„რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მთ.7:2), – ბრძანებს მაცხოვარი. ძალიან მეშინია, როცა ვინმეს ვამხელ, მით უფრო – თუ განვიკითხავ. სანამ უფალი არ შეიწყნარებს, ვერავინ იქნება დაიმედებული, რომ არ წაბორძიკდება, არ განვარდება. განსაკუთრებით, სასულიერო პირებზე მიჭირს საუბარი, – მეც ხომ ერთ-ერთი მათგანი ვარ, არაფრით უმჯობესი სხვაზე. ვიცი მსახურების ტკბილი ტვირთიც და ის საფრთხეებით სავსე გზა, რომელიც უნდა გავიარო.
ერთი სტატია ვნახე, რომელმაც კვლავ დამაფიქრა რაღაცებზე („მეუფე იოანე: მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ სინოდის მხრიდან სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო“). უდიდეს პატივსვცემ მეუფე იოანეს და ვთვლი, რომ არის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი, მორწმუნე და ერთგული უფლისა. შენდობას ვითხოვ, თუ ჩემი ქვემორე ნათქვამი ზედმეტად კადნიერად ჟღერს.
თუ გემის კაპიტანმა ვერ გაართვა თავი მოვალეობას და ხომალდი დაეღუპა, არავინ ანდობს მას სხვას. თუ მწყემსა განაბნია და მგლებისგან ვერ დაიცვა ფარა, არც არავინ ანდობს მას ახალ ცხვარს. საეკლესიო სასჯელის დანიშნულება არა შურისძიებაა ჩადენილი ცოდვის გამო, არამედ ისეთ გარემოში განმწესება, რომელიც შეეწევა ადამიანს სისუსტეთა გააზრებაში, შესძენს ძალას ნაკლოვანებათა დაძლევისა. რა თქმა უნდა, ამისთვის უპირველესი პირობა სინანულია, რომლის გარეშე ვერანაირი გარეგნული ქმედება ვერ იქნება ნაყოფიერი. ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეუძლია ეპარქიის შეცვლას მღვდელმთავრის შეცვლა, როგორ შეძლებს ახალი დაქვემდებარებული გარემო შეცვალოს ზემდგომი, სამწყსო – შეცვალოს მწყემსი?! თუ ვამბობთ, რომ ადამიანმა დაკარგა ავტორიტეტი სამწყსოში და განაბნია ქრისტეს ცხოვარნი, ახალი სამწყსოს საცდელ ველად გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა, რომ იყოს გამოსავალი. მით უფრო, თუ ადამიანი არაფერში არ ხედავს თავს დამნაშავედ. არ მინდა განვიკითხო არც „დასჯილი“, არც „დამსჯელი“. ვის რა აქვს შიგნით, მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაგრამ თვით პრინციპი, რომლითაც რომელიღაც აწყობილი, წინამძღოლთან მამა-შვილურად შეტკბობილი სამრევლო და სამწყსო უნდა დაირღვეს და მასში გამოსასწორებელი მოთავსდეს, ძალიან მნიშვნელოვანს არღვევს ეკლესიის ცხოვრებაში – მოძღვრისა და სულიერი შვილის ინსტიტუტს. ამის გარეშე კი სასულიერო პირი მხოლოდ ფუნქციონერია, რომელსაც უპიროვნო ურთიერთობა უყალიბდება რომელიღაც კოლექტივთან, ადმინისტრატორი, რომლისთვისაც უმეტესად გარეგნულია მნიშვნელოვანი. ასეთი ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ პირად ამბიციას კვებავს.
ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა იერერქიის არაერთ სასულიერო პირს დაედო მსგავსი სასჯელი, მაგრამ არავინ შეცვლილა ამით. შეიძლება გადაყვანა ბევრად ლმბოიერ სასჯელად ჩანდეს, ვიდრე დროებითი აკრძალვა, მაგრამ მას არ მოჰყოლია შედეგი. სასჯელების სახეებში, რომელსაც სჯულის კანონში ვხვდებით, გადაყვანს, როგორც სასჯელს ვერსად ვპოულობთ (ინქებ მე არ ვიცი).
ყოფილა, მინანია ნაჩქარევად თქმული, მაგრამ არასდროს – დუმილი. იქნებ, ხვალ მომაწვეს ფიქრი, რომ ვიღაცას გული ვატკინე, ვიღაც განვიკითხე, მაგრამ ახლა ვერ დავიდე „საცოჲ პირსა ჩემსა“.