გუშინ ღამით სარიტუალო ნივთების მაღაზიებთან მომიხდა გავლა. მთავარი ნივთი ასეთ მაღაზიებში, როგორც ცნობილია, არის კუბო. ნაირნაირი ელაგა, სხვადასხვა ფორმისა და ფერის. ვიღაც სადღაც ცხოვრობს, ჯანმრთელია ან ავადმყოფი, თუ სნეულია, სულაც არ ელოდება სიკვდილს და, თუ იცის, რომ ვერ გადარჩება, მაინც იმედი აქვს, რომ ეს დღე ჯერ კიდევ შორსაა. და, აჰა, მისი კუბო უკვე დამზადებულია, იყიდება და ელოდება იმ წუთს, როცა მის წასაღებად მოვლენ. ვინ იცის, იქნებ მათ შორის ჩემიც არის...
ვცხოვრობთ, ვშფოთავთ, ვიბრძვით, გვიყვარს, გვძულს, ვაგებთ იმედის კოშკებს, ვალაგებთ გეგმებს, სიკვდილის მახვილი კი თითოეულ ჩვენგანზეა აღმართული და ზოგისთვის კუბოც უკვე მზადაა. საშინელია ეს ფიქრი მხოლოდ მიწით და მიწისთვის მცხოვრები ადამიანისათვის. რას არ იგონებს კაცი, ოღონდ არ გაახსენდეს ეს დღე - დღესასწაულებს, საზრუნავებს, გართობებს. მაშინაც კი, როცა სხვას მიაცილებს საფლავამდე, ვერ გულისხმაყოფს, რომ საკუთარ თავს აცილებს. მძიმეა ბოლო დღის გახსენება, მაგრამ დამაფიქრებელი, გამომაფხიზლებელი და დამაიმედებელიც კი ქრისტეანისთვის.
დამაფიქრებელი, რადაგან ხვდები, რომ მიწა ხარ. აკი გვამცნებს ღმერთი: „მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე“ (დაბ. 3:19). არ გვეუბნება, რომ მიწისაგან ვართ, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს შევიცვალეთ, განვსხვავდებით ნივთიერისაგან და რაღაცას წარმოვადგენთ, არამედ ბრძანებს, „მიწაჲ ხარ“, ისეთივე მიწა, როგორც მცენარე, მწერი, ცხოველი, ისევე ხრწნადი და განქარვებადი და, რომ არა ჩემი ცხოველსმყოფელი სული, ეს მიწა ვერ იქნებოდი ჩემი ხატი, არ გექნებოდა ცხოვრება, როგორც სხვა არსება, კვამლივით გაქრებოდი.
გამომაფხიზლებელია ბოლო დღეზე ფიქრი, რადგან ხვდები, რომ ვერ გაქრები, ძალიანაც რომ გინდოდეს და, რაკი ასეა, იძულებული ხარ გაითვალისწინო შემოქმედის მცნება, დაფიქრდე იმ მომავალზე, რაც კუბოს ფიცრის მიღმაა. ეს იძულება მცნებათა დაცვისა მშობლის აღმზრდელობითი იძულებაა შვილთან მიმართებაში, საკუთარ თავთან გაბრუნებს და ხვდები, რომ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მიწა. გაფხიზლებს ბოლო დღეზე ფიქრი და ხვდები, რომ არ ცხოვრობ სწორად, არ ფიქრობ სწორად, მიჯაჭვულხარ იმას, რაცა არ არის შენი, მხოლოდ დროებით განკარგვაში მოგეცა და არ ღირს მიჯაჭვად. ბოლო დღის გადასახედიდან ხვდები წუთისოფლის არსსა და ფასს.
დამაიმედებელია სიკვდილზე ფიქრი, როცა იცი, რომ ეს გზა განვლო მან, ვინც თავად არის სიცოცხლე, განგიმზადა ადგილი ნეტარ განსასვენებელში, გასწავლა, როგორ მიხვიდე მასთან, მოგცა ძალა გველის დათრგუნვისა და აწ უკვე შენს არჩევანსა და ძალისხმევაზეა მხოლოდ დამოკიდებული მარადიულ სიხარულში ყოფნა. იცი, რომ ამქვეყნიდან გასვლა შეიძლება გექცეს უკეთურის ტყვეობიდან სამუდამოდ გაქცევად და უკვე ვერ იმძლავრებს შენზე ცოდვა, ვნება, ეშმაკი. დაუბრუნებ მიწას მიწას – საკუთარ სხეულს და წახვალ იქ, სადაც გელოდებიან უფალი, დედა ღმრთისა, წმიდანები, ქრისტესმოყვარე ახლობლები. თუმცა, მიწა მხოლოდ ინახავს სხეულს, რათა დაგიბრუნოს უკანასკნელ დღეს მიწიერი ისტორიის აღსასრულისას. ოღონდ ესაა, შეძლებ კი უერთგულო მაცხოვარს, არჩიო მისი სიტყვები ბოროტისეული სიტკბოს ცრუ და რეკლამურ მომხიბვლელობას?!
არანაირ სხვა ფიქრს არ მოაქვს სულისათვის იმდენი სარგებლობა, რამდენიც უკანასკნელი დღის გახსენებას.
„ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო“ (ზირაქ. 7,39).