13 December 2017

ანდრიაობა

წმიდა ბარსანუფი ოპტელი ბრაძანებს, რომ ღირს ყურადღების მიქცევა თარიღებისთვის და იმისთვის, თუ ვისი ხსენების დღეა.
წლების წინ, როცა მივადექი საშუალო განათლების დასასრულს და უმაღლესისთვის ვემზადებოდი, ჩემთვის ყველაფერი ცხადი და გადაწყვეტილი იყო. არსებობდა სფერო, რომელიც პატარობიდან მაინტერესებდა, მქონდა მოწვევაც, რომელიც საშუალებას მაძლევდა მხოლოდ ერთი გამოცდით ჩარიცხვისა. მაგრამ, ეს იყო საქმე, რომელშიც არც განათლების მიღების შესაძლებლობა იყო საქართველოში და არც დასაქმების დიდი პერსპექტივები. მიზიდავდა, უფროსებიც შეგუებულები იყვნენ და საწინააღმდეგო არაფერი უთქვამთ. დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო გზა, რომელიც სამუდამოდ მაქცევდა უცხოეთის მოქალაქედ და, საქმით გატაცებულს, არანაირი თეორიული შანსი ქრისტეანობაზე დაფიქრებისა არ მექნებოდა.
ერთ, ნამდვილად მშვენიერ დღეს უჩვეულო რამ მოხდა – დილიდანვე ამეკვიატა აზრი, რომ ჯობდა გამეხარებინა სახლეულები, უარი მეთქვა წლობით ნალოლიავებ ოცნებაზე და დავრჩენილიყავი საქართველოში. მთელი დღე მიტრიალებდა ეს აზრი და ჩემდა უნებლიედ ამუშავებდა გონებას. დასრულდა ყველაფერი იმით, რომ იმავე საღამოს ოჯახის კრებაზე განვაცხადე ჩემი გადაწყვეტილება. სიხარული კიდევ არ არის ის სიტყვა, რომელიც გამოხატავს სახლეულთა განცდას. მკვეთრი გადახვევა, ბუნებრივია გულისხმობდა სხვა საგნებში მომზადებას, მაგრამ ეს უკვე არ იყო დიდად სადარდებელი, – წინ ნახევარი წელი მქონდა. ეს იყო შაბათი დღე, 13 დეკემბერი. არ დამამახსოვრდებოდა ეს თარიღი, მაგრამ ზუსტად მესამე შაბათს ბაბუა დაიღუპა.
მერე იყო უმაღლესი, ჯარში გაწვევა. დაბრუნებულმა კი მესამე დღეს, რატომღაც მარიამობის მარხვა დავიწყე, თუმცა არასდროს მიფიქრია ამაზე. მერე კი დავრჩი ეკლესიაში და შევთხოვ უფალს, არ განმაშოროს.
როცა დიაკვნად ხელდასხმისას მეუფემ ანდრეა მიწოდა, ჩემთვის ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი და ერთ-ერთი საყვარელი წმიდანის საფარველქვეშ შესვლა, მაგრამ არ დავფიქრებულვარ, რატომ მეწოდა ეს სახელი. რამდენიმე წელი გავიდა, ვიდრე მივხვდი, რომ ის ერთი დღე და უეცაერი შემოტრიალება არ იყო შემთხვევითი და სწორედ ანდრეა პირველწოდებულმა მომიწოდა, რათა მის მეოხებას შევედრებული ქრისტეს სამწყსოში დავრჩენილიყავი. რამდენიმე ხნის წინ კი მისი წმიდა ნაწილი მოვიდა ჩემთან ისე, რომ არც მიფიქრია ამაზე და არც ძალისხმევა მქონია საამისოდ.
არ მიყვარს ნიშებ-სასწაულებსა და უჩვეულო მოვლენებზე წერა, მაგრამ, რატომღაც მომინდა მეთქვა. ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, წმიდა ნაწილიანი ხატიდან შემომცქერის პირველწოდებული მოციქული. ხან მამობრივ-ტკბილად მამხილებელია მისი თვალები, ხან გამამხნევებელი და მანუგეშებელი. ვხვდები, რომ ვერაფრით ვამართლებ სახელს, მაგრამ მეიმედება მისი მეოხება და შევთხოვ, როგორც ოდესღაც ამაცდინა უღმერთობის გზას და მომიყვანა ეკლესიაში, ისე, ჩემდა გასაკვირად, საუკუნო ცხოვრებაშიც გადამიყვანოს ურჩი ყველა იმათთან ერთად, ვისაც უფალი მოიყვანს ჩემთან.
უფალმა შეისმინოს მეოხება წმიდა პირველწოდებულ მოციქულისა ანდრეასი და წმიდა მეფისა ვახტანგ გორგასლისა, გამოაღვიძოს ჩვენი სნეული ერი, დაგვაფასებინოს მათი ღვაწლი და გზა, დაიფაროს ჩვენი ერის მომავალი სადიდებელა ღმრთისა.