18 January 2026

ნათლისღების წინადღის მარხვისთვის.

რამდენიმე ადამიანისაგან მოვისმინე შეკითხვა, არის თუ არა მარხვა ნათლისღების წინადღეს, რაკი დაემთხვა კვირას? დამაბნეველად იქმნა აღქმული „სადღესასწაულოში“ არსებული ჩანაწერი: „უკეთუ დაემთხვიოს მწუხრი ღმრთისგანცხადებისა შაბათსა ანუ კვირიაკესა, მარხულობა არა იქმნების...“
პირველ ყოვლისა, რას ნიშნავს მარხულობა. წმიდა სახარება გვაუწყებს, რომ ნათლისღების შემდეგ „იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნნენ.“ (მთ.4:1-3) რატომ თავაზობს ბოროტი პურს და არა ხორცს, თუ მაცხოვარი ისედაც მარხულობდა? საქმე ისაა, რომ მარხვად იწოდება სრული უჭმელობა. პურის მიღება კი უკვე იქნებოდა მარხვის დარღვევა. ასეთივე იყო მარხვის გააზრება მოსაგრე მამათა მიერ. მათთვის მარხვის დარღვევა იყო დროზე ადრე ჭამა. ვთქვათ, თუ წესად ჰქონდა არ ეჭამა მეცხრე ჟამამდე, მაგრამ მესამე ჟამს მოუვიდოდა სტუმარი, მასთან ერთად იხმევდა ხმელ პურსა და წყალს და ეს უკვე იყო მარხვის დარღვევა სტუმართმოყვარეობის გამო. არა ხაჭაპურითა და ხინკლით იხსნილებდა მარხვას, როგორც ჩვევია დღეს მავანს სტუმართმოყვარეობის მომიზეზებით.
ბერძნულად მარხვას ეწოდება νηστεία, რაც სრულ უჭმელობას ნიშნავს. ხოლო მარხვის ის გააზრება, რაც გვაქვს დღეს, როცა კერძის წარმომავლობას ვაქცევთ ყურადღებას, მამათა წარმოდგენაში არის დიეტა. როცა საუბარია იმაზე, რომ „მარხულობა არა იქმნების“, ლაპარაკია სრული უჭმელობის გაუქმებაზე. მაგრამ რას მივირთმევთ, ეს კიდევ სხვა საკითხია. თანამედროვე მსახურებაში შეიმჩნევა გაუკუღმართება, როცა ცისკარი ილოცება საღამოს და მწუხრი, რიგ შემთხვევაში დილით. სინამდვილეში კი ნათლისღების მწუხრი ტიპიკონურად უნდა ილოცებოდეს საღამოს. თუ არ არის შაბათი ან კვირა, არამედ სადაგი დღე, მწუხრს მოებმის წმ. ბასილი დიდის წირვა. მანამდე კი მორწმუნე არ იღებს საკვებს და ამას ეწოდება მარხულობა.
დავუკვირდეთ, რა წერია სადღესასწაულოში: „უკეთუ დაემთხვიოს მწუხრი ღმრთისგანცხადებისა შაბათსა ანუ კვირიაკესა, მარხულობა არა იქმნების, და დასდებელი სამეუფო ჟამნისა თჳსისა საკითხავითა შაბათსა და კვირიაკესა არა იქმნების, არამედ ითქმის ჟამნი სამეუფო პირველადვე პარასკევსა ჩვეულებისაებრ, ვითარცა ხოლო ბრძანებულ_არს რიგზედ... და მას დღესა ვჰსჭამთ ყუელსა და კუერცხსა.“ თუ ნათლისღება ემთხვევა კვირას ან ორშაბათს, წინადღესასწაული იქნება შესაბამისად შაბათს ან კვირას. ასეთ დღეებში სამეუფო ჟამნები იკითხება წინა პარსკევს, და არა ნათლისღების წინადღეს. პარასკევს კი ამ პერიოდში თავისდავად ხსნილია. სწორედ ამ პარსკევის გახსნილებაზეა აქ საუბარი და არა წინადღის მარხვის გაუქმებაზე.
რას ნიშნავს „უკეთუ დაემთხვიოს მწუხრი ღმრთისგანცხადებისა შაბათსა ანუ კვირიაკესა, მარხულობა არა იქმნების“? ამის განმარტებას აქვე ვხვდებით სადღესასწაულოში: „ხოლო შემდგომად განტევებისა ლიტურღიისა [იგულისმხება შაბათსა და კვირას], მჰსჭამთ განატეხსა და ვსვუამთ ორთა ფიალთა ღვინოსა. ხოლო შემდგომად მწუხრის განტევებისა, ვჰსჭამთ ზეთითა ზავებულსა. ხოლო კუერცხსა, და ყუელსა, და თევზსა ნურავინ იკადრებს ჴმევად.“ როგორც ვხედავთ, წინადღე არის შაბათი ან კვირა, ტიპიკონი გვიწესებს წირვის მერე პურის (განატეხის) ჭამას და მცირეოდენ ღვინოს ლოცვითი შრომის გამო. სწორედ ამიტომ წერია „მარხულობა არა იქმნების“. შემდეგ კი, როცა საღამოს ილოცება მწუხრი, დაიშვება ზეთით გახსნილება. სახსნილო საჭმელს კი „ნურავინ იკადრებს ჴმევად.“ თანამედროვე სამრევლო პრაქტიკაში მწუხრი დილითვე მოებმის წირვას შაბათსა და კვირას და ფაქტობრივად ზეთით ვიხსნილებთ. ოღონდ, არა კვერცხით, ყველით ან თევზით.
სადღესასწაულოს განმარტებითი ჩანაწერი შეიძლებოდა უფრო დალაგებულად, დაღეჭილად ყოფილიყო მოცემული, მაგრამ ისეც არ არის, რომ არსი ვერ გავიგოთ.