დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი მთელ მსოფლიოში და ამაში, უპირველესად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები იგულისხმება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ იმ რეგიონების სატკივარი, სადაც უკვე რამდენიმე წელია რელიგიური ნიშნით იდევნებიან ადამიანები, ეს მთელი კაცობრიობის პრობლემაა… მაგრამ, სამწუხაროდ, არსად ჩანან უფლებადამცველები, მსოფლიო ორგანიზაციები, რომლებიც მორალს გვიკითხავდნენ გამოხატვისა და რწმენის თავისუფლებაზე. საგულისხმოა, რომ ადამიანთა რელიგიური ნიშნით დაპირისპირებამ უკვე საკმაოდ ფართო მასშტაბები შეიძინა და არ არის გამორიცხული, რომ ახლო აღმოსავლეთში დანთებულმა ცეცხლმა სხვა ქვეყნებამდეც (მათ შორის საქართველომდე) მიაღწიოს. ამ ვითარებაში გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დუმს… აღარც „შარლები“ ჩანან. ინტერნეტ ქსელებში საზოგადოების დიდი ნაწილი გამოთქვამს პროტესტს იმის გამო, რომ ამ ვითარებაში შეშფოთებაც კი არ ისმის დასავლეთიდან.
– მამა ანდრია, როგორია თქვენი ხედვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? და რა უნდა მოიმოქმედოს მორწმუნე ქრისტიანმა ამ ვითარებაში?
დღეს ჩვენ (წირვის დასრულების შემდეგ) სავედრებელი პარაკლისი აღვავლინეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და შევევედრეთ მას, რომ მშვიდობა იყოს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ძალიან გამწვავებულია დამოკიდებულება ქრისტიანებისადმი. ეს არც არის გასაკვირი. მაცხოვარი წინასწარ აუწყებდა მოციქულებსა და ყველა მის მიმდევარს: „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (ინ. 15:20). წუთისოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე და ვერც მის ერთგულებს შეიწყნარებს. დროებითმა მშვიდობიანობამ არ უნდა დაგვავიწყოს ეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევაში დევნას განიცდიან არა მხოლოდ ქრისტეანები. ჩვენი მედია-საშუალებების დიდმა ნაწილმა ძირითადად ქრისტიანთა დევნაზე გააკეთა აქცენტი, რადგან ეს უფრო გრძნობადი თემაა ჩვენთვის. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალი ისლამისტები დევნიან იმ მუსლიმ მორწმუნეებსაც, რომლებიც მათი აზრისა არ არიან. დევნიან იეზიდებსაც, რომელთაც არაერთხელ მოითხოვეს ერაყში მათ მიმართ გენოციდის შეჩერება. ეს უკანასკნელები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე მოვლენები წინასწარ დაიგეგმა რადიკალი ისლამისტების მიერ და მათი მიზანი იეზიდების სრული განადგურებაა. იდევნებიან სხვა რელიგიის წარმომდგენლებიც. ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საკმარისია აღიარო, რომ ხარ ქრისტიანი და ეს უკვე სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის უმთავრესი იარაღი უნდა იყოს ლოცვა, ვედრება ღვთისადმი, რათა მშვიდობა მისცეს იმ ხალხს და მშვიდობა მოგვცეს ჩვენ. სამყარო ძალიან პატარაა, ბევრად უფრო პატარა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ასეა თუ ისე, ერთმანეთის სატკივარი ყველას გვეხება. ჩვენ გვგონია, რომ მათგან ათასობით კილომეტრი გვაშორებს, მაგრამ ექო ამ ბრძოლისა, იქ განვითარებული მოვლების ტრაგედია, ის ტკივილი, ჩვენამდეც აღწევს. არც ის არის გამორიცხული, რომ ის ჩვენამდეც მოვიდეს და შეიძლება უფრო მძაფრადაც. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ამ ქვეყნებში დანთებული ომის ცეცხლი კი არ გავრცელდეს, არამედ იქვე ჩაქრეს და მშვიდობა დამყარდეს მთელ მსოფლიოში.
აქვე მინდა აღვნიშნო, – მიუხედავად იმისა, რომ წლებია რელიგიური ნიშნით იდევნებიან ადამიანები, ეს საკითხი, ბოლო პერიოდში, რატომღაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ამ ვითარებაში ორმაგად გვმართებს სიფრთხილე.
– იმის თქმა გსურთ, რომ ამ თემის წინ წამოწევით ადამიანთა რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ?
ვფიქრობ გარკვეულ ძალებს აქვთ სურვილი პროვოკაციების მოწყობისა სახელმწიფოსა და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, რათა უმოქმედოდ გამოვჩნდეთ და ჩრდილი მოგვადგეს. არ შეიძლება ამაზე წამოგება. ალბათ შეამჩნევდით, ბოლო დროს ისე იგეგმება პროვოკაციები, რომ არჩევანს მხოლოდ ორ ბოროტებას შორის გვთავაზობენ. ნათლად გამოჩნდა ეს საფრანგეთის მოვლენებში. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არიან საღად მოაზროვნე ადამიანებიც, მასმედიამ ისე წარმოგვისახა სურათი, თითქოს სხვა არჩევანი არ ყოფილიყო და მსოფლიო ლიდერების შეკრებაც ამას წარმოაჩენდა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანთა დევნა უკვე წლებია მიმდინარეობს. თითქმის ყოველ დღე მოდის შემზარავი ინფორმარცია პაკისტანიდან, ნიგერიიდან, ალჟირიდან, აზიისა და აფრიკის სხვა ქვეყნიდან.
საგულისხმოა, რომ ასირიელთა პირველმა ტალღამ ერაყი 2003 წელს დატოვა. იმ დროისთვის ერაყში 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. მათი რაოდენობა, წლების განმავლობაში, ათჯერ შემცირდა. ქალაქ მოსულში 2003 წელს 35 ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ ერთეულები დარჩნენ, დანგრეულია ყველა ქრისტეანუი სალოცავი. მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე ეგვიპტე იყო ქრისტიანული ქვეყანა. ალექსანდრია ცნობილი გახლდათ თავისი ღვთისმეტყველებით, წმინდა მამებით, სასულიერო ბიბილიოთეკებით. დღეს ყოველივე ეს განქარვებულია და ქრისტეანები (ყველა კონფესია ერთად) მოსახლეობის მეათედსაც არ შეადგენენ. შეიძლება ითქვას, რომ თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ. ეს ადამიანები მაშინ, ისევე როგორც დღეს, შველას ითხოვდნენ, მაგრამ ხმას არავინ იღებდა.
ამ ვითარებაში საგულისხმოა ისიც, რომ იმ გამაოგნებელი სურათების ნაწილი, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება, არ არის სირიაში გადაღებული. ამ საკითხზე სპეციალური მასალა მოამზადა საიტმა “ambebi.ge“, სადაც ცნობილი ფოტოების ბევრისთვის უცნობ ისტორიას მოგვითხრობს. სურათები, ზოგადად, ყოველთვის უნდა გადამოწმდეს, რადგან დღეს ხშირია გაყალბება. ამისთვის კარგი საშუალებაა https://images.google.com. ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე. ასევე, გადასამოწმებელია ტექსტური ინფორმაციაც. არაერთხელ მომხდარა, რომ რაღაც ცხელ თემას გამოწვევია ინტერესი მრევლში და აღმოჩენილა, რომ უბრალოდ მისაზიდი ფარსია.
ერთ-ერთი ფოტო, რომელიც გავრცელდა როგორც 2015 წელს სირიელი ბავშვების განადგურების ამსახველი კადრები, 1982 წელს, პაკისტანში, ერთ-ერთი ტერაქტის დროს აღმოჩნდა გადაღებული. ამან, მართალი გითხრათ, გამაოცა. გავრცელდა ასევე სურათი, რომელზეც ნაჩვენებია პატიმრის ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი ბავშვები, რომლებიც ქალთან ერთად არიან გალიაში მოთავსებულები. აღმოჩნდა, რომ ეს სცენა ერთ-ერთი ფოტოგრაფის მიერ არის დადგმული იმისთვის, რომ გამოეღვიძებინა დასავლეთი. არ ვამბობ, რომ იქ არ ხდება მსგავსი ფაქტები. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახლო აღმოსავლეთში ისეთი ტრაგედია ტრიალებს, რომლის ენით გადმოცემა შეუძლებელია. ტყვეთა სყიდვა და ადამიანებით ვაჭრობა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, გატაცებები – ეს იქაური რეალობაა; მართლაც ხდება ძალადობა ბავშვებზე, მკლვლელობები. მაგრამ, როცა რეალური სურათი აღწერის საბაბით სიყალბეს გვთავაზობენ, დასაფიქრებელია. ჩვენ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ძალიან დამაფიქრებელი და საეჭვოა ეს ყოველივე მაშინ, როდესაც ამ თემის წამოწევაში ლიდერობენ ისეთი მედია-საშუალებები, რომელთაც ეკლესიისა და ქართული ეროვნული სულის, ღირებულებების დასაცავად ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, რომ არაფერი ვთქვათ მტრულ გამოხტომებსა და აშკარა სიცრუეზე. ეს ყოველივე მიანიშნებს იმას, რომ საქმე გვაქვს ორმაგ თამაშთან. ჩვენი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ ქვეყანას შეეხოს.
– ალბათ საგულისხმოა ისიც, რომ რელიგიურ ნიადაგზე არსებულმა დაპირისპირებამ დაუსრულებელი კონფლიქტები წარმოშვა მთელ რიგ ქვეყნებში და ისინი დღემდე ვერ აღწევენ თავს საომარ ვითარებას. ამთავითვე ცხადია, რომ ეს ყოვლივე არც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს კარგ მდგომარეობამდე.
ყველა ქვეყანა მოსახლეობის რწმენაზე, ტრადიციებზე, ღირებულებებზე დაყრდნობით ქმნის თავის სახელმწიფოს, მართვის თავისებური ფორმას. განსაკუთრებით აქტუალურია ეს აზიისა და აფრიკის ქვეყნებისათვის. შესაძლოა, დასავლეთელი ადამიანის თვალთახედვით ტირანიად ჩანდეს მათი მმართველობის სისტემა, მაგრამ ეს მათი სარწმუნოებრივი და კულტურული მისწრაფებების შესატყვისი ბუნებრივი გარემოა, რომლის დანგრევა და მასში დასავლური დემოკრატიის შეტანა მხოლოდ ქაოსსა და გაპარტახებას იწვევს, რასაც ვხედავთ კიდევაც. რა პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს იმ ქვეყნებში, მათი გადაჭრა შეუძლებელია დასავლური ცნობიერების ძალადობრივი დანერგვით. ე. წ. არაბულმა გაზაფხულმა ისეთი დესტაბილიზაცია შეიტანა ახლო აღმოსავლეთში, რომლის აღმოფხვრას, შესაძლოა, ათწლეულები არ ეყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არ რეგიონში გარედან ჩარევის მიზანი სულაც არ იყო რიგითი ადამიანების თავისუფლებაზე ზრუნვა – ეს ხომ მხოლოდ ნიღაბია სხვა მიზნების მისაღწევად. ერაყი, ავღანეთი, ეგვიპტე, ლიბია, სირია – ამ ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ გარეშე ძალა ვერ შეიტანს მშვიდობასა და წინსვლას. უხეშ ჩარევას მოყვება ნგრევა, რადიკალიზმის წახალისება, ექსტრემიზმის გაძლირება. ასეთ ქვეყნებში ყველაზე მეტი დარტყმა ქრისტეანებს ერგოთ წილად. ყოვლივე ამან შვა ახალი საშინელება, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ჰქვია. აქ არ არის ლაპარაკი რეალურ სახელმწიფოზე. ეს არის გარკვეული დაჯგუფება, თუმცა მას თავისი სტრუქტურები აქვს. ეს არის დაჯგუფება რადიკალებისა, რომელიც ანადგურებს ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება, მათი აზრისა არ არის, ანგრევს ყველაფერს, რაცა უცხო და მიუღებელია მათი მსოფლმხედველობისთვის.
სადღეისოდ კი გვაქვს ის, რომ რიგ ქვეყნებში დაინგრა არსებული სახელმწიფო სისტემა და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი ტერორიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობისა. დღეს ახლო აღმოსავლეთის მაგალითზე ვხედავთ იმას, რითიც ხასიათდება ქვეყნის აღსარსულის მოახლოება: „და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (მთ. 24:6).
როგორც მოგახსენეთ, ჩვენი მთავარი იარაღი არის ლოცვა და არა ემოციური სიტყვები და პათოსი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს მიიღონ საკუთარ ოჯახებში დევნილი ბავშვები და დაეხმარონ მათ. მაგრამ, ეს გულისხმიერება მაშინ იქნებოდა სანდო, თუ ჯერ ჩვენს ქვეყანაში არსებულ გაჭირვებას მოვუვლიდით. მიკვირს, რომ საზოგადოებას ავიწყდება ის ბავშვები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან – მიუსაფარი, ავადმყოფები, ობლები. როგორც ვიცით, ქვეყანაში უქმდება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა სახლები და არის პროგრამა, რომლითაც ისინი ოჯახებში უნდა გადანაწილდნენ. მისასალმებელია, რადგან ვერანაირი ბავშვთა სახლი ვერ შეცვლის ოჯახურ გარემოს. საინტერესოა, ბევრმა ვიტვირთეთ ასეთი ბავშვი? მხოლოდ ერთეულებმა! და ამ ფონზე ცალკეულთა გულმოწყალება, რომელსაც თან ერთვის ეკლესიის „მხილება“ გულქვაობაში, უმოწყალობაში, ხელოვნური და აფექტური ჩანს. ყოველ საქმეში გონივრული მიდგომა გვმართებს და არა წუთიერ ემოციას აყოლა. არ შეიძლება აქციო ზურგი გაჭირვებულსა და დევნილს. მაგრამ, როცა სახელმწიფოს მაშტაბით უცხო ქვეყნიდან ლტოლვილთა მოპატიჟებაზე ვსაუბრობთ, უნდა დავფიქრდეთ, რა რესურსები გაგვაჩნია საამისოდ. თუ რამეზე არის დღეს სალაპარაკო, ეს არის უმოქმედობა და თვალდახუჭულობა „ძლიერთა“, რომლებიც წარმართავენ გლობალურ პოლიტიკას. ამაზე დაფიქრება გვმართებს, რათა არ ვასაზრდოოთ ჩვენში ილუზორული იმედები. დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ მათი გულგრილი დამოკიდებულება ჩვენს გასაჭირსაც შეეხება.
ის, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, ჩვენი სატკივარია და, რა თქმა უნდა, მთელმა კაცობრიობამ უნდა დაგმოს. მაგრამ დაუშვებელია ამ თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნით. ეს ძალიან საშიშია. მეორე მხრივ, იქ რეალურად არის პრობლემები, რომელზეც დუმს კაცობრიობის წამყვანი ნაწილი და ბევრად უფრო შეშფოთდება ხოლმე, როცა საქმე სოდომიტების უფლებებს ეხება. თითქმის ვერ ვხედავთ ევროპულ და ამერიკულ საინფორმაციო საშუალებას, სადაც იქნება ლაპარაკი ქრისტიანების დევნასა და მათ მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში.
ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (შეიძლება ითქვას პროცენტულად მზარდი ნაწილი) არიან მუსლიმები. მათი დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველია. მართალია, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილება, მაგრამ წარმოუდგენელი და გამორიცხული არ არის რელიგიური დაპირისპირების ინსპირირება საქართველოში. ერთის მხრივ, ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისლამის დემონიზირებას უწყობს ხელს, რომლის შედეგად ისლამი ტერორიზმთან იგივდება. ეს შეხედულება ილექება რიგითი მოქალაქეების ცნობიერებაში, ურთულებს თანაცხოვრებასა და ურთიერთობას ისლამური კულტურის ადამიანებთან. მეორე მხრივ, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ისლამის წარმომადგენლებიც და დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შეიძლება დენთის კასრთან ნაპერწკლის როლი შეასრულოს. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის კი მშვიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით“ (რომ. 12:18), – გვასწავლის წმ. მოციქული პავლე და ეს სიტყვები არ უნდა დაგვავიწყდეს.
– მამა ანდრია, დღეს აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ კაცობრიობა, ფაქტობრივად, უკვე ჩაება მესამე მსოფლიო ომში. საინტერესოა ამ საკითხის ქრისტიანული ხედვა.
დღეს, მართლაც ბევრს, შეიძლება ითქვას ზედმეტს საუბრობენ მესამე მსოფლიო ომზე. საერთოდ, მოსარიდებელია საუბრები ტრაგედიებზე, კატაკლიზმებე, თუ ჩვენზე არ არის დამოკიდებულება მათი პრევენცია და არც მომზადება შეგვიძლია მათთვის. ეს აძაბუნებს ადამიანის სულს, არადეკვატურად მგრძნობიარეს, რადიკალურად მოაზროვნეს ხდის. მსოფლიო ომი ხომ, – ღმერთმა ნუ ქნას მისი დაწყება – თითოეულ ჩვენგანს შეეხება!
ალბათ გახსოვთ როგორ არის აღწერილი ბოლო ჟამი წმინდა წერილში, – როგორ საუბრობენ წმინდა მამები ამის შესახებ, რომ იქნებიან ბრძოლანი, ძვრანი და სიყმილნი ალაგ-ალაგ. შესაძლოა, მესამე მსოფლი ომი იყოს ლოკალური ომების ერთობა და არა ისეთი მაშტაბური ბრძოლები, როგორც ეს პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს იყო. ასეთ ომებს ახასიათებს ის, რომ მათი ინიციატორები აფინანსებენ მებრძოლ დაჯგუფებებს, თავად კი ადამიანის უფლებათა დაცვის, ბოროტებასთან ბრძოლის ნიღაბს ეფარებიან. საგულისხმოა, რომ დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ამის მაგალითებს. საბოლოოდ ყველაფერი იმისკენ მიემართება, რომ ადამიანები უძლურები გახდნენ ამ განსაცდელების წინაშე, მობეზრდეთ ეს საშინელი ყოფა, ბრძოლები, დაქსაქსულობა და თანახმანი გახდნენ იმაზე, რომ მოვიდეს მსოფლიოს მმართველი, – ის, ვინც „დაამშვიდებს“ მთელ მსოფლიოს, ვინც მიწიერ კეთილდღეობას დაპირდება ხალხს და ახალ მსოფლიო წესრიგს დაამყარებს. სწორედ ამისთვის ამზადებს ნიადაგს ბოროტი ადამიანთა ხელით. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ამ საფრთხის კონტურები მკაფიოდ იკვეთება და ეს არ არის ილუზია. ამის წინაპირობა უკვე არსებობს: სადაც კი გაჩაღდა ომი, ყველგან დარჩა საომარი მდგომარეობა.
ღმერთს ვთხოვთ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენში და ყველგან, რომ შეგვეძლოს მშვიდად ლოცვა და ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის დამოკიდებულებას ამ საკითხებისადმი. თუ ჩვენ იმ მადლს, იმ მშვიდობიან ყოფას, რომელიც უფლისგან მოგვეცა ვიყენებთ ღვთის სადიდებლად, სულიერი წინსვლისთვის და მადლს ვამრავლებთ, ამ მშვიდობას გაგვიმრავლებს ღმერთი; და თუ იმისთვის ვიყენებთ, რომ განცხრომას მივეცეთ და მიწიერი კეთილდღეობისთვის ზრუნვას ვახმართ მთელს დროსა და ძალებს, თუ წინსვლას მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობის მრავლებაში ვხედავთ, მშვიდობა ხელიდან გამოგვეცლება, დაგვენგრევა და არც ის არის გამორიცხული, რომ ომის ქარცეცხლში კვლავ ჩავებათ. უფალმა დაგვიფაროს ამ განსაცდელისგან. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვეწეოდეს, რათა ჩვენც განვახლდეთ და უკეთესები გავხდეთ. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა.
ინტერვიუ მოამზადა ია ხაზარაძემ