როცა ნაწარმოებს ეცნობი, უნდა ეცადო ავტორის თვალით დაინახო იგი, ავტორის განცდები შეიგრძნო, სტრიქონებითა თუ სტრიქონებს შორის ნათქვამს ჩაწვდე. ყოველგვარი მცდელობა სხვაგვარი განმარტებისა აუცილებლად გვაშორებს დედააზრს, ამახინჯებს ნაწარმოების აღქმას. საშიშია, როცა ეს ხდება ბაშვების აღსაზრდელ წიგნში. მით უფრო, როცა საქმე წმიდანს ან სასიქადულო პიროვნებას ეხება.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ამონარიდი მე-10 კლასის წიგნიდან „ქართული ენა და ლიტერატურა“, რომელიც „შუშანიკის წამებას“ ეხება.
„შუშანიკმა თვითონ წამოჭრა ალტერნატივა: უღირსი სიცოცხლე ან ღირსეული სიკვდილი, თვითონვე დაწერა საკუთარი განაჩენი და ვარსქენი მხოლოდ ხელს აწერს. შუშანიკის წამება ექვსი საათი როდი გასტანს, მთელი ექვსი წელიწადი უნდა იაროს სიკვდილის ზღურბლამდე და წმინდანად გადაქცეული ადამიანი აღტაცებულია თავისი უნუგეშო ხვედრით. შებორკილს უკვირს ხუცესის გულწრფელი ცრემლი და თავზარდაცემულ ხუცესს კი უკვირს მისი სიხარული ბორკილებისა და მატლების გამო. თვითგვემის ექსტაზში შესული დედოფალი ტკბება გამარჯვებით. იგი ბრწყინვალედ ასრულებს არჩეულ როლს, მაგრამ სიცოცხლის აღსასრულს ისევ აფართხალდება უმწეო ადამიანი წმინდანის სხეულში და გვესმის მისი გოდება დაკარგულ ბედნიერებაზე. განგებამ მალე მიუსაჯა სიკვდილი ვარსქენს, მაგრამ შუშანიკის შურისძიება გაცილებით სასტიკი გამოდგა. მისმა წამებამ ვარსქენსაც მიუსაჯა უკვდავება.“„შუშანიკი ჯიუტად მიელტვის წმინდანის შარავანდედს, მაგრამ ქალი სძლევს წმინდანს და სიკვდილის წინ აღმოხდება ვარსქენ პიტიახშის მისამართით: „მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენირებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა.“თამაზ ნატროშვილი.
„რაღა თქმა უნდა, ვარსქენი გულმხეცი პიროვნებაა (სხვათა შორის ჩინებული შტრიხებით დახატული ძლიერი პიროვნებაც), არ თაკილობს ცოლის გვემას, დამცირებას, წამებას. მაგრამ მისი საქციელი მეუღლის, შუშანიკის, ძნელად ასახსნელი გაკერპებითაც არის პროვოცირებული ზოგჯერ. მასაც აქვს თავისი სიმართლე: სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეულახავად შეინარჩუნოს დიდგვაროვანი ოჯახის პრესტიჟი, რომ მისი ცოლი ვიწრო სენაკში კი არ იყოს შეყუჟული, არამედ, როგორც დიდ ქალბატონს შეეფერება, სასახლეში იმყოფებოდეს, წარჩინებული ოჯახის დიასახსლისის ფუნქციებს აღასრულებდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვარსქენი შვილებს კი მიაღებინებს მაზდეანობას (იგულისხმება: ეს მისი პოლიტკური კარიერისთვის გამიზნული აქციაა), მაგრამ არც ერთხელ არ მიმართავს მცდელობას, რომ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოება შეაცვლევინოს. შუშანიკისადმი მისი პრეტენზიები იმით არის მოტივირებული, რომ ოჯახის დამანგრეველად მიიჩნევს მას და ის აცოფებს ყველაზე მეტად, რომ ვერაფრით ვერ ახერხებს ქალური ეჭვიანობით გულგასენილი, გაჯიქებული მეუღლის მოთოკვას. ასე გადაეწნება ერთმანეთს მძაფრი ოჯახური დრამა და სარწმუნოებრივ ნიადაგზე აღძრული ტრაგიზმი, რაც შუშანიკის მოწამეობრივი სიკვდილით მთავრდება“.
რევაზ თვარაძე.
„ნაწარმოების ტექსტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი ისე როდია, როგორც ერთი შეხედვით გამოიყურება... შუშანიკი არც ციხეშია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და არც ვარსქენისაგან იტანჯება. ყველაფერი, რაც მას იქ მოსდის, მისივე სურვილით ხდება... შუშანიკის პირველი ცემა პურის ჭამის დროს თვით შუშანიკის საქციელით იყო გამოწვეული და თვით ამ საქციელის ხასიათით განპირობებული. ნამდვილ სისასტიკეს იჩენს ვარსქენი შუშანიკის ეკლესიიდან წამოთრევისა და სასახლეში ჯოხებით ცემის დროს. სხვა შემთხვევებში იგი ყოველთვის მოთმინებით იქცევა და ცდილობს უმთავრესად სიტყვით დააშოშმინოს შუშანიკი. როდასაც საერთოდ დაანებებს თავს და არ უშლის იცხოვროს, როგორც მას სურს, თვით ვარსქენის წინააღმეგაც რომ მოქმედებს. ვარსქენს იმდენი კეთილშობილებაც აღმოაჩნდება, რომ ხელს არ შევუშლი დაასაფალაონ შუშანიკი – მისი იდეური მოწინააღმდეგე – იქ, სადაც თვით შუშანიკი მოისურვებს“.
ნიკოლოზ ჯანაშია.
„ამ მოქმედებაში გაჯიქებული ქალის გამომწვევი პოზა და უმწეო ბრაზი იხატება. ამ უკანასკნელს გმირის შინაგანი ნებელობა ლაგამს ვერ ამოსდებს და სრულიად გაუმართლებელი მიმართულებით წარმართავს.“
გრივერ ფარულავა.
„შუშანიკმა... თვითონვე დაწერა საკუთარი განაჩენი და ვარსქენი მხოლოდ ხელს აწერს“, „წმინდანად გადაქცეული ადამიანი აღტაცებულია თავისი უნუგეშო ხვედრით“, „შუშანიკი ჯიუტად მიელტვის წმინდანის შარავანდედს“, „ყველაფერი, რაც მას იქ მოსდის, მისივე სურვილით ხდება“... ამის სათქმელად აღწერა იაკობ ცურტაველმა წმიდა დედოფლის წამება?! რა წარმოდგენა უნდა დარჩეს ბავშვს წმიდანზე, ზოგადად მოწამეობაზე ასეთი განმარტებების შემდეგ?!
წმიდა მამები ამბობენ, პორფირი ერთხელ რომ შეიღებება, მერე ფერს არ იცვლისო. თუ ადამიანი სიყრმიდანვე შეიმეცნებს დამახინჯებულ წარმოდგენას ქრისტეანულ ღვაწლზე, ძნელად წარმოსადგენია, რომ შემდგომ შეძლოს მისი გააზრება, გაუჩნდეს სურვილი მიბაძვისა. ასე შორდება მომავალი თაობა იმ ფესვებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე კვებავდნენ ქართულს სულს.