14 July 2026

მოძღვრობა

არიან ადამიანები, რომელთაც მასწავლებლებს ვუწოდებდი. მათ ბევრი აქვთ წაკითხული და ნასწავლი, ზოგჯერ განცდილიც; შეუძლიათ გადმოგცენ, დაგაინტერესონ, აგიხსნან გარკვეული საკითხები. ზოგ მათგანს თეოლოგის წოდებაც აქვს, თუმცა ეს რელიგიის მცდონეობაა და არა საღმრთო მადლით მეტყველი ბაგეები.
არიან ისეთები, ვისაც უფრო მრჩეველს ან მეგზურს ვუწოდებდი. მათ იღვაწეს, წიგნიერთან ერთად შეიძინეს გარკვეული ცდისეული ცოდნაც. ისინი გვასწავლიან არა, მხოლოდ წაკითხულით, არამედ პირადი გამოცდილებითაც. შეუძლიათ მიგითითონ გზის თავისებურებაზე, შენთვის ჯერ კიდევ უჩინარ დაბრკოლებებზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე. მათში შეგიძლია დაინახო მაგალითი სწორი და ნაყოფიერი ღვაწლისა. თუ მიენდობი ასეთებს, შეუძლიათ გატარონ სამეუფო გზით ყოველგვარი გადახრების გარეშე, დროზე აღგიპყრან ხელი. ასეთები არ არიან მრავლად, მაგრამ ღმრთის წყალობით, მაინც ჩანან.
არიან ისეთებიც, ვისაც შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი მოძღვარი და სულიერი მამა. მათ უდიდესი თვითუარყოფით მოიხვეჭეს საღმრთო მადლი, აქვთ მისი შეძენის გამოცდილება. მაგრამ უმთავრესი, რაც მათ გააჩნიათ, არის ის, რომ შეუძლიათ გაუწყონ უშუალოდ ღმთისაგან მიღებული სიტყვა, ღმრთის განგებულება შენთვის. მათი ეს ცოდნა არ არის ცდისეული, არამედ გამოცხადებითია. მათთვის ლოცვა არ არის წესი, კანონი, მოვალეობა, არამედ ცოცხალ ღმერთთან უშუალო საუბარი. მათ ბაგეებს იყენებს უფალი, როგორც ხელსაწყოს. ასეთები ყოველთვის მცირედნი იყვნენ, დღეს კი თითქმის არ ჩანან. არა იმიტომ, რომ არ არიან, ‒ ძაან ცოტაა მსმენელი, მიმღები და აღმასრულებელი. მაგრამ სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მოძღვრობა. ამისკენ არ ისწრაფიან, ეს ეძლევა მათ, ვისთვისაც სათნოიყოფს ღმერთი მიცემას. იხილეს რა ადამიანური ბუნების დაცემის სიღრმე და ტრაგედია, მათი მიზანი არ ყოფილა ვიღაცის დამოძღვრა, არამედ სულის გადარჩენა და სიყვარულის ნიჭის მოხვეჭა. მათ არ იციან საკუთარი თავის ფასი, რადგან უწყიან მხოლოდ საკუთარი ნაკლოვანებები და ცხადად ხედავენ, რომ ყოველი სიკეთის, სიბრძნის წყარო არის მხოლოდ ღმერთი. ამას ვერ ისწავლი სასწავლებელში, ვერ მოგეცემა მემკვიდრეობით დიდი მამისაგან, ვერ მიიღებ იმიტომ, რომ შენ მოგინდა ყოფილიყავი ასეთი. უფალი განწმედილ ჭურჭელს ეძიებს, მაგრამ ნიჭი ღმრთისა არ არის დამსახურებით. მოძღვრობის ნიჭის მიღება უპირველესად უდიდეს განწმედილობას საჭიროებს.
არაერთხელ გაკვირვებიათ, როცა მითქვამს, რომ არ მყავს სულიერი შვილი. იქნებ წყენია კიდევაც ზოგს. განა ვწუნობ ვინმეს, მაგრამ როცა იცი, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად სულიერი მოძღვარი, თავხედური კადნიერება იქნება ვინმეს სულიერ მამად აღვიქვა თავი.