პროფესორი მიხაი კრისტია. რუმინეთი.
ვკითხულობთ წმიდათა ცხოხვრებაში დიდი სასწაულების შესახებ და არც კი გვჯერა, რომ რაიმე მსგავსი შეიძლება ნამდვილად ხდებოდეს. რატომ აღასრულებდა ღმერთი წარსული დროის ქრისტეანებისათვის ამდენ და ესოდენ სასწაულს, რომელთაც ვერც კი ვხედავთ დღეს? ძე ღმრთისა ბრძანებს: „სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდიან“ (მკ.16:17-18). ნუთუ ჩვენ უკვე არ გვჯერა იმისა, რასაც გვასწავლის მაცხოვარი?
ქრისტეანული ცხოვრების სეკულარიზაციის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა არის კომპრომისების დაშვება.
თანამედროვე ადამიანი გამართლებას უძებნის ნებისმიერ ცოდვას, დაწყებული მარხვის დარღვევითა და წირვაზე არდასწრებით, მრუშობის ნორმად დაშვებამდე – და ეს თითქოს იმიტომ, რომ „ვერ ვიცხოვრებთ ქვეყნად სიყვარულის გარეშე“. თანამედროვე ქრისტეანს სურს დემოკრატიულად გაუყოს საკუთარი თავი წუთისოფელსა და ღმერთს.
თანამედროვე ადამიანი გამართლებას უძებნის ნებისმიერ ცოდვას, დაწყებული მარხვის დარღვევითა და წირვაზე არდასწრებით, მრუშობის ნორმად დაშვებამდე – და ეს თითქოს იმიტომ, რომ „ვერ ვიცხოვრებთ ქვეყნად სიყვარულის გარეშე“. თანამედროვე ქრისტეანს სურს დემოკრატიულად გაუყოს საკუთარი თავი წუთისოფელსა და ღმერთს.
ჩვენ ფარულად გვენერგება, რომ დღეს უკვე ძნელია ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობდნენ ქრისტეანები საუკუნეების წინ. ხშირად გვესმის, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის უნდა გვქონდეს „გაწონასწორებული“ პოზიცია, – თუ დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს, თავს გვახვევენ ნელთბილ, წუთისოფლის სულის სასარგებლოდ კორექტირებულ ქრისტეანობას.
ამ პოზიციის გასამართლებლად შემუშავებულ იქნა მთელი თეოლოგია კომპრომისებისა, რადგან არცთუ ადვილია შეეწინააღმდეგო თვით ძე ღმრთისას, რომელიც ბრძანებს: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.“ (მთ. 6:24).
წმიდანთა თაყავანისცემა მეტამორფოზებს განიცდის და კომერციულ სტანდარტებს ემორჩილება. ნაცვლად იმისა, რომ მოწამეებში, წმიდა მღვდელმთავრებში, ქრისტესთვის სალოსებსა და ღირსებში რწმენის, სათნოებების, ღვაწლის, ცოდვასთან და ბოროტთან ბრძოლის იდეალები დავინახოთ, ჩვენ ვუყურებთ მათ მხოლოდ და მხოლოდ როგორც შემწეებს, უვეცხლო მკურნალებს და „ზეციურ სპონსორებს“, რომლებიც სახლის, მანქანის და ამასოფლის სხვა სიკეთის მოხვეჭაში გვეხმარებიან.
ამის თვალსაჩინო გამოხატვა არის მოსახსენებელთა დასტები, – უმრავლესობა ლოცულობს, რომ დაოჯახდეს, იშოვოს სამსახური, მაგრამ ბევრად ნაკლებია, ვინც ითხოვს ძალის მონიჭებას, რათა ცხოვრების წმიდად გატარებით აღასრულოს ნება ღმრთისა.
წმიდათა ცხოვრებას კითხულობენ უფრო როგორც თავშესაქცევ მოთხრობებს, ვიდრე როგორც სულიერ ცხოვრებაში საორიენტაციო სახელმძღვანელოებს. არადა, ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს.
ცხოვრების ყოველი მომენტისათვის უნდა ვპოულობდეთ ორიენტირებს წმიდათა ცხოვრებაში. არ იყო ადრე არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, ადამიანები არ მგზავრობდნენ მანქანებითა და თვითმფრინავებით, მაგრამ სულიერი ბრძოლა ხომ იგივე იყო და იმავე კრიტერიუმებით მიმდინარეობდა, რომელთაც დღესაც უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას.
რატომ არ აღესრულება ძველებური სასწაულები ჩვენს დროში? იმიტომ, რომ ჩვენი დამოკიდებულება რწმენისადმი გახდა ნელთბილი; იმიტომ, რომ ჩვენ სანახევროდ ვართ ჩვენი რწმენის აღმსარებლები, რათა „არ დავაბრკოლოთ“ ქვეყანა, სინამდველეში კი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ კეთილგანწყობა და მეგობრობა წუთისოფელთან.
განა შეიძლება ვიწოდებოდეთ მაცხოვრის მოწაფეებად, რომლის სახელსაც ვატარებთ, თუ გვსურს, რომ ვუყვარდეთ წუთისოფელს მაშინ, როცა მას სძულდა და სძულს ქრისტე, რადგან უფალი მოწმობს მასზე: „საქმენი მისნი ბოროტ არიან“ (ინ. 7:7)? ვემსგავსებით კი წარსრული დროის ქრისტეანებს, რომელთაც მიესადაგება ღრმთის მიერ თქმული: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა“ (ინ.15:19)?
რა თქმა უნდა, დღეს ბევრად შემცირდა იმ ქრისტეანთა რიცხვი, რომელთა გულები ანთებულია ქრტისტეს მიმართ, მისი მცნებების დასაცავად. სულ უფრო ძნელია ასეთი მაგალითების პოვნა და ბევრმა მათგანმა, რომელიც გულწრფელად ეძებს ღმერთს, არც კი იცის, რას წარმოადგენს ის ნამდვილი ქრისტეანული პოზიცია, რომლის ძალით ადამიანს ძალუძს იცხოვროს ქრისტეში, იტანჯოს მასთან და ეზიაროს იმ საოცარ და ღმრთაებრივ ცხოვრებას, რომლისეკენაც ვართ მოწოდებულნი უკვე აქვე, მიწაზე.
მაშ, დავემოწაფოთ ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც არასდროს მოკლებია ქვეყანას ყველა საუკუნეში, დაწყებული წმიდა სტეფანე პირველდიაკვნით თვით დღევანდელობამდე.
მივსდევთ რა მათ, ჩვენ მივსდევთ თვით ქრისტეს და ვცხოვრობთ მასში. რადგან, მხოლოთ მათდამი მიბაძვით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიტკბოება მადლისა, რომელსაც ეზიარნენ წმიდა მოწამენი, რომლის ძალით ყოველგვარ დევნას სიხარულით ეგებებოდნენ და ყოველგვარ ტანჯვას უყურებდნენ როგორც ცხოვნების შესაძლებლობას.