22 January 2016

მოდერნიზმის ჭია

„ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა“ (ფილ. 2:21)
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოანე 15:20) – ბრძანებს მაცხოვარი. და მართლაც, დღიდან დაარსებისა არ ყოფილა პერიოდი, როცა წუთისოფლის მიერ არ იდევნებოდა ეკლესია ქრისტესი. ზოგჯერ ეს დევნა სისხლიანი იყო და ამ პერიოდმა უამრავი მოწამე შესძინა მას. ასეთმა დევნამ არათუ ვერ შეასუსტა ეკლესია, პირიქით, გაძლიერდა. იყო პერიოდები, როცა იმპერატორები და ხელისუფალნი იწყნარებდნენ და მფარველობდნენ ეკლესიას. მაგრამ ასეთ დროს წუთისოფლის სული აღწევდა ეკლესიაში და გამიწიერებით იდევნებოდა მოშურნეობა. იყო პერიოდები, როცა უკეთური სულითა და ამპარტავნებით აღძრული ადამიანები აყალბებდნენ და ამახინჯებდნენ წმიდა წერილს, წარმოშობდნენ ერესებსა და სქიზმებს და ამით იდევნებოდა ჭეშმარიტება. მაგრამ ასეთმა შემოტევებმა შედეგად საეკლესიო სწავლების ჩამოყალიბება და გაღმავება გამოიღეს ნაყოფად. ბოლო ათწლეულებში ახალი სახე გამოჩნდა ქრისტეს ეკლესიის მტრობისა და დევნისა – მოდერნიზმი და რეფორმატორული სული. თავისი დამანგრეველი მოქმედებით ის არანაკლებია მწვალებლობებზე, შეიძლება ითქვას, უარესიც კი.

31 December 2015

საწყალი ჩვენი ხალხი!

დღეს საღამოს ქალაქში მომიწია გასვლა. გაჭედილი და გაუვალი ქუჩები, ჩოჩქოლი, ალიაქოთი. საწყალ ხალხს უთხრა ვიღაცამ: არიქა, ახალი წელი მოდის, იზეიმეთო. ზოგი კრედიტით, ზოგი პენსიით, ზოგი სიმწრითა და გაჭირვებით ნაშოვნი ფულით – ვინ რითი – ყველა ცდილობს იმის მომარაგებას, რაც „მუცლად შევალს და განსავალით განვალს“. მერე კი, საღამოს, დათქმულ დროს მიუჯდეს ეკრანიან ყუთს, რათა ეზიაროს „დღესასწაულს“, რომლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ამ დღით რამდენიმე საუკუნეა კალენდარი იწყება. მერე კი, სულ ექვსი დღის მერე, ქრისტეშობა გათენდება. ამ დღისთვის კვლავ აფუსფუსდება ხალხი, ოღონდ ისე ვერა, როგორც ეს ერთი კვირის წინ შეძლო. ვერც მოლოდინსა და განცდებს ექნება ის სიმძაფრე – დაილია, ამოიწურა, არ არის უკვე იმდენი ენერგია. და ასე უღიმღამოდ, უკეთეს შემთხვევაში – სუფრასთან აღნიშნავს ამ დღეს. დღეს, რომელშიც მისი მხსნელის შობა, მისი ღმერთის განკაცება უნდა აღენიშნა, ეხარა, ელოცა, იმედით აღვსილიყო. სადაა! ვიღაცამ მოპარა დღესასწაული. ერთადერთი განცდა, რაც დამეუფლა, სიბრალულის განცდა იყო. საწყალი ჩვენი ხალხი! „როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“

10 August 2015

ღირსი პართენი კიეველის ლოცვა.


როცა სნეულებით გულდამძიმებული, შევიგრძნობ მოახლოებას მიწიერი ყოფის დასასრულისა, უფალო, შემიწყალე მე.
როცა გული ჩემი საბრალობელი შეღონდება უკანასკნელი შეტოკების ჟანს და გაწვრილდება სასიკვდინე ტანჯვით, უფალო, შემიწყალე მე.
როცა ჩემი თვალები უკანასკნელად მოირწყებიან ცრემლით მოგონებით იმისა, როგორ შეურაცხგყოფდი შენ ცოდვებით, ღმერთო, მთელი  ცხოვრების მანძილზე, უფალო, შემიწყალე მე.
როცა ხშირი ფეთქა გულისა იწყებს აჩქარებას ჩემი სულის განსვლისა, უფალო, შემიწყალე მე.
როცა სასიკვდინე სიმკრთალე ჩემი სახისა და გაცივება ჩემი სხეულისა ელდას სცემს ჩემს მახლობლებს, უფალო, შემიწყალე მე.
როცა დაბნელდება მხედველობა ჩემი, მომეკვეთება ხმა, გაქვავდება ენა, უფალო, შემიწყალე მე.
როცა საშინელი ხილვები და მოჩვენებები მოიწადინებენ შენი მოწყალებისადმი ჩემი სასოების წარკვეთას, უფალო, შემიწყალე მე.
როცა სული ჩემს დანაშაულთა მოგონებითა და შენი სამსჯავროს შიშით მოწყლული მოუძლურდება ცხოვნების მტრებთან ბრძოლაში, რომლებიც ლამობენ ჩემს ჩათრევას ტანჯვათა წყვდიადში, უფალო, შემიწყალე მე.
როცა სასიკვდინე ოფლი დამცვარავს მე და სული ტკვილიანი ტანჯვით იწყებს განსვლას ხორცთაგან, უფალო, შემიწყალე მე.
როცა სასიკვდინე წყვდიადი დაჰფარავს ჩემი მზერისაგან ამასოფლის ყველა საგანს, უფალო, შემიწყალე მე.
როცა ჩემს სხეულში შეწყდება ყოველგვარი შეგრძნება, გაშეშდებიან ძარღვები და გაგვავდებიან კუნთები, უფალო, შემიწყალე მე.
როცა ჩემს სმენამდე უკვე ვერ მოაღწევენ ადამიანთა საუბრები და მიწიერი ბგერები, უფალო, შემიწყალე მე.
როცა სული წარდგება წინაშე პირისა შენისა, ღმერთო, მომლოდინე შენი განჩინებისა, უფალო, შემიწყალე მე.
როცა ვიწყებ სმენას შენი სამსაჯავროს მართალი მსჯავრისა, რომელიც განსაზღვრავს ჩემს მარადიულ ხვედრს, უფალო, შემიწყალე მე.
როცა სულის მიერ დატევებული ხორცი იქცევა მატლთა და ხრწყნის ნადავლად და, უკანასკნელ, იქცევა მუჭა თიხად, უფალო, შემიწყალე მე.
როცა ხმა საყვირისა განაღვიძებს ყოველთა ჟამსა მეორედ მოსვლისა შენისა და განიხსნება წიგნი საქმეთა ჩემთა, უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი მონაჲ შენი (სახელი). ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა. ამენ.

24 July 2015

ინტერვიუ გაზეთ „საფარველს“.

– მამაო, გთხოვთ გვესაუბროთ ღმრთისმშობლის ღვაწლზე კაცთა მოდგმის გადარჩენის საქმეში
„სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი“ (იგ. 9:1) – სოლომონ ბრძენის ამ სიტყვებში, რომლებიც იკითხება ყოვლადწმიდა დედის ხსენების სადღესასწაულო მწუხრზე, ეკლესია ხედავს წინასწარმეტყველებას დედა ღმრთისმშობელზე. უფალმა თვითონ აღაშენა ხორციელი მშობელი და სვეტებად, სიმტკიცედ მისი სულიერი შენობისა შეუდგა „შვიდნი სვეტნი“, ანუ სათნოებათა სისრულე. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ საღმრთო განგებულება არასდროს აქცევს ადამიანს მარიონეტად და ყოველთვის ითვალისწინებს კაცობრივ ნებას, თანამოქმედებს მასთან. ადამიანი აღეშენება სულიერად მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნება არის თანამოქმედებაში ღმრთაებრივ ნებასთან. თუ უფალმა შეამკო ყოვლადწმიდა სათნოებებით – თავად ქალწული მარიამიც ესწრაფოდა მათ მოხვეჭას. დედა ღმრთისა არის ის ადამიანი, რომელშიც მოხდა კონცენტრაცია დაცემული ადამიანური ბუნებისათვის შესაძლებელი საუკეთესო თვისებებისა. რჩეულობა არ ნიშნავს უზრუნველყოფილ ცხოვნებას, არამედ მაღალ მოწოდებას, რომელსაც უნდა შეესაბამოს ადამიანის ნებელობა და ცხოვრება, რათა  შეეთვისოს უფალს. ყოვლადწმიდა დედამ მრავალი შრომისა და უდიდესი ტკვილის ფასად გვაჩვენა სახე სიწმიდით ცხოვრებისა, ღმრთის მოწოდებისადმი შესატყვისობისა.

3 July 2015

სოდომი

ავტორი:   დეკანოზი ანდრია ტკაჩოვი.
 
ტელეცენტრის იმ სართულზე, სადაც ჩვენ გადაცემის ჩაწერის მოლოდინში მიმოვდიოდით დერეფანში, ხალხმრავლობა იყო. როგორც ჩანს, უკრაინა განაგრძობდა ტალანტების ძებნას და თითქმის შიშველი, მთლად ნორჩი დიაცები აფახუნებდნენ შეღებილ წამწამებს სცენაზე დაძახების მოლოდინში, ხმაურობდნენ საგრიმიოროებში, გამორბოდნენ მოსაწევად, მობილურებით ტიტინებდნენ მეგობრებთან და მშობლებთან.
ორნი ვიყავით და დრო საინტერესო საუბარში გაგვყავდა. ჩემი თანამოსაუბრე ძველი აღთქმის მცოდნე იყო და ჩვენ, თითქოს ვხსნიდით ბიბლიური საგანძურის კიდობანს, ვარჩევდით ცალკეულ ძვირფასეულობას და ვტკბებოდით მათი სილამაზით. წარწერა „მიდის ჩაწერა“ ჯერ კიდევ არ ანათებდა ჩვენს სტუდიასთან.