. . .
ძალიანაც
კარგი, ესეც, შალვას ჯინზე – გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში,
კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას.
ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ
მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და
შემომესმა:
- ასწიე თავი.
კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც
გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ
ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:
- გერასიმე, სდექ!
შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი – აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა…
- სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, – განრისხებული მიმზერდა, – ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე.
გიჟია,
მოძალადე, ოხერი… ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ
ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა, მე – სერზე ვიდექ.
-
ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, – ხმას დაუდაბლა, – ამ მიწისათვის მუდამ
იბრძოდნენ, და თუ არა რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად
მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?
მე სერზე ვიდექი.
-
რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს,
ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ
დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ,
აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა,
ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი…
ვიდექი მე სერზე.
-
ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში
მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა.
შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ,
იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც
ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ
საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ
ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად
უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?
სერზე ვიდექი მე.
-
აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავით არ მოდებია ჯერაც ასფალტი,
დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ
გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე
ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული,
გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, ემართა იმას ჩვენი რაიმე?
მე ვიდექი სერზე.
-
და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო
ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი – სამშობლოს
შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ
კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში
ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე,
თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ
ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს,
შეგირცხვა ნამუსი!
ვიდექი მე სერზე.
- წვიმისას, გერასიმე, –
ავალწუნებით ამომცქეროდა, – ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს,
შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად
დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით
პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ
დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად
რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც
ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად
რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ,
ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ
ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და
მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი
კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ
აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული
რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის
სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც
ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა
ხარ.