28 June 2021

ქრისტეანობა და პრაიდი

„ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.“
(მთ.11:32-33)
იესუ ქრისტეს აღიარება და უარყოფა არ არის მხოლოდ მისი არსებობის ან მისი ღმრთაებრიობის აღიარება ან უარყოფა. ეს არის მისი მცნებების გარდაუვალ, ერთადერთ ჭეშმარიტებად და ცხოვრების ნორმად აღიარება ან უარყოფა. ქრისტეანული, სახარებისეული ზნეობა არის აუცილებელი პირობა ადამიანის მიერ ღმრთის მიმღებლობისა. ვინც დაუშვებს, რომ შეიძლება ცხოვრების ნორმად იქცეს ის, რაც ეწინააღმდეგება ქრისტეანულ ზნეობას, უკვე არის უარმყოფელია ქრისტესი, რა მიზეზითაც არ უნდა აკეთებდეს ამას – კაცობრივი ბრძნობის, „კეთილგონიერი“ კომპრომისისა თუ პარტიული კუთვნილების გამო.
80-იანების ბოლოს, როცა მოვედით ეკლესიაში, უმრავლესობას გვქონდა ზურგსუკან ათეისტური მორალისა და ღირებულებების გაუაზრებელი მიმღებლობის ტვირთი. ყველას გვქონდა გამოვლილი ოქტომბრელობა, პიონერობა, კომკავშირლობა, ჯარში პარტიისთვის მიცეული ფიცი, ზოგს კი – პარტიულობაც. ეს იყო ცხოვრების გზის ის ნაურმალი, რომლითაც დაუფიქრებლად მიდიოდნენ თაობები, ყველა, ვინც ქრისტეს გაუცხოებული ასე ცდილობდა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. ეკლესიაში მოსულები, გულწრფელად ვინანიებდით უმეცრებით თანხმობას ღმრთისმგმობელობასთან, იმ კრებულების წევრობას, რომლის ერთ-ერთი მიზანი რელიგიურობის ამოძირკვა იყო. ცოდვა ხომ არა მარტო საძრახისი საქციელია, არამედ დემონური ძალების შემოშვება გულში.
სამი ათეული წელი მიილია მას შემდეგ, მაგრამ ქრისტეს უარმყოფელობას დიდად არ მოკლებია. უარესიც, გარენული ქრისტეანობის ფონზე მრავალი ადამიანი ექომაგება სიბილწეს, უზნეობას, არათუ არა უშლის ხელს – იბრძვის კიდევაც, რომ უკეთურება ცხოვრების ნორმად იქცეს. საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა, რომ „დამოუკიდებელ“ საქართველოში იქნებოდნენ პარტიები, რომლებიც სოდომური ღირებულებების ქადაგების უფლებისთვის ბრძოლას პროგრამულ პუნქტად იქცევდნენ, იქნებოდა პარლამენტი, რომელიც გარედან ნაკარნახევი კანონის მიღებით დაიცავდა ქვეყნის შებილწვის ძალისხმევას. ამას ალბათ ვერც ისინი წარმოიდგენდენ, ვინც დღეს პარტიული კუთვნილებისა თუ თანამდებობის გამო შეიბილწა ამ ცოდვით. არადა, წევრობა იმ ჯგუფებისა, ვისთვისაც სოდომია უბრალოდ ნაირსახეობაა ცხოვრების ნორმისა, უკვე ქრისტეს უარყოფაა. არ შეიძლება ასეთი ადამიანი ეზიარებოდეს, იყოს ნათლია, დაიწეროს ჯვარი. ერთადერთი, რაც დარჩენია ასეთს – თავმოდრეკილი იდგეს და ინანდეს. არის ამაში ჩვენი, სასულიერო პირების ბრალიც.
ცოდვის მიუღებლობა არის ის იმუნიტეტი, რომელიც იცავს ერს გარყვნისაგან, თვითმყოფადობის დაკარგვისა და უგვანო, უსახური ერთიან მსოფლიო მოსახლეობაში ათქვეფისაგან. სიბილწის მიმღებლობის გაზრდისათვის ბრძოლა არ არის ბრძოლა დაცემული ადამიანების დასაცად, არამედ თვით უკეთურობის მიმღებლობის დანერგვაა. ყველაზე საშინელი კი არის ის, რომ ამ შემოტევის მთავარი სამიზნე მოზარდი თაობაა.
ადამიანებს განსხვავებული სისუსტეები გვაქვს. ვიღაცას მართლაც აქვს მიდრეკილება სოდომური ცოდვისაკენ. ზოგს საამისო ხორციელი მიზეზი აქვს, ზოგისთვის კი ეს ბოროტი ძალის სულიერი შემოტევაა. ეკლესია არასდროს კრავს ხელს მას, ვისაც სურს ღმრთივბოძებული სქესის ბუნებრივ ფარგლებში დარჩენა, ცდილობს დაძლიოს ღმრთისაგან განმაშორებელი უკეთურება. უცხოა ქრისტეანობისთვის ადამიანის მიუღებლობა, რა ცოდვაშიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ასევე უცხოა ქრისტეანობისთვის მიმღებლობა ცოდვისა. შეუძლებელია იყო ქრისტეანი და მდუმარედ ადევნებდე თვალყურს მოვლენებს, თევზივით დუმდე, როცა ცოდვას საამაყოს უწოდებენ. ქრისტეს აღიარება კაცთა წინაშე ქრისტეანული ზნეობის აღიარებაცაა, ‒ სიტყვითა და საქმით აღიარება, ბრძოლა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჯოჯოხეთს არ დაემსგავსოს ეს ქვეყანა, ბრძოლა იმ ხერხებით, რომლებიც შვენის და ეკადრება ჯვარცმულის სახელს.
უფალი ჩვენთანა!