თუ ბებია „დედას“ ახსენებდა, ვიცოდით, რომ დედამთილს გულისხმობდა. ძალიან უყვარდა და პატივსსცემდა. ისე გარდაიცვალა, არასდროს უთქვამს დიდ ბებიაზე არათუ საყვედური, საქებარის გარდა სხვა რამ. არაერთხელ მოუყოლია მისი ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდი.
ქართველთა მეტყველებაში არის ორი განსაკუთრებული სიტყვა, რომლის არსზე ნაკლებად ვფიქრობთ, მაგრამ ხშირად ვახსენებთ – „შემოგევლე“, „გენაცვალე“. ამ სიტყვების გაგონებისას ბებიას მონათხრობიდან ერთი ეპიზოდი მახსენდება, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. წლებმა წაშალა ზოგიერთი დეტალი, მაგრამ ძირითადი მაინც დარჩა.
ერთხელ, დიდი ბებია ავად გამხდარა. მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს პროვინციის მედიცინა ვერაფერს შველოდა და განწირულ ახლაგაზრდა ქალს მხოლოდ სიკვდილიღა დარჩენოდა. ეს რომ გაუგია დიდი ბაბუას (ანუ მეუღლის) ნათლიას, მოსულა ავადმყოფთან, გამოუწევია სარეცელი სნეულითურთ, სამჯერ შემოუვლია და შევედრებია ღმერთს, დაეტოვებინა რძალი ამქვეყნად და მის ნაცვლად თავად წაეყვანა. მოხდა სასწაული – სნეულმა გამოკეთება დაიწყო. ერთი კვირის შემდეგ კი დიდი ბაბუას ნათლია გარდაცვლილა. შემოევლო და ენაცვალა!
სიტყვა ძალაა; ის არ არის მხოლოდ ინფორმაციის მატარებელი. არაერთხელ მითქვამს „შემოგევლე“ და სანამ ვიტყოდე, ყოველთვის ვცდილობ ვკითხო საკუთარ თავს: შემიძლია შემოვევლო ადამიანს, ვენაცვალო მას ისე, როგორც ეს ოდესღაც იმ ჩემთვის უცნობმა ადამიანმა შეძლო? შემიძლია ვიტყვირთო სხვისი ჭირი, ოღონდ ის სხვა გათავისუფლდეს, გაიხაროს? როგორ გვაკლია ადამიანებს ამის უნდარი!
მრავალი სიტყვა გაუფერულდა დღევანდელი ადამიანის ცნობიერებაში, დაიკარგა მათი არსის გააზრება. მხოლოდ ბგერები დარჩა, რომლებიც ვერაფერს ცვლიან გულში.
როცა სადმე მივდიოდით, ბებია ტრადიციული ჟესტით გვაცილებდა: ასწევდა მარჯვენა ხელს, და წრეს შემოხაზავდა ჰაერში, თითქოს უხილავ თავს შემოატარაო. „სი ქუგგალე“ (შენ შემგევლე) – არ იყო საჭირო ბგერების გაგონება, რომ მიმხვდარიყავი რას ამბობდა მისი ხელი და გული. სკეპტიკური ვიყავი რიტუალების მიმართ, მაგრამ ეს ჟესტი არასდროს იწვევდა მიუღებლობას, როგორც უდიდესი სიყვარულის ნიშანი.
მოგვმადლოს უფალმა უნარი შემოვევლოთ და ვენაცვლოთ ერთმანეთს.