4 February 2016

მებრძოლი ათეიზმის მორიგი შემოტევა


3 თებერვალს Facebook-ზე გამოჩნდა ბ-ნ გიორგი მაისურაძის ჩანაწერი. გამოჩნდა და ცოტახანშივე წაიშალა, მაგრამ ქსელის ყოვლისმომცველ მეხსიერებაში მაინც მოასწრო ჩარჩენა. (გიორგი მაისურაძე: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ) . აი ტექსტიც:
„ამ ტექსტით მინდა მივმართო ლიბერალური ფასეულობების და საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დროა, ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი! ილუზიებში ნუ იცხოვრებთ, მეგობრებო! დღეს მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვითონ თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ — მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავული ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია. ამიტომ ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით.“

დედამიწის შუაგული გავარვარებულია. ზედაპირზე ეს არ იგრძნობა, მაგრამ დროდადრო ამოხეთქავს ხოლმე ვულკანების სახით და მაშინ ხვდები, რა არის შიგ. ერთი ასეთი ამოხეთქვა დაემართა, როგორც ჩანს ბატონ გიორგი მაისურაძეს. ამოხეთქა გულიდან დაგროვილმა ბოღმამ, ამოიოხრა ჯოჯოხეთურმა სულმა. არა, არ გვიკვირს აზრები, მაგრამ გასაკვირია წინდაუხედაობა. ლიბერალმა ხომ ტოლერანტობა უნდა ითამაშოს…
მაინც, რამდენი საერთო აქვს ლიბერალიზმს ბოლშევიზმთან! ქაღალდზე, რაკი ღიად არ წერია ამაზე, ცოტა განსხვავებულად ჩანს. მაგრამ სიტყვა, საქმე თავისას ამბობს. ის პათოსი, რომელიც ბ-ნ გიორგის ამოფრქვევაში იგრძნობა, ზუსტადაც რომ ბოლშევიკურია. საკმარისია, სიტყვა „კომუნიზმი“ შეცვალო „ლიბერალიზმით“ და ყველა ციტატა, ლოზუნგი, პლაკატი რაც ასე მრავლად იყო XX საუკუნის დამდეგს საბჭოეთში, ზუსტად მოერგება ახალ „პროგრესისტებს“. მაგრამ, საინტერესოა, რატომ ჰგონიათ ლიბერალებს, რომ ისინი და მხოლოდ ისინი არიან „საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე“ მოქალაქეები. რა თავისუფლებაა ეს, რომელიც არავითარ განსხვავებულობას არ უტოვებს არსებობისა? აკი, დემოკრატია სინდისის თავისუფლება არისო?!
„სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავული ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა“ – ამ სიტყვისთვის ნამდვილად ეკუთვნის მათ ავტორს ლიბერალიზმის ისტორიაში შესვლა. თუ აქამდე კლერიკალიზაციის საფრთხეზე იყო საუბარი, თურმე, სინამდვილეში არა „კულტის მსახურები“ წარმოადგენე პრობლემას, არამედ თვით მართლმადიდებლობა. ასეთი გულწრფელობისთვის მადლობასაც კი იმსახურებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ასე საჯაროდ ამაზე „თავისუფალი და მოაზროვნე“ ინდივიდუმები არ ყვირიან. იმას, ვინც ებრძვის არა იმდენად მსახურს, რამდენადაც სარწმუნოებას, ყველა ქრისტეანმა იცის, რა ეწოდება, ვისით ყვირის და საით აქვს პირი.
„მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას“. თუ ბატონი ლექტორი ასეთი კომპეტენტურობით მოძღვრავს მისდამი ბრმად მინდობილ სტუდენტებს, შემიძლია მხოლოდ მივუსამძიმრო მათ. ავტორმა, რა თქმა უნდა იცის, რომ მართლმადიდებლობა, იგივე ორთოდოქსია, იგივე პრავოსლავიე რუსეთის გაქრისტეანემდე ცხრა საუკუნით ადრე არსებობდა. მეტიც, ჰოი საოცრება, ჩვენმა „ბნელმა“ წინაპრებმა ის ექვსი საუკუნით ადრე მიიღეს, სანამ ამას სლავები გააკეთებდნენ. იმ ბნელმა წინაპრებმა, რომელთაც რუის-ურბნისის კრებაზე ბრძანეს: „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ“. ბ-ნ გიორგის აზრით, ყველა ჩვენი წინაპარი თურმე „სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია“, რაკი მათთვის მართლმადიდებლობა იყო პირადი მორალისა და საზოგადო იდეალების საფუძველი. ისე, პრიმიტივიზმამდე ხომ არ დადიხართ, როცა ყველაფერს, რაც არ გეპიტნავებათ, რუსულს უწოდებთ?!
„ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა…“ როცა ადამიანი საჯაროდ ქადაგებს, რომ ის არის ელიტა, რბილად რომ ვთქვათ, ეს სულში არსებულ პრობლემაზე ღაღადისია. და ვინ აგირჩიათ ელიტად? ხომ არ გაქვთ გადაჭარბებული წამოდგენა საკუთარ თავზე? დაგიძახათ ვინმემ, გთხოვათ ვინმემ „ელიტობა“? ნორმალურ ადამიანს, მორწმუნესა თუ ურწმუნოს ყოველთვის ამშვენებდა თავმდაბლობა და არასდროს, არცერთ საზოგადოებაში არ ყოფილა დაფასებული ადამიანი, რომელიც სხვებზე უპირატესობას ქადაგებს.
პატივცემული ავტორის აზრით, სწორედ მართლმადიდებლობა „არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა“. თუ თქვენი იდეალი არის კონჩიტა, მართლმადიდებლობა არ შეგიშლით ხელს: ჩაიცვით კაბა, მოუშვით წვერი და იარეთ ქალაქში, სანამ არ მოგბეზრდებათ. მაგრამ ნუ გვიკიჟინებთ, რომ ეს არის ნორმა და მაღალი იდეალი. ევროპულად წოდებული თანამედროვე ღირებულებები არ არის ევროპელი ხალხის იდეალები, არამედ თავსმოხვეული და ნაძალადევი. და, თუ ვხედავთ ხშირად ადამიანებს, რომლებიც ამ ღირებულებების ადეპტები არიან, უმრავლესი მათგანი მრავალწლიანი პროპაგანდისტული წნეხის მსხვერპლია. ჩვენ, ქრისტეანებმა, ვიცით ევროპის ქრისტეანული ისტორია. როცა ეცნობი გასაოცარ ცხოვრებას ბრიტანელი მამების, ფრანგი ქრისტეანებისა თუ მრავალი სხვა ქვეყნის მოღვაწისა, ხვდები, რომ დღევანდელ ევროპას გეოგრაფიული მდებარეობის გარდა ძველი თითქმის არაფერი შერჩა.
„ჩვენ, ლიბერალები,.. საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები…“ ქვეყნის პატრიოტი რომ იყო, არ არის საკმარისი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო და გქონდეს მწველი სურვილი შენი თანგებით გადაიკეროს მოსახლეობის ცნობიერება, საზოგადოებრივი ღირებულებები, ქვეყნის ორიენტირები. პატრიოტის უპირველესი მახასიათებელი წინაპართა კვალზე სვლაა, მათ მიმართ პატივისცემა და მათი საუკეთესო თვისებების მემკივდრეობაა. იმ წინაპრებისა, რომელთა სიტყვა გავიხსენეთ წეღან. თუმცა, „ელიტარულად“ თვითწოდებული ადამიანი, რა თქმა უნდა, უფრო დიდი პატრიოტია, ვიდრე ვახტანგი, დავითი, თამარი, დემეტრე თავდადებული, ერკლე მეფე, ილია, ვიდრე ასი ათასი მოწამე, მთაწმინდელი მამები და განმანათლებელნი, ვიდრე ის მილიონობით ადამიანი, ვინც ჯვრის ირგვლივ შეკრული საკუთარი სისხლის ზღვას აყენებდა, მაგრამ არ თმობდა უმთავრესს – მართალ რწმენას, იმას, რაც ბ-ნი გიორგისათვის შავბნელი ძალაა.
„ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი“ – მომწონს ეს სიტყვები. დიახ, ეს გვინდა ჩვენც, ამხანაგო მაისურაძე. უნდა ეწოდოს ყველას ის, რაც არის.