სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი. გსურს ჭუჭყიანი სამოსელივით მოიშორო ძველი კაცი მისი ჩვევებითა და სისუსტეებით. გეგმავ რა წაიკითხო, როგორ ილოცო, როგორ დადუმდე. იმედოვნებ, რომ აღდგომას მიაგებებ უფალს განწმენდილ გულს და აღივსება იგი სიხარულით. იცი, გახსოვს, მერამდენე წელია გეგმავ, ცდილობ და... მაინც ვერ იცხოვრე, როგორც გინდოდა, ვერ შეწირე ბოლომდე შენი ძალები, გამხელს სინდისი. წუთისოფლის ჭაობმა წაიღო დრო, ძალები, უნარები. ეშმაკისა და წუთისოფლის მტრობას საკუთარი სისუსტე, სულმოკლეობა დაემატა და ვერ ხარ ისეთი, როგორიც გინდოდა გენახა შენი თავი მარხვის ბოლოს. თუმცა, კაცთმოყვარე ღმერთი გიწილადებს სიხარულს და მაინც ხარობ. ხარობ და იწყება მოლოდინი შემდგომი მარხვისა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვისა. ელოდები იმ იმედით, რომ ისევ ეცდები, ისევ შეეჭიდები საკუთარ დაცემულ ბუნებას. და, აჰა კვლავ მოვიდა ეს დღე. ისევ იმედები, გეგმები და ლოცვა: „შემეწიე, ღმერთო, შემაძლებინე“.

შენდობა პროცესია და არა ერთჯერადი ქმედება. შეუძლებელია აპატიო ამსაღამოს, თუ არ განაწყვე შენი თავი სათანადოდ გუშინ, წინა კვირას, წინა თვეს, თუ შენდობის თხოვნა და მოყვასის წინაშე თავის დახრა, მისი არგანკითხვა – შენი ღვაწლის ნაწილი, შენი ყოველდღიური სწრაფვის მიმართულება არ არის. არ იცვლება ადამიანი ერთ საათში მხოლოდ იმიტომ რომ მარხვა იწყება.
არაფერს ვამბობ ისეთ ადამიანებზე, ვინც დღემდე ინახავს გულში წყენას მოყვასზე, გაბუტულია, გაბრაზებული, – ასეთი მაცხოვრის სიტყვისაებრ ჯერ მოყვასთან უნდა მივიდეს და მერე ლოცვაზე. მაგრამ არის სხვა, უფრო დიდი ნაწილი მორწმუნეთა. ჩემით დაწყებული, ყველას გვყავს ადამიანები, ვისაც შენდობა უნდა ვთხოვოთ. ამას გააზრება ჭირდება. არ შეიძლეა ასრულებდე რაღაც ქრისტეანულ წესს და არ ცდილობდე გაიაზრო, რას გამოხატავს და რას გვასწავლის ეს წესი. არ შეიძლება ფორმალურად თხოვდე ადამინას შენდობას, როცა არ გაქვს შეგნებული, რომ, შესაძლოა, უნებლიედ მისი დამაბრკოლებელი გამხდარხარ.
ყოველ ადამიანს რაღაც შემოაქვს კაცობრიობაში. ვიღაცას რწმენით, სიყვარულით, კეთილი საქმეებითა და თავდადებით – საღმრთო მადლის ნათელი და სულიერი კეთილსურნელება, ვიღაცას კი საკუთარი ცოდვებისა და ვნებების კმევით – სიბნელე, სიმყრალე. ვიღაც ანათებს კელაპტარივით, ვიღაც კი, ლეშივით, გაუსაძლისად აქცევს სულიერ გარემოს. ყოველი ჩვენი ცოდვა არ არის მხოლოდ პიროვნული, არამედ რაღაც შემოაქვს სამყაროში, შემოაქვს ბოროტი მაგალითი და ცდუნება, შემოყავს დემონური ძალთაქმედება. ჩვენი ცოდვილობით, თუნდაც არა საქმითი, არამედ გულის სიღრმეში შეწყნარებული ცოდვებით ყველანი დამნაშავე ვხვდებით ერთმანეთის წინაშე. ამიტომაც არის ჯეროვანი, რომ ვითხოვოთ შენდობა ერთმანეთისაგან და მიუძღვნათ მთელი მარხვა ღმრთისაგან შენდობის თხოვნას. ოღონდ, არა ფორმალურად. ნუ ვაქცევთ ეკლესიას სულიერი ცხოვრების პროფანაციის ადგილად!