– რას ნიშნავს წმიდანობის ფენომენი?
მცნება „წმიდა“, „წმიდანი“ ორგვარი დატვირთვისაა. როცა მაცხოვარი ფეხებს ბანს მოციქულებს, მათ უწოდებს წმიდას (ინ. 13:10), თუმცა ჯერ კიდევ არ გარდამოსულა მათზე სული წმიდა. ასევე, მოციქულები ეკლესიის წევრებს წმიდას უწოდებდნენ (2კორ. 1:1, 8:4, 9:1, 13:12, ტიმ. 5:10 და სხვა). ამ შემთხვევაში „წმიდა“ გულისხმობს ადამიანს, რომელიც მოწოდებულია პიროვნული განწმედისაკენ და მოცემული აქვს გარკვეული სულიერი პოტენციალი საამისოდ, განწმედილია ნათლობით, სულიწმიდის გარდამოსვლით (მირონცხებით), მონიჭებული აქვს საღმრთო საიდუმლოებებსა და მსახურებებში მონაწილეობის უფლება. არის სხვა გააზრება ამ მცნებისა, რომელსაც ვგულისხობთ ჩვენ დღეს – ადამიანი, რომელიც განიწმიდა ცოდვათაგან და შეეძინა ზეციურ ეკლესიას.
შეიძლება ითქვას, რომ წმიდანობა ფენომენიც არის და ნორმაც. დაცემული ადამიანური ბუნების გადასახედიდან უჩვეულო მდომარეობაა, რადგან ადამიანს საკუთარი ძალებით არ ძალუძს განწმედა და სასუფევლის დამკვიდრება. მაგრამ ქრისტეს ჯვარცმითა და აღდგომით განახლებული ადამიანისათვის ნორმაა.
წმიდანობა არის ცოდვისაგან განწმედის, ვნებათაგან განკურნების მდგომარეობა ადამიანისა. ასეთი ადამიანის გული ღაღადებს მსგავსად პავლე მოციქულისა: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალ. 2:20)
წმიდანი ზეცის მოქალაქეა. იგი არის ადამიანი, რომელშიც განცხადდება საღმრთო მადლის მოქმედება, იხილვება მსგავსება ღმრთისა, გამოისახვის ქრისტე. წმიდანში განცხადდება მიღმიერი სამყაროს, ცათა სასუფევლის რეალობა. წმიდა ნიკოლოზის კონდაკში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „შენ ქრისტეს სახარებაჲ აღასრულე“. წმიდანი არის ის ადამიანი, რომლის ცხოვრება ცოცხალი სახარებაა.
წმიდანი არ არის ღმრთაება, არამედ განმღრთობილი ადამიანი, მადლისმიერი ძე ღმრთისა. ამიტომ მის მიწიერ ცხოვრებაში შესაძლოა ვიპოვოთ სისუსტეებიც. მაგრამ მასში ზეობს საღმრთო მოშურნეობა გამოხატული საქმით, უფალი იწირავს მისი გულის სიმხურვალეს და ანიჭებს განწმედასა და განმღრთობას.
– შეიძლება თუ არა, რომ ჩვეულებრივმა ადამინმა მიაღწიოს წმიდანობის მდგომარეობას, თუ ეს მხოლოდ ღვთის რჩეულთა ხვედრია?
„იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5:48) – ასე მოგვიწოდებს მაცხოვარი. ეს არის მოწოდება სიწმიდისაკენ. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იყოს წმიდანი. მეტიც, სასუფეველი ცათა წმიდათა სამყოფელია და მისი დამკვიდრება მხოლოდ წმიდანებს ძალუძთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიწმიდე ცოდვათა მოკვდინების და ვნებათაგან განკურნების მდგომარეობაა, მაცხოვარის ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება სწორედ ჩვენი ცოდვათაგან გამოხსნისათვის აღესრულა, ცხადია, რომ თითოეული ქრისტეანი მოწოდებული შეითვისოს ნაყოფი მსხვერპლისმიერი გამოსყიდვისა, რომელიც აღესრულა გოლგოთაზე. აკი, ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული: „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (1კორ. 6:20).
შესაძლოა, მიუწვდომელად გვეჩვენებოდეს სიწმიდის მდგომარეობა, მაგრამ წმიდანებიც ხომ ჩვენი მსგავსი ადამიანები იყვნენ, იმავე დაცემული ბუნებისა, იგივე სისუსტეების მქონენი. მათ მოინდომეს და ენდნენ ბოლომდე ღმერთს და გამოიხსნა უფალმა. ადამიანის სულიერი სტაგნაცია და გამყინვარება იწყება მაშინ, როცა იგი მცონარებისა თუ ტკბობისმოყვარეობის გამო თავად დაუდებს ზღვარს სულიერ წინსვლას, მოშურნეობას, აქაოდა ერში ვარ, ამდენი არ ძალმიძსო. ასეთი ადამიანი ლოთის ცოლს ემსგავსება. თითქოს კი დააღწია თავი სოდომს და არ წარწყმდა სასიკვდინე ცოდვებით, მაგრამ სიცოცხლე მაინც დაკარგა და მარილის უსულო სვეტად იქცა. დღეს, შესაძლოა ბევრი რამ არ გამოგვდიოდეს, გვძლევდნენ შეძენილი ვნებები, ცოდვითი ჩვევები, მაგრამ მონანულს, ცოდვასთან არშემრიგებელს შეეწევა ღმერთი, გამოატარებს ბრძოლის ცეცხლს და იხსნის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ღმრთისადმი სასოებაზე დამყარებული შეუპოვრობა სულიერ ბრძოლაში, სულგრძელება, მოთმინება, სიმდაბლე. წმიდანებად არ იბადებიან, წმიდანები ხდებიან თავდადებული ბრძოლით. ერთხელ ვცხოვრობთ ამქვეყნად, მერე კი გარდაუვალად გველის საშინელი სამსჯავრო და უცვალებელი მარადისობა – მყოფობა ან წმიდათა დასში, ან წარწყმედილთა შორის.
„ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს“ (1იოანე, 3:3) – მოგვიწოდებს წმიდა მოციქული.
– რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვეთათვის ეკლესიის მიერ ახალი წმიდანის შერაცხვას?
წმიდათა დასი უფრო ვრცელია, ვიდრე ჩვენ წარმოგვდგენია და არ შემოიფარგლება მათით, ვისი სახელები ვიცით. წმიდანად კანონიზაცია ნიშნავს ეკლესიის მიერ საჯაროდ აღიარებას ამათუიმ ადამიანის პირადი სიწმიდისა და მის დაყენებას მაგალითად მებრძოლი ეკლესიის შვილებისათვის. ამრიგად, ახალი წმიდანის შერაცხვა არის ახალი მაგალითის მოყვანა წმიდანობის შესაძლებლობისა, ახალი მასწავლებლისა და გზამკვლევის დაყენება ეკლესიის შვილებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ეს არის წმიდანი, რომელსაც შეხებია თანამედროვე თაობა, მოუსმენია, დამოძღვრილა, მხილებულა მისგან, უნახავს ცოცხალი მაგალითები სახარებისეული ცხოვრებისა.
– ამ მხრივ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა მამა გაბრიელის წმიდანად შერაცხვა, რომელმაც ხალხში ისედაც საყოვეთაო სიყვარული და აღიარება ჰქონდა მოპოვებული?
მამა გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნებაა ქართული ეკლესიისათვის. მისდამი სიყვარული, ნდობა და იმედი ისეთია, რომ არაეკლესიურ, რწმენისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებშიც კი იწვევს რიდს.
მახსოვს, ერთხელ მამა გაბრიელზე ვსაუბრობდით ნეტარხსენებულ მამა ელისესთან (იღ. ელისე (ბელქანია). მან ასეთი რამ თქვა: „ზოგჯერ ხუთი კაცი რომ შევიდოდა მამა გაბრიელთან, შესაძლოა სამი დაბკოლებული გამოსულიყო“. ბრკოლდებოდნენ არა წმიდა მამის ნაკლოვანებით, არამედ ვერდანახვით მისი სიწმიდისა, რომელსაც იგი გულმოდგინედ ფარავდა სალოსის ნიღაბქვეშ. არადა, ადამიანები, რომელთაც გაეგოთ მისი საოცარი საქმეები, სულში წვდომისა და წინასწარმეტყველების ნიჭი, სასწაულს ეძიებდნენ და ნაკლებად – დამოძღვრას. მამა გაბრიელი არის მაგალითი სიმდაბლის სიმაღლისა, უბრალოების აღმატებულობისა, ღმრთის, ქვეყნის, მოყვასის სიყვარულისა. და ეს ყველაფერი არის იმ ადამიანში, რომელიც თითქოს გუშინ გავიდა წუთისოფლიდან, მრავალს ახსოვს, ეიმედება, დღესაც მიმართავს თხოვნით და იღებს შემწეობას. ვფიქრობ, მისი შერაცხვა წმიდანად არის დროული და ძალიან სასიხარულო მოვლენა, რომლის გარდაუვალობაში მრავალი იყო დარწმუნებული და მოუთმენლად ელოდა ამ დღეს.
– ნაწილობრივ სკეპტიკური შეხედულებებიც ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ შერაცხვა საფლავის გახსნის შემდეგ უნდა მომხდარიყო. რა ახსნა აქვს იმას, რომ ეს რიგითობა დაირღვა?
წმიდანად კანონიზაციის დროს ყურადღება ექცევა ადამიანის სარწმუნოებრივ მდგომარეობას, მის ერთგულებას მართალი რწმენის და ეკლესიისადმი, მის ღვაწლსა და სწავლებას, მის სახელთან დაკავშირებულ სასწაულებს. ასევე, წმიდანად შერაცხვისას გარკვეული ყურადღება ექცევა ადამიანის ნეშტის მდგომარეობას. მაგრამ მამა გაბრიელის სიწმიდე ის მოვლენაა, რომელიც დამატებით მტკიცებულებას არ საჭიროებს.
ვერ ვიტყვით, რომ დარღვეულია რიგითობა კანონიზაციასა და საფლავის გახსნასთან დაკავშირებით. მამა გაბრიელის სიწმიდეს მოწმობს მის მიერ აღსრულებული უამრავი სასწაული როგორც მისი ამქვეყნად ყოფნის დროს, ასევე გარდაცვალების შემდგომ. საფლავის გახსნა იმისთვის, რომ უხრწნელად ვიპოვოთ მისი წმიდა ნაწილები საოცრების მაძიებლობაა და არა სიწმიდისა. დავუშვათ, მხოლოდ ძვლის ფრანგმენტები ვნახეთ (რაც არამგონია ასე იყოს). განა ეს შეამცირებს მისი სიწმიდის აღიარებას?! ერთადერთი პირადად ჩემში უხერხულ განცდას იწვევს ის, რომ ასეთი წმიდანის ნაწილები ჯერ კიდევ მიწაში განისვებენ, მაგრამ არ არის შორს მათი აღმოყვანების დღე.
– ჩვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდი, საყოველთაო, ეროვნული დღესასწაული არის ხოლმე დიდი წმიდანების საფლავის გახსნა, რასაც თან ახლავს ძალიან დიდი სასწაულები: კურნებანი, სხვადასხვა შეწევნანი. რამდენადაც მახსოვს, წმ. იოსაფ ბელგოროდელის შესახებ წამიკითხავს მსგავსი რამ. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ მხრივ მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ მისი საფლავის კანდელის ზეთი აქამდეც ძალიან ბევრ სასწაულს აღასრულებდა?
ვიტყოდი, რომ არა მოლოდინი, არამედ ლოცვა უნდა გვქონდეს მის მიმართ. გავიხსენოთ, რას ბრძანებს მაცხოვარი: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს“ (მთ. 12:39). ხომ არ გვინდა ჩვენც ასე გვიწოდოს ღმერთმა?! სასწაულის მოლოდინი ცდუნების წინა მდგომარეობაა და ძალიან საშიშია. დაველოდოთ! ლაზარე მკვდრეთით აღადგინა უფალმა, მაგრამ რა – როცა მოიწია ჟამი, იგი მოწამეობრივად აღესრულა, დატოვა წუთისოფელი. რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს მამა გაბრიელთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს მთავარი! საოცარი მოვლენა მაშინ არის ჩვენთვის სასწაული, როცა მისით რაღაც მნიშვნელოვანი გვესწავლება, – ისეთი, რაც გვჭირდება ცხოვნებისათვის. თუ ეს არის კურნების სასწაული, ამან ზეციურ მკურნალზე უნდა დაგვაფიქროს, რათა არ ვიქცეთ სასწაულთა „მომხმარებლებად“. ამმხრივ მამა გაბრიელის ცხოვრება არანაკლები სასწაულია, ვიდრე მის წმიდა საფლავთან აღსრულებული სასწაულები.
– თავად თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ აწ უკვე ღირსი და სალოსი გაბრიელ ბერის მიმართ და რამე საინტერესოს ხომ არ გაიხსენებდით მისი ცხოვრებიდან.
ჩემს დამოკიდებულებას რაც შეეხება, მას ერთი სიტყვით გამოვხატავდი: სინანული. ძალიან გვჭირდება დამოძღვრა, მხილება ნაკლოვანებათა და ცოცხალი მაგალითები ქრისტეანობისა. მჯერა, რომ მამა გაბრიელი მეოხია ჩვენთვის ღმრთის წინაშე და ამავდროულად, შესაძლოა კაცობრივი სისუსტის გამო მაქვს დანანების განცდა, რომ უშუალო ურთიერთობა გვაკლია მასთან.
ალბათ, ძნელად მოიძებნება ქართველი ქრისტეანი, რომელსაც არ ექნება მამა გაბრიელთან მიმართებაში რაღაც მოსაგონარი. არაერთი სასწაული, მის სახელთან დაკავშირებული აღსრულებულა ჩემს ახლობელთა შორისაც. უამრავი რამ საგულისხმოა მის ცხოვრებაში, მაგრამ გამოკვეთილად ერთს ვერ გავიხსენებ, რადგან მყისვე სხვა მაგონდება. დღეს მამა გაბრიელის სახელი ასოცირდება მის მიერ სიყვარულის ქადაგებასთან. მაგრამ მეტად გვჭირდება დაფიქრება იმაზე, როგორი თავდადების ფასად მოიპოვა მან ეს უმაღლესი ნიჭი – სიყვარული. მამა გაბრიელი არის სულიერი შვილი და მემკვიდრე ბეთანიელი მამებისა. მინდა შევთხოვო ღირს მამას, გვიოხოს ღმრთის წინაშე, რათა აღდგეს და გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში სულიერი მამაშვილობის, მემკვიდრეობითობის ტრადიცია, განმტკიცდეს მონაზონთა დასი, როგორც წინახაზი სულიერი ბრძოლისა, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა სიცრუის, სიყალბის, უზნეობის, უსჯულოების ზეობისაგან.
ესაუბრა ხათუნა საგინაშვილი