18 November 2016

ჯადოს შესახებ

წინა საუკუნის 80-იანების ბოლოს, როცა დაიწყო საეკლესიო ცხოვრების გამოღვიძება, იშვიათად ჩაივლიდა წირვა ისე, რომ ვინმე არ წაქცეულიყო, დუჟს არ ედინა პირიდან, გრეხვა-კვნესითა თუ ღრიალით არ შეეძრწუნებინა მლოცველები. სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეულ ათეისტურ მსოფლმხედველობაზე მეტად სამეგრელოში ფართოდ იყო გავრცელებული ე.წ. მებატონეობა – ოკულტიზმის ადგილობრივი სახესხვაობა, – და საეკლესიო ცხოვრების დაწყებისას იჩინა თავი ერში ფესვგადგმულმა ეშმაკეულობამ. გავიდა წლები. დიდი ხანია მსგავსი რამ არ გვინახავს. „ბატონების“ მსახურ-მჩხიბავებიც არ ჩანან. მხოლოდ ძალიან მიყრუებულ კუთხეებში თუ გამოჩნდებიან აქ-იქ. მაგრამ, ცრუმორწმუნეობა სრულად არ დამარცხებულა და ამჯერად ახალი სახით იჩინა თავი: მრავალი ადამიანი გასაჭირის მიზეზად ჯადოს მიიჩნევს, ცდილობს მოიძიოს იგი და გააუვნებელყოს ამ მომსახურებაში გამოცდილი მჩხიბავების მეშვეობით. სამარცხვინო და სატირალია, როცა ყველაფერ ამაში მათ ჩართულობას ვხედავთ, ვინც მორწმუნედ და ეკლესიის მრევლად სახელიდება.
მათეს სახარებაში მოთხრობილია მაცხოვრის მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ, რომელსაც ბოროტის შემოტევები სავსემთვარიანობის ჟამს მოსდიოდა. უფალმა განაძო მისგან ბოროტი სული. წმიდა მამათა განმარტებით, მთვარის ავსება არ იყო მიზეზი ეშმაკეულობის გამწვავებისა, არამედ ბოროტი სული ცდილობს თავისი მოქმედება შენიღბოს და ადამიანთა თვალში მიეწეროს ღმრთის ქმნილებას, რაიმე მატერიალურს. ამ შემთხვევაში მთვარე ჩანდა მიზეზად. გაკვირვებულ მოციქულებს კი, რომელთაც ვერ შეძლეს განკურნება, უფალი ასეთ გზას ამცნებს ბოროტისაგან განშორებისა: „ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მთ.17:21). ეს სასწაული ორ რამეს გვასწავლის:
1) მიზეზი სიავისა არის არა ნივთი, არამედ დემონური ძალის მოქმედება, რომელიც ცდილობს ამოეფაროს მატერიას – ნივთს, ბუნებრივ მოვლენას.
2) დემონური ზემოქმედებისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელია მარხვა და ლოცვა. მარხვა, ანუ მცდელობა ადამიანისა შეიზღუდოს თავი და შემოიფარგლოს ყველაფერში – ჭამაში, დასვენებაში, ურთიერთობებში, – მხოლოდ აუცილებლით და არ ეძიოს ტკბობა, განაწყობს და ამზადებს სულს ღმერთთან ურთიერთობისთვის. ლოცვით მოიხვეჭება, უფრო სწორად კი გამოითხოვება ის მადლი, რომელიც განწმედს ადამიანის სულს და იცავს ბოროტისაგან.
არც მაცხოვარს, არც მოციქულებს, არც წმიდა მამებს არასდროს უხსენებიათ ჯადო. იცოდნენ წმიდა მამებმა, რომ ის ძალთაქმედებანი, რაც ჯადოს მიეწერება, არის ეშმაკის მცდელობა შეინიღბოს და ნივთიერზე გადაუტანოს ყურადღება ადამიანს. ადამიანი, რომელიც ეძებს და პოულობს ჯადოს, ემსახურება ბოროტის ამ საქმეს.
მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია სიმონ მოგვის შესახებ (საქ. 8:9-25), რომელიც, როგორც გრძნეული, განაკვირვებდა ხალხს. ერმა წმ. ფილიპე მოციქულის ქადაგებით ირწმუნა ქრისტე და ნათელიღო. „სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე და ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა“. მას აკვირვებდა ის სასწაულები, რომელთაც იქმოდა წმ. ფილიპე და მოიწადინა ფულით ეყიდა ხელდასხმა, რომლითაც გადადიოდა სული წმიდა. ამისთვის განვარდა სიმონი ქრისტეს მიმდევართა რიგებიდან. საგულისხმოა, რომ იგი არ უარყოფს ქრისტეს, არამედ სწამს კიდევაც იგი, უსმენს მოციქულებს. მაგრამ მისი გული არ იწმინდება ჭურჭლად ღმრთის მადლისა. მას სურს არა გადარჩენა, არამედ ხელდასხმით გარდამოსული საღმრთო მადლის მიერ მოცემული ზებუნებრივი ძალების გამოყენება ხალხის განსაცვიფრებლად და მათზე გავლენის მოსახვეჭად. ეკლესიამ ვერ იგუა ასეთი ადამიანი, რადგან მისი ცნობიერება და მიზნები სრულიად განსხვავდება იმისგან, რისთვისაც ჯვარსეცვა მაცხოვარი. თანამედროვე „ჯადოსაგან დამხსნელებიც“ არ არიან ურწმუნო ადამიანები. მაგრამ მათი მიზანი არ არის ის, რასაც გვასწავლის წმიდა წერილი და მამათა მემკვიდრეობა. „ჯადოსაგან დახსნა“ მათი სარეწავია, ქონებისა და სახელის მოხვეჭის საშუალება. არ უნდა დაგვაბნიოს ხატების სიმრავლემ, რომელთაც ვხედავთ მათთან, ეკლესიაში კლიენტების გაგზავნამ, სახლების კურთხევისაკენ მოწოდებამ. ეს მხოლოდ ნიღაბია, რათა ქრისტეანის სახის მორგებით აკეთონ თავიანთი საქმე. არსებითად კი, მათი მოქმედება არის დემონური ძალის შემოყვანა ადამიანში.
ჯადოს „მოძიებაც“ და ამის „უნარიც“, ერთგვარი სასწაულია, რომლითაც ცდილობენ მჩხიბავები ავტორიტეტის მოპოვებას. სასწაული, რომელმაც მათთან უნდა მოიყვანოს ადამიანი. უფალი კი ბრძანებს: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს“ (მთ.12:39). ვაი ჩვენ, თუ ჩვენი მსოფლმხედველობისა და მიზნების გამო სახარება გვიწოდებს ბოროტსა და მემრუშეს!
რამდენიმე ხნის წინ ერთი მორწმუნე მოვიდა. როგორც თავად თქვა, ხშირი წარუმატებლობის გამო შესჩივლა სულიერ მოძღვარს და ასეთი რჩევა მიიღო: „მე აქ ვერაფერს გშველი; იქნებ, ჯადო გაქვს გაკეთებული და უნდა მიმართო მას, ვინც დაგიხსნის“. გაუკვირდა და ეცადა სხვა ღმრთისმსახურთან გადაემოწმებინა რჩევის სისწორე. რა უნდა თქვა ამაზე?! არავინაა უცდომელი, მაგრამ, როცა ცდება ადამიანი, რომელსაც ევალება ხელმძღვანელობა სულიერ ცხოვრებაში, ცდება იმაში, რაც ეხება არა მიწიერ მეცნიერებებს, ცხოვრებისეულ საჭიროებებს, არამედ სარწმუნოების არსს, ეს უკვე სულიერი კატასტროფაა. ნუთუ არ გვწამს, რომ ქრისტეს მსახურნი ვართ?! ნუთუ არ წამს ადამიანს, რომ ქრისტე ღმერთია – ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმპყრობელი, უძლეველი და მოსიყვარულე, ანი და ჰოე?! როგორ მღვდლობს ადამიანი, რომელსაც გაყოფილი აქვს სულიერი მსახურება „ჯადოსაგან დამხსნელ“ მჩხიბავთან, და საერთოდ, რა და ვინ სწამს მას?! მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ რეალობაა, რომელიც, საუბედუროდ, არაერთხელ გვინახავს.
იშვიათია მორწმუნე, რომელიც არ იცნობს წმ. კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრებას. კაცი იყო ბოროტის მსახური, აღასრულებდა ძალთაქმედებებს, რომელთა წინააღმდეგობა ვერ შეეძლო ადამიანს, მაგრამ ვერაფრით ავნო ერთ უბრალო მორწმუნე ყმაწვილ-ქალს. იმდენად გააოცა მისმა უძლეველობამ, რომ თავად მოიქცა ქრისტეს რწმენაზე, უარყო დემონური მსახურება, კართაგენის ეპისკოპოსიც კი გახდა და მოწამეობრივად აღესრულა. ქრისტეანები ხშირად კითხულობენ მისდამი მიძღვნილ დაუჯდომელს ბოროტი ძალის შემოტევისაგან დასახსნელად. 17 საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ. გასაოცარია, რომ დღეს შეუძლია ადამიანს მიმართოს მჩხიბავს და თავი ქრისტეს ერთგული ეგონოს.
დღიდან ადამის დაცემისა, ბოროტი ცდილობს არ დაკარგოს გავლენა კაცთა მოდგმაზე. თუ მაცხოვრის ჯვარცმამდე მისი ბატონობა იყო უძლეველი, ღმრთის მადლის შემწეობით დღეს გვაქვს შესაძლებლობა და ძალა არ დავემორჩილოთ და საუკუნო ცხოვრება ავირჩიოთ. გენიოსია ბოროტი და იგონებს ისეთ ხერხებს, რომელთაც, თუ არა ღმრთის შემწეობა, ვერც კი შეიცნობდა კაცი. მჩხიბაობა, მარჩიელობა, ჯადოს ძიება – ყველაზე უხეში და მარტივი გზებია ბოროტის შემოშვებისა. თუ ამაში ვერ დაინახა ადამიანმა წარმწყმედელი გზა, როგორღა გაერკვევა გულში გველებივით მოსისინე ვნებებში, ცოდვებში, ჩვევებსა და მიდრეკილებებში?!
„მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს“ (ინ.18:36), – ბრძანებს მაცხოვარი. არ მოსულა უფალი სოფლად, რათა აქაურობა ექცია სამოთხედ, არამედ იმისთვის, რომ გადავერჩინეთ, არ დავრჩენილიყავით ამასოფლისაგანნი, რათა დაერღვია ეშმაკის მძლავრობა ჩვენში და გაეხსნა გზა სასუფეველისაკენ. მართლმადიდებლობა არავის ჰპირდება, რომ, თუ შეიცნობს ჭეშმარიტებას, მოენიჭება მიწიერი წარმატება, ნაყოფიერება, ბედნიერება. დიახ, შესაძლოა გვიწყალობოს უფალმა, მაგრამ არა ამისთვის მოვდივართ ეკლესიაში. „შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან განსაცდელისა“ („შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“) (ზირ.2:1), – ვკითხულობთ ზირაქის სიბრძნეთა წიგნში. ბოროტი არ ტოვებს უბრძოლველად მას, ვინც მისი ძალაუფლებიდან გამოსვლა და ქრისტეს მორჩილება გადაწყვიტა. დაუშვებს უფალი განსაცდელებს, გვიკაკუნებს, რათა ამით მოგვიყვანოს ეკლესიაში და მერე ბევრად მეტსა და ამღელბულს გვიჩვენებს, ვიდრე მოველოდით, მასთან ურთიერთობას გვაჩვევს და გვაყვარებს, რათა მისი საუკუნო სასუფეველისათვის მოგვამზადოს. საღმრთო მადლის მოხვეჭა – ეს არის ეკლესიური ცხოვრების მიზანი. ადამიანი, რომელიც არ ცდილობს ამის გაგებას და ღმერთში მიწიერი ცხოვრების შემწესა და მერე, გარდაცვალების შემდგომ „კარგ ადგილას“ წამყვანს ხედავს, ვერასდროს მიხვდება, რომ ქრისტე ჯვარსეცვა. ესმის ყურით, კითხულობს თვალით, მაგრამ მის გულს ვერაფერი წვდება. ვერაფერს ხვდება. ასეთი ადამიანი ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა მჩხიბავთან, ჯადოსაგან დამხსნელთან, რომელიც მის ცნობიერებას ერთგვარ დამატებად ესახება ეკლესიისა. აკი დღევანდელი მჩხიბავები სიტყვით არ უარყოფენ ქრისტეანობას, უბრალოდ არ ესმით და ვერ მიჰყვებიან მას. მიზეზი ჯადოს მაძიებლობისა არის ადამიანის სულის წუთისოფლის მიერ მოჯადოება და დატყვევება. თუ რამ ჯადოა მოსაძებნი, ამ ადამიანების სულებში უნდა იქნეს მოძიებული და არა მათ კარ-მიდამოსა და სახლებში.
გენიალური ნაწარმოებია ილია მართლის „კაცია ადამიანი?!“ სკოლაში ისწავლება, მაგრამ მოწიფულ ასაკში აუცილელბად უნდა წაიკითხოს კაცმა. ზედაპირული შეხედვით ცუდ ადამიანებად არ ჩანანან ლუარსაბი და დარეჯანი. არ აქვთ განსაკუთრეული ცოდვები – ყველაფერი ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს: ამპარტავნება, შურიანობა, ნაყროვანება და ა.შ. მაგრამ, ეს არის სახე ადამიანისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი და ცხოვრების საზრისი, ჭეშმარიტი ღირებულებები და სამარადისო მიზნები. მათი რელიგიურობა ვერ სცილდება სტომაქის საჭიროებასა და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ნიშანდობლივია, რა ადგილი უჭირავს მათ რელიგიურობაში ჯადოს შიშს, – გვახსოვს ჯადოს მოპოვების სცენა. ნუ ვიქნებით თანამედროვე ლუარსაბები! ეს ადამიანის ტრაგედიაა, მისი სულის წარწყმედის მაუწყებელი.