ქრისტეანის
დღე ჩვეულებრივად ძილისწინა ლოცვებით სრულდება, რომელთა არსი არის
განვლილი დღის შეცოდებებისთვის შენდობის თხოვნა ღმრთისაგან და ვედრება
შემომავალ ღამეს მშვიდობით დაცვისათვის.
ახალი კალენდარული წლის
დასაწყისი განვლილი წლის „საღამოთი“ იწყება და ქრისტეანთათვის უნდა იქცეს
საბაბად განვლილ წელზე დაფიქრების, იმ შეცოდებათა შენანების, რომლითაც
აღიბეჭდა მილევადი წელიწადი, უფლისადმი ვედრების, რათა დაიცვას შემდგომ
კალენდარულ პერიოდში, საბაბად იმისა, რომ მტკიცედ გადაწყვიტოს სინდისის
შემაწუხებელი იმ ქცევების არგამეორება, აზრების შეუწყნარებლობა, რომლებიც
აშფოთებენ სულს და საუკუნო სასჯელს უქადიან.
მაგრამ, რას ვხედავთ?!
„ახალი წელი მოგვიტანს...“ რას მოგვიტანს? იმას, რაც ვთესეთ გასულ წელს, თუ
რაც სიზმრებრივ გვეოცნებება? „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი
მომოვალისა“ – ბრძანებს ლაიბნიცი. თუ გვინდა გვეიმედებოდეს ხვალინდელი დღე,
დღესვე უნდა გადავწყვიტოთ შეცვლა, სინანული, განწმედა და არ დაველოდოთ,
როდის შობს „ახალი წელი“ ნათელ ხვალინდელობას. ახალი წელი არც სულია, არც
პიროვნება, არც ბუნებრივი მოვლენა. ის წრფივი დროის მომდევნო მონაკვეთის
ათვლის წერტილია და მხოლოდ დროის ნიშნულით აღბეჭდავს ჩვენს შინაგან
მდგომარობას. მაგრამ, როგორ გვჯერა დიდებს ზღაპრების?! გვინდა გვჯეროდეს,
ისე გვინდა, რომ ვიჯერებთ კიდევაც. და, იმისათვის, რომ არ გაგვეღვიძოს,
კოლექტიური ეიფორიის სახეს ვაძლევთ, ვზეიმობთ, მრისხანეთ უკუვაგდებთ
ყველასა და ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის და, ამავდროულად, არც კი ვიცით რას
ვზეიმობთ. ვერ ვგულისხმაყოფთ, რომ კიდევ ერთი წლით ნაკლები გვჩება.
გიხაროდეს დროის გასვლა – განა აუგუნურება არ არის?! მრავალი ადამიანი,
რომელთა საფლავის ქვას „2013“ დაეწერა, ასევე იმედით ხვდებოდა შემომავალ
წელს და არ უფიქრია, ვინ ვარ, საით მივდივარ, რა ვიქნები. ჭეშმარიტი,
წარუვალი სიხარული შეუძლებელია მოწყვეტილი იყოს რეალობას, ოცნებისეული კი
ისევე წარმავალია, როგორც განთიადის ნისლი.
„ყოველი ნიჭი კეთილი
ზეგარდამო არს შთამომავალი მამისაგან ნათლისა“ – ამ სიტყვებით ამთავრეს
მღვდელი ლიტურგიას. თუ ზეგარდამო გადმოდის ყოველი სიკეთე – ქრისტეანებმა კი
ვიცით, რომ ასეა – გონივრული იქნებოდა ისე შევხვედრილიყავით წლის, თვის,
დღის დასაწყისს, რომ დრო ჩვენი შემოქმედისაკენ სწრაფვით აღიბეჭდოს. გონიერი
ადაიანისთვის ახალი კალენდარული პერიოდი, როდესაც არ უნდა იწყებდეს მას,
არის ჟამი სინანულისა, ლოცვისა, იმედის ღმერთზე დადებისა. ასეთისთვის
ყოველი დღე „ახალი წელია“.
„სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ
შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა
შეიწყნარეს“ (ინ.1:10,11) – ბრძანებს წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი ქრისტე
მაცხოვარზე. სოფელმა ვერ იცნო ქრისტე, ვერ იცნო ჭეშმარიტი სიხარული, ხსნა,
მარადიული ცხოვრება და ისღა დარჩენია იმედი ზღაპრისა ქონდეს. მაგრამ, ჩვენ,
ქრისტეანები, რომლებიც მის მოიმედეებს ვუწოდებთ თავს, ვცნობთ კი მას? ხომ
არ მოხდება ისე, რომ სიტყვები „თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ ჩვენც შეგვეხება?
მესმის, რატომ აღინიშნება მასწავლებლის დღე – იმისთვის, რომ პატივი
მივაგოთ მასწავლებლებს. მესმის, რატომ აღვნიშნავთ პოლიციის დღეს,
მესაზღვრეს დღეს და კიდევ მრავალს. მაგრამ რა სასიხარულო, საიმედო მოვლენას
ვიხსენებთ 1 იანვარს, ვის ხსენებას ვდღესასწაულობთ?! როცა რაღაც
დღესასწაული დიდხანს აღინიშნება, მისი ზეიმობა ჩვევად გვექცევა და, თითქოს
აქსიომატურია, რომ ამ დღეს უნდა გვიხაროდეს. რა და რისთვის? იმისთვის, რომ
დაგვებედოს სიხარული, იმისთვის რომ აღგვისრულდეს იმედი, იმისთვის...
„სოფელსა შინა იყო.., სოფელმან იგი ვერ იცნა“ და გამოიგონა ახალი ზეიმები.
განა
იმას ვამბობ, რომ არ აღვნიშნოთ კალენდრის დასაწყისი, მაგრამ უფრო
გონივრულად აღვნიშნოთ, არა ისე, როგორც წუთისოფელი, – როგორც ქრისტეანებმა,
განვლილზე დაფიქრებით, ლოცვითა და მარხვით, ღმრთის და არა კალენდარული
თარიღის იმედით.
ყოველი საერო ახალი წლის მისადგომებზე აქტიურდებიან
ფსევდოეკლესიური ლიბერალ-რეფორმატორები, დიდად დადარდიანებულნი ეკლესიური
კალენდრის ცდომილებით „გვამხელენ“, დროსა და სიტყვებს არ იშურებენ
„ბნელების“ განსანათლებლად. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს:
საყოველთაო აღტაცებაში ისე მონაწილეობა, რომ სინდისმა ვერ გვამხილოს
დარღვეულ მარხვაში. „გადავუწიოთ მარხვას, თუ ის გვიშლის ზეიმში, მით უფრო,
ნახეთ, მცდარია ეკლესიის კალენდარი“. მაგრამ არა, მცდარი არა ეკლესიის
კალენდარია, არამედ ის მიდგომა, რომლითაც გვსურს ზეიმობა, იმის დავიწყება,
რომ ქრისტეანთათვის წუთისოფელში უმთავრესი ჯვრისმტვირთველობაა, რომ
ქრისტეანის სულის ჯანსაღი მდგომარეობის მაუწყებელი სინანულია. უფალი უხვად
გვივლენს სიხარულს, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ – სულზე
ვზრუნავთ.
იყო დრო, როცა სამყაროს ქრისტეანულ ნაწილში, რომელიც
ამავდროულად იყო ცივილებული ნაწილი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული
იყო შობა, რომელიც სრულდებოდა წინადაცვეთით (მას ემთხვეოდა საერო ახალი
წელიც). სოციალისტურ ქვეყნებში სახელწიფოთა ახალ სტილზე გადასვლის შემდეგ
ახალი წელი იქცა მძლავრ საშუალებად გადაფარულიყო და დავიწყებას მისცემოდა
შობა ქრისტესი. თაობების მანძილზე წლითიწლად განმეორებული დღესასწაული
ტრადიციად იქცა. არ ვართ თითქოს სოციალისტური ქვეყანა, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ „თავისუფალი“ სამყაროსთვისაც მეტად ხელსაყრელი ყოფილა ქრისტეს
დავიწყება. მეტიც, დასავლეთი დღეს გამალებით ეწევა კომუნისტებს ათეიზმის
ზეობაში. არ არის გასაკვირი ახალი წლის ასეთი მაშტაბით ზეიმობა, მაგრამ,
ვისაც გვსურს ცხოვნება, გვმართებს დაფიქრება: სად მივემართებით?
არავის
არაფერში არ ვამხელ, არ ვარწმუნებ, არ მოვუწოდებ. ზემოთქმული მხოლოდ
მათთვის ითქმის, ვისთან სულიერი ერთობა მაკავშირებს და, ზოგჯერ, ვერ არიან
ქრისტეანობის მოწოდების სიმაღლეზე.
ქრისტე არს ჩვენ შორის.