ყოველთვის, როცა რაღაც უარყოფითს ვახსენებ, ვეკითხები საკუთარ თავს: იქნებ ჯობდეს არ დავწერო, იქნებ უნაყოფოდ ვამძიმებ სხვას ამდენი უარყოფითით. ადამიანს, მით უფრო თანამედროვეს, დაძაბულს, ბორბალში მორბენალ ციყვს დამსგავსებულს, ცხოვრების სწრაფცვალებადობით იმედშესუსტებულს ენატრება რაღაც სასიამოვნო, სასიხარულო, დამაიმედებელი, ისეთი, რაც თუნდაც რამდენიმე წუთით მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სასიამოვნოს კი ყოველთვის მოძებნის კაცი: ხან მეხსიერების სკივრში, ხან გარემოში, ხან იმ კეთილ ადამიანებში, რომებლიც ჯერ კიდევ შემორჩენია წუთისოფეს.
„ჟამი არს ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ“ (ეკლ.3:4) – ბრძანებს ბრძენი სოლომონი. მთელი ისტორია კაცობრიობისა არის ერთი დიდი ომი. ომი სიკეთესა და ბოროტებას, სიყვარულსა და ანგარებას, ღმრთისმოშიშებასა და უკძალველობას შორის. ალაგ-ალაგ, დროდადრო ეს ომი იარაღით შერკინებებში იფეთქებს, ხშირად ღირებულებათა დაპირიპირების სახით ღვივის, არასდროს წყდება ადამიანში, თუ მას აქვს სწრაფვა ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ. როცა მწვავდება ომი, ექმნება საფრხე ქვეყანას ხორციელი მტრისა თუ უკეთური ფასეულბების შემოტევით, არ არის „ჟამი სიცილისაჲ,.. ჟამი როკვისაჲ“. ეს ის დროა, როც მტერს მტერი უნდა უწოდო, გაერთიანდე მოყვასთან, აისხა იარაღი – ნივთიერი თუ სულიერი.
ომს ერთი სულიერი საშიშროება ახლავს: ადამიანები ადვილად ვერთიანდებით ვიღაცის წინააღმდეგ, მაგრამ უფრო ძნელად – ვიღაცის ან რაღაცის სიყვარულით. ძალიან ხშირად გამოიყენება ეს თვისება ხალხის სამართავად და საბოლოო შედეგები ყოველთვის აზიანებს ერსა და პიროვნებებს. თუ ვერ შევამჩნიეთ წყალგამყოფი ჩვენს ქმედებათა მიზეზებში, ძალიან ადვილად გვეუფლება „მამხილებელი სული“, მოტივატორად მტრისადმი სიძულვილი გვექცევა, ვმტკიცდებით საკუთარი სიმართლის განცდასა და, ლამის, მესიანურ თვითშეგრძნებაში. ყოველთვის გვმართებს დაფიქრება და სულში ჩახედვა, როცა ნაკლოვანებაზე ვამბობთ რამეს.
ჩვენი ერის უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფურცელია აფხაზეთის ომი. ბევრი მწარე მოსაგონარი დაგვიტოვა. ძალიან მწარედ ჩამრჩა ერთი რამ: ტელეეკრანებზე ომის ამბებს ენაცვლებოდა შოპ-ტურების რეკლამები. ახლაც ჩამესმის დუბაის შოპ-ტურის გაუთავებელი რეკლამა. ვიღაც იბრძოდა და სისხლს ღვრიდა, ვიღაც კი სავაჭროდ გარბოდა და ცხოვრებას ილამაზებდა. რამდენჯერ მინახავს ბაზარში გასაყიდად აფხაზეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, – მავანი გვარიანად ითბობდა ხელს. არ ჰქონდა ერს ერთობა, ვერ აცნობიერებდა, რას კარგავდა, შიდა დაპირიპირებისთვის ეცალა, – ვერ გაგვაერთიანა მტერმაც კი.
დღესაც ომია საქართველოში, ომი, რომელშიც ტყვიებს არ ისვრიან, მაგრამ, თუ არ გავიღვიძეთ, შედეგი უარესი დაგვიდგება. დამპყრობელთან ომში შეიძლება დაკარგო მიწა-წყალი, მაგრამ გრჩება ის, რის გამო ერი გეწოდება. ფასეულობათა ომში დამარცხებით კი ის გეკარგება, რის გარეშე არსებობა არ ღირს. დღეს გვაქვს ომი იმის წინააღმდეგ, რამაც შექმნა და შემოინახა ქვეყანა – მისი ტრადიციული ღირებულებების, წარსულისა და დანიშნულების წინააღმდეგ. ამ ომში უკვე უამრავი დაჭრილი და დაღუპულია – ისინი, ვისაც ვერ გაურკვევია ვინ არის, რა ერის, რა სქესის, რა ზნეობის, ისინი, ვის სულში უკვე არ ცოცხლობს საქართველო, ვისაც არ ესმის წინაპრების და, შესაბამისად, ვერც მომავალი ექნება ღირსეული, ვის მთავარ საზომად მაძღარი ცხოვრება ქცეულა. დღესაც გაბრუებულია ჩვენი ერი იმ სიამეთა მირაჟებით, რასაც ხატავენ მასმედია და პოლიტიკოსები. მივისწრაფით ამ დახატული სიამეებისაკენ და ვერ ვხვდებით, რომ გზადაგზა მარგალიტებს ვაბნევთ.
ყველაზე შემაშფოთებელი არის უგრძნობლობა იმის მიმართ, რაც ხდება. ყნოსვა დაგვეკარგა და სიმყრალეს ვერ ვგძნობთ. ვერ ვამჩნევთ, რომ ავკარგიანობის საზომები შეგვეცვალა, რომ ვცხოვრობთ სხვათა მიერ ოსტატურად თავსმოხვეული წესებით, არ გვაინტერესებს წარსული და ასე გვინდა ავაშენოთ ნათელი მომავალი. მტრად მხოლოდ მას მივიჩნევთ, ვინც ჩვენს მიწას, ქონებას ან ვნებით ცხოვრების უფლებას ემუქრება, მაგრამ ვივიწყებთ მათ, ვინც შემოგვინახა ყოველივე ღირებული. გასაოცარია, მაგრამ ჩვენმა შვილება არაფერი იციან არათუ შორებული წარსულის, იმ გარემოსა და წყობის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. წარსულის დამვიწყებელს კი ვერ ექნება მომავალი.
ათასები იკრიბებიან პარტიების დაძახილზე. მაგრამ, რატომ მხოლოდ ერთეულთა მხრებზე გადადის იმის შენარჩუენება, რაც ყველაზე ძვირფასია ქარველობაში? რატომ არ გამოდის ქართველობა, როცა შვილების სკოლაშივე გარყვნას ლამობენ, როცა სახელმწიფო მფარველობას უცხადებს გარყვნილებას და ნორმად მიიჩნევს, როცა მიზანმიმართულად მიდის ერის მოწყვეტა მისი წარსულისგან, როცა შეთანხმებულად ებრძვიან ეკლესიას, თითქოს გუშინ შექმნილი და ერისთვის უცხო კრებული იყოს?
1978 წელს, სულ რაღაც ორმოციოდ წლის წინ ტოტალიტარულ ქვეყანაში მოახერხა ქართველობამ, რომ ხმა აღემაღლა ქართული ენის დაკნინების წინააღმდეგ. დღეს, თავისუფალ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანი ვკარგავთ – ეროვნული თვითშეგნებას, მაგრამ მხოლოდ ერთეულთა ხმა ისიმის.
დიდი ნაწილი თანამედროვე ქართველი ერისა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობისა, უკვე ვერ არის მიმღები ეროვნული ცნობიერებისა, არ ესმის მისი არსი. მათთვის, ვინც აღიზარდა და განიმსჭვალა ლიბერალური იდეით პირადი გულისთქმებით ცხოვრების უფლების ერის საჭიროებაზე აღმატებულობისა და ჩამოყალიბდა გედონისტური ცნობიერებით, პირადი ტკბობა, უსაფრთხოება, ამბიციის გამოვლენის შესაძლებლობა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ტრადიციის გააზრება, ერის ცხოვრების ისტროიული გზის უწყვეტობაში მონაწილეობა. მათთვის არ არის განსხვავება ერისა და მოსახლეობის ცნებებს შორის. მათ პროტესტს ეგოიზმის გარედან შებოჭვის შიში უფრო განაპირობებს, ვიდრე ერის ცხოვრების უმჯობესისაკენ წარმართვის სურვილი. მათთვის უცხო და გაუგებარია ლევან გოთუას სიტყვები: „მრავალმა ერის აგურობა უნდა გასწიოს“. ამიტომაც არ აქვთ მათ პროტესტი, როცა ქვეყანაში როგორც ნორმა ინერეგება სოდომია, ნარკომანია, როცა მავანი ქვეყნის განვითარების პირობად მიწა-წყლის გაყიდვას ხედავს. მათი უმრავლესობა სულაც არ არის გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრების ან ნარკომანიის აპოლოგეტი. ის მსოფლმხედველობა, რომელიც არ ზღუდავს მათ ეგოს, საჭიროებს ამ ყველაფრის დაშვებას და ისინიც თმობენ. ადამიანის ღირსების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანთვისება – უნარი შეწიროს თავი ერს, ქვეყანას, გაუგებარი და უცხოა მათთვის. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ადამიანი არ დაივალდებულებს თავს შვილთა სიმრავლით, – ისინი ხომ ხელს უშლიან ერთხელ მოცემული ცხოვრებით ტკბობაში. ერთი, დიდი-დიდი ორი (თუ გაეპარათ) და მორჩა, მეტი შვილი არ ჭირდებათ. ხშირად გაიგებ მათგან წუწუნს საკუთარ ერზე, აუგად ხსენებას ჩვენი „ჩამორჩენილობისა“. მათი პირი უცხოეთს უმზერს, განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მეტად არის საშუალება საკუთარის დაკმაყოფილებისა. დიდი სასწაული უნდა მოხდეს, რომ არსებული ზნეობრივი მდგომარეობის, გაბატონებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ხედვებისა და თანამედროვეთა პიროვნული ღირებულებების ფონზე ერის გადამრჩენელმა იდეამ გაიმარჯვოს. თანამედროვე ქართველთა დიდ ნაწილს უბრალოდ არ ჭირდება ყოველივე ეს. მეორე გზა კი განსაცდელის გზაა. წარსულის დამვიწყებელს მის შემხსენებელად ხშირად წარსულის ჭირ-ვარამი უბრუნდება.
ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები: „ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და ისრაელი მე არა მერჩდა. და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაჲსა, რაჲთა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არარაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი. მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ.“ (ფს. 80:12-16) საშინელი სიტყვებია, შემაგონებელი. მით უფრო, რომ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებაც ვიხილეთ. ეცრუა ისრაელი ღმერთს. არ დაემორჩილა და განაჩენად მიიღო, ალბათ, ყველაზე საშინელი წყევლა, რაც თქმლა ოდესმე: „განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაჲსა“ – მიმიშშვია გულისთქმისაებრ. როცა ერი სცოდავს, უფალი თავისი კაცთმოყვარებით უვლენს ჭირს, რათა გამოიღვიძონ, არც ამქვეყნად წაიშალონ და არც მარადისობაში წარწყმდნენ. მაგრამ, ერს, რომელიც ჯიუტად ივიწყებს ღმრთის მცნებას, ადგება კაცობრივი გულისთქმით ცხოვრების გზას, უფალი მიუშვებს. ამ სიჯიუტით და მიშვებით ისრელმა ვერ იცნა ძე ღმრთისა, ჯვარს გააკრა, დაისაჯა გაფანტვით და მხოლოდ ჟამთა აღასრულის მოახლოებისას მიეცა სახელმწიფოებრიობის უფლება ანტიქრისტეს მოსვლის მოსამზადებლად. ისრაელის ისტორია გაკვეთილია ყველა ერისთვის, მით უფრო ქრისტეს მიმღები ერისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მიგვიშვას ჩვენი სიჯიუტისა და ჩაძინებულობისამებრ.
წმ. იერემია წინასწარმეტყველის პირით უფალი ბრძანებს: „ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.“ (იერ. 18:9,10) თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ბრძანებს ღმერთი – ვიტყვი რომელიმე სამეფოს აღშენებასა და განმტკიცებას, მაგრამ, თუ ბოროტად მოიქცევიან ჩემდამი ურჩობით, შევიცვლი ჩემს განგებულებას, რომლითაც აღვუთქვამდი სიკეთეს. გვიყვარს ქართველებს ივერიის გაბრწყინვებაზე საუბარი, მაგრამ უპირობოდ არაფერს აღგვითქვამს უფალი. თუ გაბრწინვებაში ღირსეულ ცხოვრებას ვგულისხმობთ და არა მხოლოდ მაძღარს, ასეთი მხოლოდ ჭეშმარიტებით ცხოვრებას მოჰყვება.
ჰოდა, ამ ყველაფრის შემყურე ვერ ჩერდები, ცდილობ გააგონო თუნდაც ახლომყოფებს. „ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ“ (ეკლ. 3:7) ახლა ნამდვილად არ არის დუმილის ჟამი.