9 December 2010

ერთი ღმრთისმსახურის ჩანაწერებიდან

აქ არის ამონარიდი ერთი ღმრთისმსახურის პირადი ჩანაწერებიდან. დამაფიქრა და დავდე, რათა კვლავ დავუბურნდე და წავიკითხო ხშირად.


რამდენიმე წერილს ვუპასუხე. უკვე გვიანი იყო, მეორე დღე კი დატვირთული მელოდა. დასვენების დრო მოსულიყო. დავამთავრე ლოცვა, ჩვეულებისაებრ გადავსახე ჯვარი ოთხივე მხარეს, შევავედრე უფალს მრევლი, ახლობლები, მიცვალებულები და დავწექი.
სიზმრების არ მჯერა და არც მესიზმრება ხოლმე. ან იქნებ მესიზმრება, მაგრამ მალევე მავიწყდება, რაკი არ ვფიქრობ მათზე და არც ვყვები. მაგრამ ის, რაც ვნახე, არ იყო სიზმარი.

12 September 2010

ამონარიდი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება".

. . .
 ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე – გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა:
 - ასწიე თავი.
 კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:
 - გერასიმე, სდექ!

24 May 2010

ქრისტეანობის თანამედროვე მტერი. არქ. რაფაელი (კარელინი)


„მართლმადიდებლობას ჰყავს უხილავი მტერი: ის ყველგან არის და არსად არ არის, ის არც „რამეა” და არც „ვინ”. ეს არის ერთგვარი სული, რომელიც განსმჭვალავს მიწის ატმოსფეროს თავისი მიაზმებით, წამლავს მის მის ნიადაგს, აავადებს წყლებს, აქცევს ქალაქებს მყრალ ჭაობებად, აუდაბურებს სოფლებს; მას თითქოს ვერსად დაემალები; ის იპოვის ლტოლვილებს მთათა მწვერვალებზეც და ზღვათა სიღრმეებშიც.
ეს მტერი არის გარყვნილობის სული, რომლესაც თანამედროვე ენაზე ლიბერალიზმი ეწოდება.

27 March 2010

სასაცილო ადამიანის სიზმარი (ამონარიდი)

რამდენჯე წამიკითხავს ეს პატარა მოთხრობა და ყოველთვის მაოცებს, რა ზუსტად აღწერა დიდმა მწერალმა კაცობრივი ბუნების დაცემა და მისი მდგომარეობა, დაცემის შემგომი საზოგადო ცხოვრებისა ფორმა და ძირითადი იდეა.

* * *

დიახ, დიახ, დასრულდა იმით, რომ მე გავრყვენი ისინი! როგორ შეიძლებოდა ეს რომ მოხდარიყო – არ ვიცი, ცხადად არ მახსოვს. სიზმარმა გადაიფრინა ათასწლეულებში და დამიტოვა მხოლოდ მთლიანობის შეგრძნება. ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი.

25 March 2010

შაბლონური ადამიანი

„შეხედეთ, როგორ არის მოწყობილი ცხოვრება: რადიო, ჟურნალები, ტელევიზორი, გაზეთი, კინო, თეატრი გვაიძულებენ ყველასთვის ერთიანი, სტანდარტული სახის აზროვნების გამომუშავებას. ამას კი მივყავართ იქამდე, რომ ადამიანს არ ძალუძს წუთითაც დარჩენა საკუთარ აზრებთან, შეგრძნბა ღმრთისა.
თვით ტემპი თანამედროვე ცხოვრებისა, დაჩქარებული, სტანდარტული და მუდამ დაძაბული გვაიძულებს ცალმხრივად და ვიაღაცისთვის სასურველი მიმართულებით აზროვნებას. ადამიანს არ შეუძლია დარჩეს საკუთარ თავთან განმარტოებით. მას ელაპარაკებიან იმაზე, რაც განსაზღვრულია, წინადასახულია, უდებენ ამას, ასწავლიან. ადამიანთა მასები არიან ერთად და ამავდროულად გათითოკაცებულნი არსებობისათვის ბრძოლით. ეს აისახა მორწმუნეებზეც კი, მოიყვანა ისინი ზოგად, სტანდარტულ დონემდე, გახადა გულგრილები. აზროვნების სტანდარტულობა ხელს უშლის ადამიანს გახდეს მორწმუნე, მორწმუნეს კი შეინარჩუნოს რწმენა. მაგრამ გახსოვდეთ: ეკლესია ღმრთისა ამ პირობებშიც კი იცოცხლებს მუდამ. შეინარჩუნეთ თქვენი რწმენა, იბრძოლეთ აზროვნების ინდივიდუალობისათვის, მეტი ილოცეთ, იკითხეთ წმიდა წერილი და უფალი დაგიცავთ თქვენ, არ დაუშვებს, რომ აზროვნებდეთ როგორც მასა გაცივებული, გულრგრილი ადამიანებისა”.

ეს სიტყვები ეკუთვნის მამა არსენის (სტრელცოვს) (1894-1975 ). 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ითქვა. ერთი სახის ტოტალიტარული იდეა მეორემ შეცვალა, მიმართულება მიწიერი ყოფისა იგივე რჩება.

30 January 2010

ინტერვიუ ჟურნალ „გუმბათს“. N1(116)

– მამა ანდრია, როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სულიერ ცხოვრებას, ლოცვას, ეკლესიაში სიარულს, მოძღვართან ურთიერთობას?
ბავშვი ოჯახის სარკეა. იგი უნებლიედ ბაძავს მშობლებს, მისთვის ავტორიტეტულ პიროვნებებს. ასე რომ, მშობელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეცადოს თვითონ იყოს ისეთი, როგორიც უნდა გაზარდოს შვილი. რამდენიც არ უნდა ვუქადაგოთ ჩვენს შვილებს, ვატაროთ ეკლესიაში, თუ თვითონ არ ვეცადეთ ვიყოთ ღმრთისმოსავები, სუსტი იქნება ჩვენი მცდელობა გავზარდოთ შვილები ეკლესიურებად. გარდა ამისა, მშობელი უნდა იყოს საღმრთო მადლის გამტარი და არა უბრალოდ მქადაგებელი, მლოცველი და არა ლოცვის მასწავლებელი, უკომპრომისო ცოდვასთან და არა მხოლოდ ზნეობისაკენ მომწოდებელი.