასხეს ხელი. გავიდა დრო და გამოგვეცხადა ტაძარში. მისი სექტის ხელმძღვანელს
გამოუშვია მირონის მოსატანად და ესეც გულუბრყვილოდ მოგვადგა. ვისაუბრეთ,
ავუხსენი, რა ცდომილებაში იყო. გაიგო, აღმითქვა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა
იქედან და დაუბრუნდებოდა ეკლესიას. მაგრამ ერთი რამ დასძინა: „ალხა წავალ და
წამოვიღებ ჩემს სადიაკვნე შესამოსელსა და საცეცხლურს და მერე არ გავეკარები.“
ვუთხარი, რომ ის დიაკვანი არ იყო, ის შესამოსელიც არაფერში სჭირდებოდა და თუ
მივიდოდა მათთან, ვერ შეძლებდა გამოსვლას. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. არ
გამოჩენილა. მაინც წასულა თავისი განზრახვისაებრ. მალევე მაცნობეს, რომ
გარდაცვლილა. თითქოს მონანული, მაგრამ საქმით არ განდგომილი ბოროტისაგან,
ერულად პატიოსანი, მაგრამ ქმედითი სინანულით განუწმედელი. ცხადია, ვერანაირი
საუბარი ვერ იქნებოდა წესის აგებაზე.
ჭეშმატიტი სინანული არა მხოლოდ ცდომილიებს გაცნობიერებასა და მოქცევის სურვილს
საჭიროებს, არამედ დაუყოვნებლივ უარყოფას მცდარი აზრისა, ცოდვითი ქმედებისა,
ბოროტ მიზიდულობასთან ბრძოლის დაწყებას. თუ ეს არ არის, თუ ადამიანს არ აქვს
განზრახული ამ წამიდან ზურგი აქციოს ბოროტს, თქვას „ფუი ეშმაკს, შევუდგები
ქრისტეს“, ‒ ბოროტი გამრავლებული ძალებით ეცდება არ დაუშვას მისი მოქცევა და
გადარჩენა. გადადებული სინანული და გამოსწორება ბოროტთან თანხმობის ნიშანია და
ასეთი სინანული მხოლოდ წარმოსახვითი, ოცნებისეულია. არ შეიძლება, დღეს
გააგრძელო მცოდველობა იმ იმედით, რომ ორშაბათიდან უკვე სხვა ცხოვრებას დაიწყებ.
ეს ორშაბათი ან არ დადგება, ან იმდენი ორშაბათი ჩაივლის მორიგის მოლოდინში, რომ
ცოდვა გამყარდება ადამიანში, იქცევა მის თვისებად და სინანულის უნარი საბოლოოდ
ჩაქრება, რაც უკვე არის ჯოჯოხეთის დასაწყისი. შეუძლებელი ახლავე არ შეწყვიტო
შხამის მიღება და გქონდეს იმედი ხვალიდან ჯანსაღ გზას შედგომისა.
უამრავი ადამიანი მანახა უფალმა, ვისაც ჰქონდა სურვილი, შეეძლო შედგომოდა
ქრისტეს, მაგრამ ვერ ეყო სიმამაცე, რწმენა, ღმრთის შიში დღესვე უკუეგდო ცოდვა
და დარჩა ეკლესიის მიღმა.
