31 December 2015
საწყალი ჩვენი ხალხი!
დღეს საღამოს ქალაქში მომიწია გასვლა. გაჭედილი და გაუვალი ქუჩები, ჩოჩქოლი, ალიაქოთი. საწყალ ხალხს უთხრა ვიღაცამ: არიქა, ახალი წელი მოდის, იზეიმეთო. ზოგი კრედიტით, ზოგი პენსიით, ზოგი სიმწრითა და გაჭირვებით ნაშოვნი ფულით – ვინ რითი – ყველა ცდილობს იმის მომარაგებას, რაც „მუცლად შევალს და განსავალით განვალს“. მერე კი, საღამოს, დათქმულ დროს მიუჯდეს ეკრანიან ყუთს, რათა ეზიაროს „დღესასწაულს“, რომლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ამ დღით რამდენიმე საუკუნეა კალენდარი იწყება. მერე კი, სულ ექვსი დღის მერე, ქრისტეშობა გათენდება. ამ დღისთვის კვლავ აფუსფუსდება ხალხი, ოღონდ ისე ვერა, როგორც ეს ერთი კვირის წინ შეძლო. ვერც მოლოდინსა და განცდებს ექნება ის სიმძაფრე – დაილია, ამოიწურა, არ არის უკვე იმდენი ენერგია. და ასე უღიმღამოდ, უკეთეს შემთხვევაში – სუფრასთან აღნიშნავს ამ დღეს. დღეს, რომელშიც მისი მხსნელის შობა, მისი ღმერთის განკაცება უნდა აღენიშნა, ეხარა, ელოცა, იმედით აღვსილიყო. სადაა! ვიღაცამ მოპარა დღესასწაული.
ერთადერთი განცდა, რაც დამეუფლა, სიბრალულის განცდა იყო. საწყალი ჩვენი ხალხი! „როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“