25 August 2014

* * *

როგორც ამბობენ, „კაზანტიპმა“ საქართველოში ვერ გაიჯეჯილა. შესაძლოა გვიხაროდეს, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ – რა. ერთი მხრივ, კარგია, რომ ათასობით ნავარაუდევი მონაწილე დააკლდა გარყვნილობის პარპაშს, მაგრამ არის სხვა მხარე, რის გამო ნაკლებად გვრჩება სიხარულის საბაბი.
უფალი არა მხოლოდ საქმეს განიკითხავს, არამედ განზრახვასაც მიითვალავს. მრავალ ადამიანს, თუმცაღა არ მიუღია მონაწილეობა, არ უმასპინძლია მონაწილეთათვის, მოემზადა ამისთვის, განაცხადა თანხმობა ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობაზე. მათი რიცხვი არც ისე დიდია, როგორც ამას მედია წარმოგვისახავს, მაგრამ არცთუ ცოტა. ეს ადამიანები, უიდეო, საზომდაკარგულები, განუკურნებელი, შერყვნილი სულით ჩვენ შორის არიან, ჩვენი ძმები, შვილები, მშობლები, ნათესავები არიან.
გარყვნილების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესია. არც ერთ სხვა რელიგიურ ინსტიტუტს არ გამოუხატავს სათანადოდ მკვეთრი მიუღებლობა ამორალური „ფესტივალისადმი“. ერთეულთა გამოკლებით, არც ნაქები ინტელიგენცია აღშფოთებულა. არც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუფიქსირებიათ საჯაროდ უარყოფითი დამოკიდებულება გარყვნილების პროპაგადისადმი. მხოლოდ ერთეულთა ქცევაში შეიმჩნევა მცდელობა ძალისაებრ თვისისა საქმით შეეწინააღმდეგოს, ან თუნდაც, მხარი არ დაუჭიროს უკეთურებას. ესენი ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ორგანიზატორები წავლენ, ჩვენ კი დავრჩებით.
რჩება მედია, რომელსაც ქართული მხოლოდ იმიტომ შეიძლება ეწოდოს, რომ ქართულ ენაზე ურთიერთობს მოსახლეობასთან, არსებითად კი, თითქოს ვიღაც უჩინარი მართავდეს, მომართულია ქართული სულის, ტრადიციებისა და ღირებულებების განსაქარვებლად. აშკარად ჩანს ანტიეკლესიური განწყობა თითქმის ყველა მედიასაშუალებაში, გამონაკლისთა ხმა კი ძალიან სუსტია.
შეიძლება მრავალი მიზეზი დასახელდეს ამ ე.წ. ფესტივალის წარუმატებლობისა, მაგრამ არსებითად ეს არის შეწევნა ღმრთისა, რომელიც ისმენს მის ერთგულთა ვედრებას და აბრკოლებს ბოროტების ზეიმს მისი დედის წილხვედრ მიწაზე. ეს არის არა ჩვენი, როგორც ერის დამსახურება, არამედ წყალობა ღმრთისა. უფალს ძალუძს ერთი წამისყოფით განაქარვოს ბილწი საკრებულო, მაგრამ ის ჩვენს ნებელობას, ჩვენ მიერ სიბილწის მიუღებლობას ელოდება, რადგან შექმისთანავე მოგვანიჭა ნების თავისუფლება. ჩვენ კი ისევ ისეთები ვრჩებით.
ყოველი ზემოთქმული ნიშნავს იმას, რომ შემოტევები გაგრძელდება, გამრავლდება და მომძლავრდება. არსებობს რეალობა, რომელსაც „ცივილიზებულ სამყაროს“ უწოდებენ – სამყარო, რომელმაც უარყო ღმერთი და ვერ ითმენს, რომ რომელიმე ერში დარჩეს ღმრთის, მორალის, კეთილი ტრადიციის ხსენება. ეს ომი ათასწლეულების წინ დაიწყო და არ დასრულდება მეორედ მოსვლამდე. ჩვენ ამ სინამდვილეში მოგვიწევს ცხოვრება. რა მიგვაქვს მომავალში, როგორები მივდივართ?!