27 November 2024

ნუთუ კვლავ ათეიზმი?!

ჩვენი თაობა სრულ ათეიზმში, იძულებით ათეიზმში იზრდებოდა, როცა არც წიგნი მოიპოვებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე და არც მთქმელი იყო ვინმე. დიდად სანუგეშო და სულისთვის რაიმეს მომცემი არც მათთან ურთიერთობა იყო, ვინც წელიწადში ერთი-ორჯერ ეკლესიაში მივიდოდა სანთლის დასანთებად, ცხვარსა თუ ფრინველს წირავდა, კვერცხს შეღებავდა, საკურთხებს დგამდა სახლში. მახსოვს სიცარიელის განცდა, რომელსაც ვერაფერი ავსებდა.
90-იანებიდან, როცა რელიგია, ეკლესიურობა აკძალვის ველიდან გამოვიდა, ეკლესიისთვის გაიღო სკოლის კარები, ახალგაზრდულმა ცნობისმოყვარეობად ხარბად იწყო ახალი მსოფლმხედველობის შესრუტვა და შეთვისება. მართალია, ყველა როდი გახდა ქრისტეანი შინაგანი წყობით, მაგრამ იყო ინტერესი, იყო ფიქრი. შემდეგ ულტრალიბერალიზმმა გაიმარჯვა და სკოლა დაიხურა რელიგიისთვის. სარწმუნოებრივ საკითხებზე საუბარს ინდოკტრინაცია ეწოდა. ცხადია, ეს დიდი გეგმის ‒ უეროვნო და ურელიგიო მასის შექმნის გლობალისტური გეგმის ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ვითარება გრძელდება დღესაც და ეკლეიისა და სკოლის ურთიერთობა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. მიზანი იგივე რჩება: ახალი ადამიანი ეროვნებისა და სარწმუნოების გარეშე.
გამაოგნებელია კონტრასტი, რომელსაც ვხედავთ თაობათა შედარებისას. თუ ადრე ბავშვებთან შეხვედრისას გაუთავებლად მოდიოდა კითხვები, დღეს შეიძლება 100-მდე ახალგაზრდა იყოს შეკრებილი და 2-3-ს ჰქონდეს შეკითხვა. სულიერი ცხოვრება ბურუსით მოცულ, განყენებულ თემად ექცათ. ფაქტობრივად, დღევანდელი თაობა ნებსით ათეისტებად იზრდება, ‒ არავინ კრძალავს, მაგრამ ისეთ გარემოებაში ვზრდით, ისეთ საცდურებს ვაგემებთ, იმდენად ვაშორებთ ღირებულს, რომ უნარი სარწმუნოებრივ საკითხებზე ფიქრისა უფრო და უფრო უკნინდებათ. ტიკტოკის თაობა, რომელსაც, გამონაკლისების გარდა, უკვე არ აქვს უნარი დაფიქრდეს საკითხებზე, რომლებიც აყალიბებენ მასში უმნიშვნელოვანეს საფუძვლებს ზნეობისა, მსოფლმხედველობისა. აკადემიკოსი ავლიპ ზურაბიშვილი ბრძანებდა, რომ ადამიანი პირველ რიგში არის „homo moralis“. არა „homo sapiens“, როგორც ამას ათეისტები გვასწავლიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებას ადამიანად ვერ აქცევს მხოლოდ ჭკუა, არამედ კიდევ სხვა რამ, რაც არის უმთავრესი. ზნეობა კი ყველა ტრადიციულ საზოგადოებაში უკავშირდება რწმენას და მის გარეშე დედგრადირებს.
ვინ არის დამნაშავე? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი ექნება. ვიღაც ეკლესიისკენ გაიშვერს ხელს, ვიღაც მთავრობისკენ, ვიღაც უცხოელი მენტორებისკენ. მაგრამ სწორი იქნება საკუთარი თავით დავიწყოთ, ვეცადოთ დაფიქრებას, ორგანიზებას, მოქმედებას. სულ რამდენიმე წელი და თუ არა ღმრთის ჩარევა, მოგვევლინება აქტიური თაობა, რომლისთვისაც გაუგებარი თემები იქნება ღმერთი, ზნეობა, ეროვნულობა, სინდისი. ნუ ვინუგეშებთ თავს იმით, რომ კარგი თაობა მოდის. ისინი კარგები იქნებიან, თუ ჩვენ არ დავუშვებთ მათში კეთილი საწყისების ამოძირკვას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით დიდად სანუგეშო არაფერი ჩანს.