20 August 2016

მოლოქეები გვითხზავენ ზღაპრებს. ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის რომანიდან „სამოსელი პირველი“.

რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა იტყებდით.“ (მთ. 11:15-18).
მიმოიხედავ ირგვლივ, ხვდები, სად მივდივართ, ვისა და რას ვეთაყვანებით, გინდა იყვირო – „დაფირქდით, შეჩერდით“, მაგრამ არავის ესმის და ჩასაქოლადაც მოიწევიან.
თუ სახარებისა არ გვესმის, იქნებ გენიოსი მწერლის მხატვრულმა სიტყვამ დაგვაფიქროს. ეს ხომ ჩვენზე და ჩვენთვის დაიწერა!
==
„— ბრიყვებო, ძმებო! - ბრბოს მოუხმობდა თმაწვერაბურდული მენდეს მასიელი,
კასრიდან კასრზე გადადიოდა, და მიწა-მიწად მიჰყვებოდა ჯერ ორი მწყემსი – გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლჲოსა, სხვები უძრავად, თავშემართულნი იდგნენ, - დიდი ხნის წინათ, უგუნურებო, ასურეთის ფხვიერ მიწაზე კერპი მოლოქე ამოიზარდა, ყური დამიგდეთ! - ჯერ კაცი იყო, სპილენძად იქცა... ღვინო იყო თუ დამდგარი წყალი, პური იყო თუ გამომშრალი ძნა, სუყველაფრიდან თავის წილს ითხოვდა! კაცი იყო, და სპილენძად იქცა... ჯერ ხნულში იდგა, კაცი რომ იყო, მერე შეძულდა მოლოქეს მიწა და აღმართ-აღმართ იარა თითქოს, კლდეზე ავიდა, მართლა ავიდა მოლოქე კლდეზე, სინამდვილეში კი დაღმართს ჩაუყვა, ჯოჯოხეთისკენ ჩაცურდა ნელა - კლდის თავზე დადგა! და თქვენისთანა უგუნურები წყალს უზიდავდნენ მხრებით, ურმებით...“
„— ჯერ ხნულში იდგა მოლოქე იგი, ისიც სხვასავით ჯერ გლეხი გახლდათ, იმის მეზობელს კი იანე ერქვა - ერთი თქვენსავით ჩვეულებრივი კაცი იყო... მაგრამ მოლოქემ ერთ დაწყევლილ დღეს თვალში შეხედა. საღამო იდგა და ძილისწინა მიყუჩებისას, დაღლილ იანეს სოხანეზე დაგებულ ცხვრის ტყავებისკენ რომ ეზიდებოდა ნამუშევარი, დგომით დაღლილი წვრილი ფეხები, თითქოს ახლახან გამოღვიძებულ მოლოქეს თვალებს წააწყდა, და შეეშინდა! და რადგან ჯერაც არ გაჩენილა ამქვეყნად ისეთი ბზარი, სადმე სხვაგან რაიმე რომ არ გაემაგრებინოს, იმ ყურებისას მოლოქე იგი - გოროზდებოდა, ღონეს იკრეფდა, უმაგრდებოდა წყეული გული, ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და საცოდავი იანე კიდევ - პატარავდებოდა მთლად... ფუჰ, ლაწირაკი, და, უგუნურნო, თქვენ ყველას გგავდათ!“
„— და გაძღა, გაძღა, ზედმეტად გაძღა მოლოქე იგი, მკლავებში ძალა ჩაებუდა, პირში - სიმყრალე, და მეორე დღეს ვეღარ იკმარა იანეს ხორცი. და ახლა სხვისას წაეპოტინა, ღონიერისას უფრო, რადგან მოლოქეს ახლა სხვა ძალაც ეგულებოდა - ბეჩავ იანეს თვალებიდან რომ ამოუწოვა, ის... ქვეყნად არარა არ იკარგება, ოღონდ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე და, ძმებო, იანეს დონეც შემოიმატა ბინძურ სხეულში მოლოქემ, მომავალმა კერპმა, და სხვაც დაჩაგრა. ისინი, ბრიყვნო, ცალ-ცალკე იყვნენ, თავის ოჯახში, თავიანთ შემოღობილში, თავ-თავიანთ სოროში, სწორედ თქვენსავით - და რარიგ კოხტად ცხენს აჭენებდეთ, მაინც სოროში დაბობღავთ, ძმებო!.. მერე შეძულდა მოლოქეს მიწა, მიწაზე დგომა, და მიწის სუნი, ამყრალებული კლდისაკენ წავიდა, მაღლა დადგომა მოუნდა, ოხერს, თავისი ჭკუით კლდეს აუყვა, და, და ვინ ბრიყვმა დასძინა ნეტავ პირველად რომ ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი - არა, აღმართი ცოტაა, ძმებო! დაღმართი – ბევრი...“
„— კლდის თავზე შედგა მოლოქე იგი, მრისხანებით დაჰყურებდა მობუზულ სოფელს. უზომოდ გამძღარს, და სიამაყით გამომტყვრალს, ოხერს, დიდი თვალები გადმოეკარკლა, და ღონივრად სუნთქავდა, ნიავს მიჰქონდა მძიმე სიმყრალე, ძმებო და სოფლად ჰფენდა - არა, არარა არ იკარგება! და თქვენისთანა იანეები წილს უზიდავდნენ მხრებით, ურმებით, ვისაც რა ჰქონდა - ღრუბლებში იდგა მოლოქე იგი, თვალებში ცეცხლი უელავდა და, რადგან არარა არ იკარგება, და ნიავის გზას ვინ გამოიცნობს, დიდრონ-დიდრონი ქალაქებიც გაშენდა ქვეყნად - რომი, ბაბილონი...“
„— დიდრონ-დიდრონი ქალაქები გაშენდა ქვეყნად - რომი, ბაბილონი, პომპეა და რიო დე ჟანეირო, და ქალაქებში ისე ცხოვრობდა ახალი ხალხი, უკეთ ცხოვრებას რომ ეძახიან რატომღაც, ძმებო, ხოლო ქალაქში, კოხტად მოკირწყლულ ქუჩაბანდებში ჯეჯილი რომ ვერ ათავთავდება, - მოგეხსენებათ; და პურის გარდა, სხვა რამ, კოპწია ნივთებიც სურდათ, მეზობლისაზე უკეთესი, და ქალაქების გაშენებამდე მტაცებლებმა და გაუმაძღრებმა, მოლოქეს სუნით მოწამლულებმა, კლდეზე იპოვეს მიხრწნილი კერპი. კლდეზე აფოფხდნენ, და რომ ყოველთვის მცველად ჰყოლოდათ, მიხრწნილი ლეში წამოაყენეს, სპილენძით კარგად მოჭედეს, საგულდაგულოდ აპრიალებდნენ, და აბრჭყვიალდა მოლოქე მზეზე, და ხელოვნური, ბროლის თვალებით სადღაცას კუშტად იმზირებოდა, კაცი იყო და - სპილენძად იქცა, მისი ხალხი კი დაბლობისაკენ ჩამობობღდა, მრავალ იანეს - ქალაქები აშენებინეს, მოტყუებით და მუქარით, ძმებო, ენაც - დაიტკბეს და ოთხი ბრიყვი იანეთი მეხუთეს - ჭკვიანს, სიკვდილით სჯიდნენ, და თქვენგნით ძალა ემატებოდათ, და მოლოქესგან აყოლილი ბინძური სუნი რომ მიეჩქმალათ, სუნამოებს ისხამდნენ თავზე, კოხტა ეტლებით დასეირნობდნენ, გაივსეს სახლი, და ამის ღირსნი რომ ყოფილიყვნენ - იანეების დაბინდულ თვალში - სუყველამ თავ-თავისი ზღაპარი შეთხზა, და მოუკირწყლავ, ვრცელ მიწაზე დარჩენილებს შორიდან კოხტად ანუგეშებდნენ, სწორედ თქვენსავით უგუნურთ, ძმებო, და კერპი პრიალისგან რომ გაცვდა, მერე ბრინჯაოდ ჩამოასხეს - უფრო დამძიმდა... ერთ მოლოქეთა იანეები მეორეების იანეებს ებრძოდნენ ხანდახან, ძმებო, და ქალაქებში მძლავრად იქნევდნენ მჭედლები უროს, იანეთათვის ნამგლებსა და ხმლებს სჭედდნენ, ისინიც კარგა გვარიანად იღლებოდნენ და საღამოობით - ზღაპრებს ისმენდნენ და თქვენც, ბრიყვებო, დიდი ხნის უკან დღევანდელივით წელში წყდებოდით, ხანდახან ცხენსაც აჭენებდით, ხომ? - ნამდვილად დიდი შეღავათია... მოლოქეები გითხზავდნენ ზღაპრებს, და მხარ- თეძოზე წამოწოლილებს, ანდა - გაჯგიმულებს საბრძოლო ეტლში, ახალ-ახალი მუზა იპყრობდათ - წინა მუზაზე უფრო მოქნილი, და შეფერილი ჰაერთან გველი; ძვირფას- ძვირფასი ლარნაკებითა და თასებით გაივსეს სახლი, ვერცხლით მოჭედეს ბედაურები, და მოლოქესაც ვერცხლის სამოსი გადააცვეს, როგორ ბზინავდა... თქვენ, წელში გამწყდართ, რაღაც-რაღაცის უფლება მაინც მოგენიჭათ, მხოლოდ იმისათვის, უგუნური თავი რომ გაგეტანათ, და რამდენიმე შვებაც, ბრიყვებო, ზეიმად მოგცეს: მცირე ქორწილი და ქორწინება, რომ არ გადაშენებულიყავით და ვრცელ ღამეებში ჩახუტებულებს, თქვენ სიყვარული გეგონათ. ძმებო, მცირეოდენი თამაშობანი - იმ სიმკვირცხლისთვის, მუშაობა რომ შეგეძლოთ, და თქვენ, ბეჩავნი, სილაღედ თვლიდით, ბედნიერადაც რომ ჩაგეთვალათ უტვინო თავი, ცეკვა-სიმღერაც არ აუკრძალავთ და თქვენი ყოფის სამადლობელი ყალბი სიმღერის შეთხზვისათვის - ო, გარეწარნო - თქვენთვის თავზეც კი გადაუსვამთ ვარდისა წყალში განბანილი ბინძური ხელი, აჰ, როგორ თრთოდით, იანეს სული გიკაწკაწებდათ, და მოლოქესკენ ნაბიჯი წარსდგით, შინ კი, თაროზე, შემოგემატათ ერთი ქოთანი... და, უგუნურნო, ბუნიობისას მთვარის მოქცევას, ანდა ახალ წელს როცა ზეიმობთ, არავინ იცით, თქვენთვის მუდამ რომ ძველი წელია და უფრო მეტიც - ის დაწყევლილი იანეს ბინდი, იგივ საღამო... მაგრამ, გამხნევდით, ძმებო - ვინც გამომყვება, ნამდვილ, დიდებულ, დიდ ქალაქს ნახავს... შენ რაღა გქვია?“