30 July 2016

* * *

დღევანდელმა სიცხემ კიდევ ერთხელ შემახსენა ერთი შორეული ამბავი.
1990-იანი წლებია. ის დროა, როცა შუქი გრაფიკით მიეწოდება და გრძელი „ოოოოო“ გადაიქუხებს ხოლმე ქალაქში საღამოობით. ივლისის გავარვარებული დღეა, როცა მშიერ ძაღლს მიგდებული ლუკმის ასაღებადაც კი დაეზარება ადგომა. მოულოდნელად მიწევს მოშორებით მგზავრობა და ოთხივე საბურავი უნდა გამოვცვალო. სად? ვინ იმუშავებს უშუქოდ? მოულოდნელად, ქალაქის ცენტრში ერთი ვულკანიზაციის კარს ღიად ვხედავ. „კი, გავაკეთებთ, აბა რა“. „ამას "დვიჟოკი" ჰქონია“, – გახარებულს გამიელვა თავში. დავაწყვე ოთხივე საბურავი, მოხსნა ერთი და დაიწყო... მაგრამ რა დაიწყო – ვისი გენერატორი, თურმე ხელით უნდა იმუშავოს. ვისაც უკეთებია, კი იცის, რა შრომაა. უკვე მეორე საბურავს აგებს, ოფლი წურწურით იღვრება ბორბალზე. ამ დროს შემოდის ვიღაც მისი ნაცნობი და ეკითხება: „როგორ ხარ?“ „კარგად ვარ, იცი?! კარგად ვარ და ხომ ვერ გეტყვი, რომ ცუდად ვარ?“. შევხედე. იქნებ ირონიით ფარავს შრომის სიმწარეს. მაგრამ არა. სახის გამომეტყველება, მოსაბურბის რეაქცია, მათი შემდგომი საუბარი – ყველაფერი მოწმობს, რომ ადამიანი კარგადაა და არაფერი აწუხებს. იმ წუთას ჩემთვის რომ ეკითხა ვინმეს, გარდაუვალად ვახსენებდი შემაწუხებელ სიცხეს, ეს კი... წლები გავიდა და ის მამხილებელი დღე დღესაც მახსენდება.
ბევრჯერ მიფიქრია, რატომ იყო ის ადამიანი მაშინ ასე კარგად. არ ვიცი, რა ხდებოდა მასში. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მისი სურვილების ზღვარი გადიოდა იქ, სადაც მთავრდებოდა შესაძლებლობები. არავინ გაუგრილებდა დღის სიცხეს, არც დენს ჩაურთავდა ვინმე და ის ფასიც იკმარა, რასაც ჩვეულებრივად ახდევინებდნენ მსგავს საქმეზე, მაგრამ კარგად იყო, რადგან სიმშვიდე ჰქონდა. ხშირად, ვწუწუნებთ და ვჩივით სიცხეს, წვიმას, გარემოებას, მთავრობას, მტერს – რას და ვის არ ვახსენებთ და გვავიწყდება, რომ ყოველგვარი შეჭირვების უპირველესი მიზეზი იმ რაღაცის დაკარგვაა, რაც ჩვენში უნდა იყოს. ქრისტეანებმა ვიცით, რომ ამ „რაღაცას“ საღმრთო მადლი ეწოდება. იმიტომ ხომ არ გვემართება ეს, რომ ჩვენს სურვილებს ჩვენვე არ ვუდებთ ზღვარს?! ვიღაც თავად იზღუდავს თავს, ვიღაც კი ემორჩიელბა შესაძლებლობებს და არ განავრცობს სურვილებს მათ მიღმა.
სულიერი მარხვის ერთ-ერთი თვისება, რომლის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება იყოს ქრისტეანული, არის, შეძლებისდაგვარად, საჭიროებების, აუცილებლობის ფარგლებით შეზღუდვა მოთხოვნილებებისა. გარდა თვითიძულებისა, ერთ-ერთი საშუალება საამისოდ არის ღმრთისადმი მადლიერება. რამდენჯერ ვიტყვით დღეში „უფალო შემიწყალე“ და რა იშვიათად „გმადლობ, ღმერთო“! „მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“ (მათ. 25:21). ვერ ვმადლობთ შემოქმედს მცირედისათვის და არც მრავალი და დიდი გვეძლევა. ზოგჯერ, ყოველი მხირდან შევირვებული იტყვი გულში, „გმადლობ, უფალო, რომ უარესად არ ვარ“ და თითქოს რაღაც განათდა, ხვდები, რომ ერთი გზა – ზემოთ – ყოველთვის ხსნილია, ხვდები, რომ არ ხარ მარტო. დავკარგეთ ადამიანებმა მადლიერება ღმრთისა და მოყვასისადმი და დაიკარგა ის, რაღაც, რის გარეშე ბედნიერი ვერ ხარ.
ერთი მათხოვარია ზუგდიდში, გასაცოდავებული, მოხრილი და სნეული. „მომეს“ ეძახიან, რადგან სხვას არაფერს ამბობს. მაგრამ, თუ „მომე“ გითხრა, მერე არ მოგეშვება, სანამ არ მიიღებს. ლაპარაკი კი იცის, მაგრამ ლექსიკის სიმდიდრისთვის აბა ვინ რას მისცემს?! როცა ვხედავ, სულ მიჩნდება აზრი, რომ ჩვენს სამხილებლად დაუშვა უფალმა მისი არსებობა. ჩვენც ხომ სულ ასეთი სათხოვარით ვაჭირევებ უფალს: „მომე უფალო ეს, მომე ის, მომე, მომე...“ და რა იშვიათად ვიტყვით „გმადლობ, უფალო“?!