11 April 2020

ზიარება და ვირუსი

90-იან წლებში ერთ კვირა დღეს წირვის შემდეგ მრევლის წევრმა მთხოვა გავყოლოდი საავადმყოფოში. ნათესავის შვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ექიმები ვერ შველოდნენ და ფაქტობრივად მიცვალება გარდაუვალი იყო. ზიარებაზე არ იყო საუბარი, რადგან ბავშვი უგონოდ იყო. საავადმყოფოში მისულმა შემზარავი სურათი ვიხილე. დიდი და გრილი ოთახის შუაში იდგა საკაცე. ურეაქციო, საბანგადაფარებული ბავშვი, ირგვლივ სისხლგამშრალი ავისმომლოდინე ოჯახის წევრები და ნათესავები. შესვლამდე გავიგე, რომ თანდათან ილეოდა და დახმარების შესაძლებლობა ამოწურულიყო.

26 March 2018

ინტერვიუ გაზეთ „საფარველს“ (დეკემბერი, 2017წ.)

— მამაო, გთხოვთ აგვიხსნათ, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?
წარმოდგენა იმაზე, თუ რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას და რა მიაჩნია მას საზრისად თავისი არსებობისა, განსხვავდება როგორც ცალკეულ ადამიანებში, ასევე იმ სარწმუნოებრივ-მსოფლმხედველობით ტრადიციებში, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. აზრს ცხოვრებისა განსაზღვრავს მიზანი, გზა მისი მიღწევისა და შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსებობა მაშინ იწოდება ცხოვრებად, როცა მას აქვს აზრი. უაზროს ვუწოდებთ არსებობას, როცა ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ წარმავალი ცხოველური საჭიროებების დაკმაყოფილებით. ზოგს აქვს მიზანი, რომელიც მთელს მის ცხოვრების გზას განსაზღვრავს; ზოგის მიზანი და წადილი ცდება საწუთოს და მარადისობაში გადადის. მაგრამ, არის სხვა საზრისი ცხოვრებისა, რომელიც შემოქმედმა განგვისაზღვრა და დაცულია მართლმადიდებლობაში.

28 December 2017

მამა რაფაელი

ამაზე არავისთან მისაუბრია, მაგრამ, ალბათ, უნდა ვთქვა.
ზოგჯერ, გიდგება დრო, როცა განსაკუთრებული სიცხადით აცნობიერებ ლოცვების სიტყვებს. „მასწავე მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ“, – ეს სიტყვები 50-ე ფსალმუნიდან, ვინ იცის, რამდენჯერ წამიკითხავს და სხვისთვისაც ამიხსნია. თითქოს მესმოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს სიტყვები გულის ღაღადისად მექცა. მქონდა მდგომარეობა, როცა აშკარად ვხედავდი, როგორ მოიწევდა ჩემკენ დემონური წყვდიადი. ზოგმა, შეიძლება სულიერი ბრძოლა უწოდოს, მაგრამ ეს იყო საშინელი შემოტევა უხილავი ქვესკენელისესული წყვდიადისა. არც ვთმობდი, მაგრამ ასე ყოფანას სიკვდილი მერჩია, თუ ამით განვთავისუფლდებოდი. იყო ის მდგომარეობა, როცა იცი, რა უნდა აკეთო, მაგრამ გჭირდება ძალა, რომელიც შეგაძლებინებს, რომელიც მოგაშორებს ამას. საქმეს ისიც ამძიმებდა, რომ გარშემო მყოფებს ვერც ავუხსნიდი მდგომარეობას და ვერც შვებას მივიღებდი. ვისაც გამოუცდია, იცის რა არის ეს, ვისაც არა – მარტოოდენ სიტყვებით ვერ აუხსნი. აუცილებლად მჭირდებოდა შემწეობა ადამიანისა, რომელიც არა უბრალოდ მასწავლიდა როგორ მოვქცეულიყავი (ეს ისედაც ვიცოდი), არამედ დამეხმარებოდა იმით, რაც თავად ჰქოდა მოხვეჭილი.

13 December 2017

ანდრიაობა

წმიდა ბარსანუფი ოპტელი ბრაძანებს, რომ ღირს ყურადღების მიქცევა თარიღებისთვის და იმისთვის, თუ ვისი ხსენების დღეა.
წლების წინ, როცა მივადექი საშუალო განათლების დასასრულს და უმაღლესისთვის ვემზადებოდი, ჩემთვის ყველაფერი ცხადი და გადაწყვეტილი იყო. არსებობდა სფერო, რომელიც პატარობიდან მაინტერესებდა, მქონდა მოწვევაც, რომელიც საშუალებას მაძლევდა მხოლოდ ერთი გამოცდით ჩარიცხვისა. მაგრამ, ეს იყო საქმე, რომელშიც არც განათლების მიღების შესაძლებლობა იყო საქართველოში და არც დასაქმების დიდი პერსპექტივები. მიზიდავდა, უფროსებიც შეგუებულები იყვნენ და საწინააღმდეგო არაფერი უთქვამთ. დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო გზა, რომელიც სამუდამოდ მაქცევდა უცხოეთის მოქალაქედ და, საქმით გატაცებულს, არანაირი თეორიული შანსი ქრისტეანობაზე დაფიქრებისა არ მექნებოდა.

23 August 2017

ტელევიზორის შესახებ. (წიგნიდან „არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი")

ერთხელ საჰარის უდაბნოსთან შორიახლო მდებარე პატარა სოფელში მოეწყო უჩვეულო სასამართლო. შეიკრიბა სოფლის ყველა მცხოვრები, ჩამოვიდნენ მეზობელი სოფლის უხუცესებიც. მოხუცებულნი ღრმად ჩაფიქრებულნი ისხდნენ მიწაზე. სახელმწიფო მოხელე გაცხარებით და მკვეთრი ჟესტიკულაციით ხმამაღლა კითხულობდა საბრალდებო სიტყვას. ის ხან უხუცესებს მიმართავდა მოწიწებით, ხან კიდევ – ბრალდებულს, ბოძზე მიბმულ თხას. ამ დროს მისი ხმა რისხვისაგან კანკალებდა და მითითებით, დაჟინებით მოითხოვდა პასუხს ბრალდებულისგან. ბოძზე მიბმული თხა კი მშვიდად ძოვდა ბალახს; ხანდახან თავს აწევდა და ხმამაღლა კიკინებდა. ტომთა ბელადები ჩუმად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და თანხმობის ნიშნად თავს უკრავდნენ ბრალმდებელს.