რამდენიმე თვის წინ youtube-ში რაღაც ფილმის თრეილერი გამომივიდა, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, არაფრად ღირებული ფილმის. არც გამახსენდებოდა, რომ არა ფრაზა ფილმიდან: „დიჯეის ამოცანაა გათიშოს ტვინი და ჩართოს სხეული“. რა ეწოდება მდგომარეობას, როცა ითიშება ტვინი და გონება, ყველამ ვიცით. გონებას მოკლებული სხეულის მოქმედებასაც აქვს თავისი სახელი. მაგრამ, რა ეწოდება ადამიანს, რომელიც ქმნის ამ მდგომარეობას, რა ეწოდება ხალხს, რომელიც არის ამის სულისჩამდგმელი ან ხელშემწყობი?
სამიოდე დღეში ამ ხალხს ჯემფესტად წოდებული ერთთვიანი ზეიმობა ეწყება. ყველას თავისი მოგება აქვს: მესვეურებს ფული, მონაწილეებს – საშუალება იგიჟონ, გაითიშონ და მიეცნენ ვნებებს. რას იგებს ერი, რას ავლენს და რა დარჩება?
ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა მთავარ საზომად ქვეყნის წინსვლისა იქცა ფული და მოიხსნა ყოველგვარი ფილტრი, რომლითაც იყოფა ზნეობა და უზნეობა, ღირებული და იაფფასიანი.
ფესტივალი, ელექტრონული მუსიკა – ისე ჩანს სახელწოდებიდან, თითქოს რაღაც დიდი ზეიმი გველოდეს. მუსიკა დღეს ძირითადად ელექტრონულია, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქმნება და ჟღერს. აქ კი საქმე საკლუბო მუსიკასთან გვაქვს, რომლის მთავარი მიზანი აღგზნებისა და ეიფორიის გამოწვევაა (ამისთვის ხშირად ფსიკოტროპული საშუალებებიცა გამოიყენება, როგორც ეს იყო წინა წლებში, როგორც არის ეს საკლუბო პრაქტიკაში). ფაქტობრივად, ეს ე.წ. ფესტივალი არის ერთთვიანი ღამის კლუბი ზღვის სანაპიროს ვრცელ ტერიტორიაზე მუსიკით, რომელიც მეორე დღეს უკვე არავის ახსოვს, რომლის მერე კიდევ უფრო იკუმშება ის ღირებული, რაც ჩარჩა ახალ თაობაში.
ყოველი ერი კულტურაში გამოხატავს საკუთარ თავს, ფასეულობებს, მიზნებს. ქართველმა ერმა შექმნა კულტურა, რომლის მსგავსით ვერ დაიკვეხნის მრავალი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ერი. ეს მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, სახეა, რომლითაც იცნობა ჩვენი ერი. ჩვენს ერს აღმოაჩნდა ნიჭი და შექმნა მუსიკა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა კაცობრიობამ, რომ მსოფლიო კულტურის საგანძურში ერთ-ერთი ღირსეული ადგილი მიაკუთვნა. ეს მუსიკა და, ზოგადად, კულტურა ამავდროულად ერის თვითშენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაც არის. თაობას, რომელიც აღიზრდება წინაპართა ჰანგებზე, მეტად ესმის მათი სულის, მიმღებია მათი ღირებულებების, გამაგრძელებელია მათი მისიის. ასეთი თაობა უფრო ჯანსაღია სულითაც. საკმარისია ადამიანი მოწყვიტო მშობლიურ კულტურას და იგი კარგავს ეროვნულ თვითშეგრძნებას – განცდას იმისა, რომ ეკუთვნის კონკრეტულ ეთნოსს.
როცა ერში წყდება კულტურის განვითარება, ეს მანიშნებელია ერის გაყინვისა და უკუსვლისა. რას ქმნის დღეს ქართველი ერი ისეთს, რაც, სავარაუდოდ, გაუძლებს ჟამთასვლას და არ გახუნდება, რამენად გვესმის, ვიცავთ და ვინარჩუნებთ იმას, რაც დღემდე შექმნილა?!
გარდა ეროვნულისა, არის კიდევ კულტურა ზოგადსაკოცობრიო, ღირებულებები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანს დარჩეს ადამიანად და არ იქცეს ბრბოს, ანუ ჯოგის წევრად. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ კლასიკური მუსიკა, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას თანამედროვეობის დიდი მოღვაწე მამა სერაფიმე (როუზი). კლასიკური მუსიკა ვერ გაქცევს ანგელოზად, მაგრამ არ მიგიშვებს გახდე ცხოველი.
არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ფესტივალები უნდა აიკრძალოს, არ იქნას დაშვებული და ა.შ., – არ არის ეს გამოსავალი და საბჭოური მეთოდია; საკმარისია დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. საგანგაშო ის არის, რომ ღირებული საპირწონი არ აქვს ამ გამართობელ და არაფრისმომცემ ღონისძიებას, რომელიც, ისედაც გაპარტახებულ შინაგან სამყაროს თანამედროვე ადამიანისა კიდევ უფრო უკნინებს უნარს ღირებულის აღქმისა. ვერ ანაზღაურდება ეს ზიანი იმ ფულით, რომლის შემოსვლას იმედოვნებს მავანი. საგანგაშოა, როცა ასეთ ფესტივალს კულტურული მოვლენა ეწოდება, როცა ფსევდოკულტურა ყვავის ქვეყანაში, ფასეულისთვის კი მრავალს არ ცალია, ხოლო, ვისაც ცალია – სახსრები არ აქვს. არადა, შეიძლება მოეწყოს ისე, რომ გართობა და დასვენება რაღაც ღირებულს შეერწყას. არის ამის ნიჭი და უნარი საქართველოში.