მიწიერ ყოფას წუთისოფელი უწოდა ჩვენმა წინაპარმა. დიახ, წუთი და, შესაძლოა, წუთიც არ იყოს მთელი ცხოვრება ადამიანისა ამქვეყნად. მოხვედი და… უკვე წასვლის დროა. და ეს ხანმოკლე ყოფაც ათასგვარი ჭირითა და ტკივილით მძიმდება. მათშიც არის მეტნაკლებობა, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი უმძიმესი არის ის, რის განცდას მტერსაც არ ვუსურვებთ – შვილის დაკარგვა. განსაკუთრებით მძიმე და სასოწარმკვეთია ეს ტკივილი მათთვის, ვისი გონების თვალს ჯერ არ აღუხილავს ზეცისკენ. მზე ბნელდება ასეთებისთვის. მაგრამ, უფალმა განგვიცხადა თავი და გვაუწყა მომავალი ნეტარების სახარება, ჯვარი იტვირთა და აღდგომის სიხარულის თანამოზიარედ გვიჩინა. არ შეიძლება ასეთი ღმერთი და მხსნელი იოტისოდენა ტკივილსაც კი უშვებდეს ისე, რომ რაღაც უფრო დიდი, იდუმალი სიხარულის მარცვალი არ იდოს მასში. მაშინ გაჰყავს ადამიანი ღმერთს, როცა მისი სულის გადარჩენისთვის ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს. ვიღაცისთვის ეს ჩვილობაა, ვიღაცისთვის – სიყმაწვილე, ვიღაცისთვის – მოხუცებულობა. ადამიანები კი ვესწრაფით მიწიერი ცხოვრების გახანგრძლივებას და, ზოგჯერ, მცირედმორწმუნეობის გამო ზეციურ მარადისობას წარმავალ დღეებში ვახურდავებთ.
როცა ვიგებ ყრმათა გაყვანას ამქვეყნიდან, ყოველთვის მახსენდება ერთ-ერთი დეკაბრისტის – კონდრატე რილეევის დედის სიზმარი.
„კონია სულ სამი წლისა იყო, როცა ის – ძვირფასი, ჩემი საყვარელი შვილი, საშიშად, უიმედოდ დაავადდა. სავარაუდოდ, ეს იყო ყივანახველა ან დიფტერია – ექიმებს არ აუხსნიათ ჩემთვის. კონსილიუმზე მოწვეულები მხოლოდ თავს აქნევდნენ, ხედავდნენ რა ბავშვის გამოჯანმრთელების შეუძლებლობას. „ის დილამდეც ვერ გასტანს“, – უთხრეს მათ აქვითინებულ ძიძას. მე კი, რადგან ხედავდნენ ჩემს სრულ სასოწარკვეთას, ვერ მიბედავდნენ ამის თქმას, მაგრამ, განა ვერ ვამჩნევდი ჩემი საბრალოს მდგომარეობის მთელ სიმძიმეს?! ის იგუდებოდა, წრიალებდა საწოლში, უჭერდა დასუსტებულ, გაფითრებულ ხელებს და უკვე ვერ მცნობდა – მის დედას.
ჩემო სიხარულო, ბედნიერებავ, ჩემო საუნჯე, ნუთუ წახვალ ჩემგან?! წახვალ! არა, ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია!… განა შევძლებ ამის მერე ცხოვრებას?! – ვჩურჩულებდი და ცრემლებით ვალბობდი ამ ჩემთვის უსაყვარლეს ხე"ლებს. ნუთუ არ არის ხსნა?!… არის, არის… ხსნა – ღმრთის მოწყალებაშია… მაცხოვარი, ზეცათა დედოფალი დამიბრუნებენ ჩემს ბიჭს, დამიბრუნებენ და ის – ჯანმრთელი კვლავ გამიღიმებს!… თუ არა?… ო, ღმერთო, განმამტკიცე მე უბედური!…
საშინელ სასოწარკვეთაში მყოფი, დავემხე კანდელის მკრთალი შუქით განათებული მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატების წინაშე და მხურვალედ ვლოცულობდი ჩემი პაწიას გადარჩენისთვის. ვლოცულობდი ისე გულმხურვალედ, როგორც მერე ვერასდროს შევძელი. მაშინ მთელი ჩემი სული ჩავდე უფლისადმი ჩემს ვედრებაში.
არ ვიცი, რამდენხანს გაგრძელდა ჩემი ლოცვითი აღტაცება… მახსოვს მხოლოდ, რომ მთელს ჩემს არსებას დაეუფლა გაუგებარი ნათელი, სიხარული, სიმშვიდის ერთგვარი გრძნობა… თითქოს რაღაც ნანინათი მგვრიდა ძილს. ქუთუთოები დამიმძიმდა. ძლივძლივობით წამოვდექი, დავეყრდენი საწოლს, წამოვჯექი სნეულის სარეცელთან და მყისვე მივეცი მსუბუქ ძილს. დღემდე ვერ ვაცნობიერებ, იყო ეს ძილი თუ სინამდვილეში მესმოდა… ო, როგორ მკაფიოდ გავიგონე ვიღაცის უცხო, მაგრამ ესოდენ ტკბილი ხმა, რომელიც მეუბნებოდა:
— გონს მოდი, ნუ ევედრები უფალს გამოჯანმრთელებას… მან, ყოვლისმცოდნემ, იცის რატომ არის საჭირო ბავშვის ახლა გარდაცვალება… უფალს თავისი კეთილნაწლეობის, მოწყალების გამო სურს მისი და შენი გათავისუფლება მომავალ ტანჯვათაგან… რა მოხდება, თუ მე გაჩვენებ შენ მათ… ნუთუ მაშინაც დაიჟინებ სიმრთელისათვის ლოცვას?!
— კი… კი… დავიჟინებ… ყველაფერს, ყველაფერს მივცემ… თავად მივიღებ ნებისმიერ წამებას, ოღონდ ის, ჩემი ცხოვრების ბედნიერება დარჩეს ცოცხალი!… — ვამბობდი, ლოცვით მივმართავდი იმ მხარეს, საიდანაც მესმოდა ხმა და ამაოდ ვცდილობდი გარჩევას, ვის ეკუთვნოდა ის.
— მაშ, გამომყევი…
და მე დავემორჩილე საუცხოო ხმას, გავყევი არ ვიცი სად. ჩემს წინ ვხედავდი მხოლოდ ოთახების გრძელ წყებას. პირველი მათგანი მთელი მისი მორთულობით იყო იგივე, რომელშიც იწვა ჩემი მომაკვდავი ბავშვი. მაგრამ, ის უკვე არ კვდებოდა… უკვე აღარ ისმოდა მისგან სტვენა, სიკვდილისწინა ხროტინი. არა, მას წყნარად, ტკბილად ეძინა მოვარდისფრებული ლოყებით და ძილში იცინოდა… ჩემი პაწია სრულიად ჯანმრთელი იყო! მინდოდა მის საწოლთან მისვლა, მაგრამ ხმა უკვე მეორე ოთახში მიხმობდა.
იქ კი – უკვე ძლიერი, ანცი ბიჭი სწავლას იწყებდა. ირგვლივ მაგიდაზე ელაგა წიგნები, რვეულები. შემდეგ თანდათან ვხედავდი მას ყმაწვილად, მერე – ზრდასრულად… მაგრამ აი, უკვე ბოლოსწინა ოთახი. მასში ისხდა მრავალი ჩემთვის უცნობი პირი, გაცხარებით თათბირობდნენ, კამათობდნენ, ხმაურობდნენ. ჩემი შვილი შესამჩნევი აღტკინებით რაღაცაზე საუბრობდა მათთან. მაგრამ აქ უკვე მესმის უფრო მრისხანე, მკვეთრი ნოტები მის ხმაში.
— უყურე, გონს მოდი, უგუნურო!… როცა შენ იხილავ, რა იმალება ამ ფარდის მიღმა, რომელიც ბოლო ოთახს ჰყოფს სხვებისაგან, უკვე გვიანი იქნება!… უმჯობესია დამორჩილდი, ნუ ითხოვ სიცოცხლეს ბავშვისთვის, ამ ანგელოზისთვის, რომელმაც არ იცის სიბოროტე მიწიერი ყოფისა… მაგრამ, მე აყვირებულმა მივუგე: „არა, არა, მინდა რომ იცოცხლოს“… გაგუდული ვისწრაფოდი ფარდისაკენ. მაშინ ის ნელ-ნელა აეშვა, და მე ვნახე სახრჩობელა!…
წამოვიყვირე და გამოვფხიზლდი. უპიველესად ბავშვისაკენ დავიხარე და, – როგორ გამოვხატო ჩემი გაკვირვება – მას მშვიდად, ტკბილად ეძინა. წყნარმა, თანაბარმა სუნთქვამ შეცვალა სნეულებრივი სტვენა. ლოყები გავარდისფერებოდა. მალევე გაიღვიძა, ჩემკენ გამოიწოდა ხელები და დედას უხმო. ვიდექი მოჯადოებული და ვერაფრის გაგება და გააზრება ვერ შემეძლო… რა არის ეს? იგივე სიზმარი თუ მხიარული სინამდვილე?… ყველაფერი ისე იყო, როგორ სიზმარში, პირველ ოთახში!…
თვალებს ვერ ვუჯერებდი. ძიძას ვუხმე და მასთან ერთად დავრწმუნდით განწირული ჩვილის განკურნების სასწაულში. ძიძამ მომითხრო ექიმების მოსაზრება მისი გამოჯანმრთელების შეუძლებლობაზე. უნდა გენახათ ერთ-ერთი ესკულაპეს გაოცება, რომელიც მოვიდა მეორე დღეს ბიჭუნას გარდაცვალების საათის გასაგებად, როცა ძიძამ გვამის ნაცვლად აჩვენა საწოლზე მშვიდად წამომჯდარი კონია, ჯანმრთელი და მხიარული.
— ეს ხომ სასწაულია, სასწაული! – იმეორებდა იგი.
გადიოდა დრო, სიზმარი კი ზედმიწევნითი სიზუსტით სრულდებოდა ყველაფერში, უმცირეს დეტალებშიც კი… მისი სიყმაწვილეც და, ბოლოს, ის საიდუმლო შეკრებები. მეტს ვერ გავაგრძელებ! თქვენ გამიგებთ… ეს სიკვდილი, სახრჩობელა… ო, ღმერთო!“
რილეევმა გაიღვიძა ცხოვრების დასასრულს და აღსასრული სინანულით, ცხოველი რწმენითა, მორჩილებით, ღმერთსა და სინდისთან შერიგებულმა მიიღო, ეს სიზმარი კი მრავალ თაობას ექცა შეგონებად. ჩვენ არ ვიცით, რა დადგება ბავშვი: ის წარმატებული, ჯანმრთელი, კეთილი, სახელოვანი ადამიანი, რაც ეოცნებება და ეიმედება მშობელს, თუ გზასაცდენილი ცოდვილი, ეგოისტი, ერეტიკოსი. ჭირი გასაღვიძებლად გვეძლევა და შვილის სნეულებისას მასზე ზრუნვა, მისი გადარჩენისთვის ლოცვა და ბრძოლა ბუნებრივი და აუცილებელია. მაგრამ, თითქმის ყოველთვის გვავიწყდება ერთი რამ: „იყავნ, უფალო, ნებაჲ შენი და ნუ ჩემი, ხოლო მე უხმარსა მომმადლე მორჩილებაჲ ნებისა შენისა“.