„ძალუძს ღმერთს მყისვე შეწყვიტოს უბედურებანი, მაგრამ არ გვაშორებს
მწუხარებას, სანამ არ ნახავს, რომ ჩვენში მოხვდა მოქცევა, დაიმკვიდრა
მტკიცე და შეუძვრელმა სინანულმა. შესაბამისად, როცა იპოვება ეს ჩვენში,
უფლის მოწყალე ხელი უმალ შეწყვეტს უბედურებებს... მაგრამ, იტყვის ვინმე:
„ჩვენ ისედაც მოწყლულნი ვართ სიმწრითა და დანაკარგებით, ახლა კიდევ გვცემენ
მხილებითა და მკაცრი გაკვეთილებით. გვასმინეთ ჩვენ სიტყვა
ნუგეშინისცემისა. დაასხით ზეთი ჩვენი გულის დამწველ წყლულებს“. მაგრამ,
ძმებო, მე არა ტკბილ სიტყვებზე ვზრუნავდი, არამედ მინდოდა მეჩვენებინა
თქვენთვის ის ქმედება, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჭეშმარიტი ნუგეშის მოტანა
თქვენთვის. და, არა მხოლოდ ნუგეშის მონიჭება, არამედ მოწევნული უბედურების
უკუქცევა და ყველაფრის ძველი წესითა და რიგით აღდგენა. რამეთუ, არაფერია
სინანულზე უმძლავრესი. რა თქმა უნდა, შეიძლება მრავალი დამამშვიდებელი
სიტყვის მოფიქრება, მაგრამ რა სარგებელი მათგან? მათით მხოლოდ შეიძლება
წყულულის დაფარვა, ავთვისებიანი მატერია კი შიგნით დარჩება. მაგრამ, ამ
შემთხვევაში შეიქმნება საჭიროება ახალი მოწვისა, კვეთისა, საფენებისა, ანუ
ახალი უბედურებებისა ჩვენი ცოდვილი ვნებების საკურნებელად. სინანული კი
სრულად კურნავს სულიერ წყლულებს და, შესაბამისად, არასაჭიროდ აქცევს
ყოველგვარ განმწმედელ ზომებს, რომელთაც გვიწყობს ღმრთის მამობრივი
განგებულება.“
„ჩვენ შევეჩვიეთ აზრს, თითქოს უფალი გვამძიმებს ჩვენ,
როცა გვივლენს უბედურებებს. მაგრამ, გამოდის პირიქით: ჩვენ თავად
ვაიძულებთ უფალს, ვაყენებთ რა ახალი შეგონებების მოფიქრების აუცილებლობის
წინაშე. ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაია აყვედრის იუდეველებს, რომ
აწუხებენ უფალს თავიანთი ურწმუნოებით, სიჯიუტითა და ურჩობით: „ვითარ უფალსა
მიატყვებთ ღვაწლსა?“ (ეს.7:13)
„მაშ ასე, ძმანო, ნუ შევა თქვენს
გულში მაცდური ზრახვა, თითქოს რაღაც განსხვავებებისა და უპირატესობების
გამო დააღწევთ თავს ამჟამინდელ უბედურებებს, თითქოს სხვები თქვენზე
ცოდვილები არიან და ამიტომ უწევთ მეტის დათმენა, თქვენ კი ღირსებათა გამო
თავისუფლები ხართ ტანჯვისაგან. არა, არა ასე, არამედ აი როგორ განუმარტეთ
საკუთარ თავს ის, რაც ხდება ჩვენში: დავიძინეთ ყველამ, მივეცით
უზრუნველობას, დავივიწყეთ ღმრთის ნება და ქრისტეს წმიდა სჯული. ჩვენდამი
სიყვარულის გამო უფალმა, რომელსაც არ სურს ამ მდგომარეობაში ჩვენი
სამუდამოდ დარჩენა, რამეთუ წარწყმედაა მასში, განაჩინა თავის განგებულებაში
სიმწრით ჩვენი გამოღვიძება. და, აჰა, აქა თუ იქ გვევლინება ან გვესმის
უბედურება ცეცხლისაგან, როგორც მონანიების მრისხანე შეგონება ყოველთათვის,
როგორც სიტყვა ღმრთისა თითოეულისათვის თქმული: „განიღჳძე რომელსა-ეგე
გძინავს“ (ეფ.5:14)… მისთვის არა ჩვენი ტანჯვაა სასურველი, არამედ
ცოდვისმიერი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძება. ის აღვიძებს ზოგს პირადი
უბედურებებით, სხვებს კი მსგავსი უბედურებების ამბავითა და მოლოდინით.
მაგრამ, განა ვერ ხედავთ, რომ ერთნი იქცევიან მის მიერ სინანულის
მქადაგებლებად სხვებისთვის? მქადაგებლობის არჩევანი კი მოდის კი, რა თქმა
უნდა, არა უსუსტესებზე, არამედ მათზე, ვინც უფრო სრულია გონებით და ძლიერი
გულით. აი, თქვენ გამარტება იმისა, რატომ მოწყლავს უფალი მათ, ჩვენ კი –
არა. ეს იმიტომ, რომ იგინი უფრო მტკიცენი არიან სულით, ჩვენ კი მათზე
სუსტები.“
ტამბოვში მომხდარ დიდ ხანძრებთან დაკავშირებული ქადაგებებიდან.