14 July 2026

მოძღვრობა

არიან ადამიანები, რომელთაც მასწავლებლებს ვუწოდებდი. მათ ბევრი აქვთ წაკითხული და ნასწავლი, ზოგჯერ განცდილიც; შეუძლიათ გადმოგცენ, დაგაინტერესონ, აგიხსნან გარკვეული საკითხები. ზოგ მათგანს თეოლოგის წოდებაც აქვს, თუმცა ეს რელიგიის მცდონეობაა და არა საღმრთო მადლით მეტყველი ბაგეები.
არიან ისეთები, ვისაც უფრო მრჩეველს ან მეგზურს ვუწოდებდი. მათ იღვაწეს, წიგნიერთან ერთად შეიძინეს გარკვეული ცდისეული ცოდნაც. ისინი გვასწავლიან არა მხოლოდ წაკითხულით, არამედ პირადი გამოცდილებითაც. შეუძლიათ მიგითითონ გზის თავისებურებაზე, შენთვის ჯერ კიდევ უჩინარ დაბრკოლებებზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე. მათში შეგიძლია დაინახო მაგალითი სწორი და ნაყოფიერი ღვაწლისა. თუ მიენდობი ასეთებს, შეუძლიათ გატარონ სამეუფო გზით ყოველგვარი გადახრების გარეშე, დროზე აღგიპყრან ხელი. ასეთები არ არიან მრავლად, მაგრამ ღმრთის წყალობით, მაინც ჩანან.

13 July 2026

არშემდგარი სინანული

წლების წინ ღმრთის განგებამ ერთ ადამიანს შემახვედრა. წესიერი, მშრომელი კაცი იყო. ხალხურად მორწმუნე, როგორადაც ყალიბდებოდნენ ათეიზმის პერიოდში, როცა მაცხოვრის სახელის ხსენება უკვე მორწმუნეობად ირაცხებოდა; როგორიც არის ერისა უდიდესი ნაწილი.
2-3 წლის ხელდასხმული მღვდელი ვიყავი, როცა ტაძარში მოვიდა და ეკლესიურო ცხოვრება სცადა. სურდა ჩაწვდომოდა ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოს, მაგრამ არა შინაგანი განწმედისა და ფერისცვალების გზით, არამედ გარეგნული წესების შესრულებით, რომელსაც თითქოს უნდა მოყოლოდა სულიერი ზრდა. განა მრევლის დიდი ნაწილიც ასე არ არის?!
შემდეგ მე სხვა ტაძარში გადავედი და აქტიური კავშირი გამიწყდა, თუმცა შევხვედრილვარ კიდევაც და სახლიც ვუკურთხე. ოღონდ, აღსარება და სულიერ თემებზე საუბრები უკვე არ ყოფილა.

18 January 2026

ნათლისღების წინადღის მარხვისთვის.

რამდენიმე ადამიანისაგან მოვისმინე შეკითხვა, არის თუ არა მარხვა ნათლისღების წინადღეს, რაკი დაემთხვა კვირას? დამაბნეველად იქმნა აღქმული „სადღესასწაულოში“ არსებული ჩანაწერი: „უკეთუ დაემთხვიოს მწუხრი ღმრთისგანცხადებისა შაბათსა ანუ კვირიაკესა, მარხულობა არა იქმნების...“