– მამა ანდრია, როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სულიერ ცხოვრებას, ლოცვას, ეკლესიაში სიარულს, მოძღვართან ურთიერთობას?
ბავშვი ოჯახის სარკეა. იგი უნებლიედ ბაძავს მშობლებს, მისთვის ავტორიტეტულ პიროვნებებს. ასე რომ, მშობელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეცადოს თვითონ იყოს ისეთი, როგორიც უნდა გაზარდოს შვილი. რამდენიც არ უნდა ვუქადაგოთ ჩვენს შვილებს, ვატაროთ ეკლესიაში, თუ თვითონ არ ვეცადეთ ვიყოთ ღმრთისმოსავები, სუსტი იქნება ჩვენი მცდელობა გავზარდოთ შვილები ეკლესიურებად. გარდა ამისა, მშობელი უნდა იყოს საღმრთო მადლის გამტარი და არა უბრალოდ მქადაგებელი, მლოცველი და არა ლოცვის მასწავლებელი, უკომპრომისო ცოდვასთან და არა მხოლოდ ზნეობისაკენ მომწოდებელი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებთან ურთიერთობა არ ეფუძნებოდეს ჩვენს ემოციას. ადამიანი ცვალებადია და მისი ემოციური მდგომარეობა მუდმივად იცვლება. თუ განწყობისდა მიხედვით ვურთიერთობთ შვილებთან, ხდება ისე, რომ ვუბრაზდებით, როცა მისი სიცელქე მოსათმენია და ვეფერებით, როცა მისი ქმედება ცდება ზრდილობის ზღვარს. ჩვენი პრობლემები და მათ მიერ გამოწვეული უგუნებობა არ უნდა აირეკლებოდეს ბავშვთან ურთიერთობაზე. პატარა ბევრად უფრო მიმტევებელია, ვიდრე ზრდასრული, მაგრამ მის გულში მშობელთა ქცევა რჩება როგორც პრეცედენტი და იგი თავად უნებლიედ ბაძავს მათ.
ძალიან გვაახლოვებს ადამიანებს ერთობლივი ლოცვა. ქრისტეანულ ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს ერთად ლოცვის პრაქტიკა. კარგია, როცა ეს არის პარაკლისები, დაუჯდომლები. ცხადია, ყოველდღე ვერ მოხერხდება ასეთი რამ, მაგრამ გარკვეული პერიოდულობა უნდა იყოს. ამასთან ერთად პატარა უნდა შევაჩვიოთ მშობლისაგან კურთხევის აღებას. დიდი ძალაა მშობლის ლოცვა და, ამასთან ერთად მშობლისაგან კურთხევის აღება თვით ბავშვში ზრდის მშობლისადამი მორჩილებას, პატივისცემას.
ბავშვი პიროვნებაა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. როცა იკითხავს ბავშვი რამეს, არ შეიძლება უხეშად მიუგო: „არაა შენი საქმე”. უნდა გავუფრთხილდეთ მის ღირსებას. მართალია, მას არ აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, მყარი ნებელობა, ჩამოყალიბებული შეხედულებები, მაგრამ მას აქვს ღირსების შეგრძნება, რომელსაც თვითონაც ვერ აცნობიერებს. ბავშვი უნდა იზრდებოდეს არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების შეგრძნებით. უნდა შეეჩვიოს, რომ სათამაშოების მილაგება, დაძახებისთანავე უფროსთან მოსვლა და ა.შ. – ეს მისი მოვალეობაა.
ბევრი რამ დაწერილა და დაიწერება აღმზდელობაზე. უმთავრესი, ალბათ, არის მშობლის უნარი ფლობდეს თავს, მისი ცოცხალი სარწმუნოება, გამოცდილება, მცდელობა, იყოს ბავშვისთვის არა ზედამხედველი, არამედ უფროსი მეგობარი.
განსაკუთრებულია მშობლის მოვალეობა, როცა ოჯახში მეორე მშობელი ან სხვა წევრები არიან არაეკლესიურები. ასეთ დროს ორმაგი სიფრხილეა საჭირო. ძირითადი კი მაინც არის ლოცვა შვილისთვის.
– ბავშვს თუ ეზარება ეკლესიაში წასვლა, წირვაზე დგომა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
უნდა დაფიქრდეს მშობელი, რატომ ეზარება ბავშვს. პატარა ვერ დგება წირვა-ლოცვაზე საათობით. ის იმდენხანს უნდა იდგეს ეკლესიაში, რამდენსაც გაწვდება მისი მოთმინება. თუ დავაძალეთ, აუცილებლად დაეზარება მეორედ მისვლა. ბავშვი ყველაფერს აღიქვამს ემოციურად. საეკელესიო მსახურება ამმხრივ ვერ იწვევს მასში ინტერესს. ამ დროს ეკლესიის გარეთ ყველაფერი მომართულია იმისთვის, რომ დაატყვევოს მისი ყურადღება. ბავშვი, რომელიც წინა საღამოს შუაღამემდე ერთობა კომპიუტერული თამაშებით, მეორე დღეს ვერ დადგება ეკლესიაში. მშობლები უნდა ვცდილობდეთ ვაკონტროლოთ ბავშვის დამოკიდებულება ტელევიზორისდამი, კომპიუტერისადმი. ამასთან ერთად მშობელმა უნდა აუხსნას (ამისთვის კი თავად უნდა გაიაზროს) საეკლესიო მსახურების სიმბოლიზმი. ძალით ან რაიმე საჩუქრის დაპირებით ეკლესიაში მიყვანა კი, ვფიქრობთ, არაა სწრორი.
– რა ასაკიდან შეიძლება ბავშვმა იმარხულოს?
შეუძლებელია დავთქვათ რაღაც ასაკი, რომლის შემდეგ ბავშვი იმარხულებს. მოზარდ ორგანიზმს საკვები ჭირდება. თან, ძნელია ბავშვისთვის უარის თქმა სახსნილო საჭმელზე, – ამისთვის მას საკმარისი ემოციური სტიმული უნდა ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მარხვის არსი არის არა მხოლოდ საკვებში თავშეკავებულობა, არამეტ მომეტებული მცდელობა ვძლიოთ ცოდვას, ნაკლოვანებას, ბოროტ ჩვეულებებს, შემოვიფარგლოთ აუცილებლით და ძალისაებრ ჩვენის უარვყოთ სასურველი, მაგრამ ნაკლებსარგებელი. ამმხრივ მარხვა იქნება ბავშვისთვის, თუ რძის ნაწარმის მიღების ფონზე ეცდება უარი თქვას კანფეტებზე, სასუსნავებზე, სხვადასხვა ნაკლებადსასარგებლო სასმელებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, მეტი მონდომება გამოიჩინოს სწავლაში, ლოცვაში, მოთმინებაში და ა.შ. საკვების მხრივ კი მარხვას მოძღვარი განუსაზღვრავს თითოეულ ბავშვს.
– ბავშვების ზიარებაზე რას იტყვით? რა სიხშირით და რომელ დღეებშია მათი ზიარება სასურველი?
პატარა უნდა შევაჩვიოთ იმას, რომ ზიარებასთვის უნდა მოემზადოს, „დაიმსახუროს”. ჩვილები დაუბრკოლებლად ეზიარებიან ყოველ წირვაზე, როდესაც შეძლებენ მათ მიყვანას მშობლები. ძირითადად ეს ხდება დღესასწაულებსა და კვირა დღეებში. ასაკის მატებისთან ერთად, როცა ვითარდება ბავშვის ცნობიერება, უნდა ვეცადოთ აღვზარდოთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობა და ზიარებისათვის მზადების აუცილებლობის შეგრძნება და, ამასთან ერთად, იმის განცდა, რომ წირვაზე მისვლის ძირითადი მიზეზი არის ქრისტესთან ზიარების სურვილი.
– როდესაც ჩვილი ბავშვები ტირიან ზიარების წინ, ან ვერ ყლაპავენ წმიდა ზიარებას, ამ შემთხვევაში მშობელი როგორ უნდა მოიქცეს?
არ არის სწორი დაძალება. ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს მშობელმა, ხომ არ არის მისი ცოდვები ამის მიზეზი. უფალი ხშირად ჩვენი შვილების მიერ გვესაუბრება, გვამხელს. ზოგჯერ ამას სხვა მიზეზი აქვს. ეშინია ბავშვს კოვზის, როცა მას წამალს ან არასასურველ საჭმელს აძალებდნენ მსგავსი კოვზით. მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მშობელმა უპირველესად უნდა თხოვოს უფალს ღირსყოს შვილი წმიდა ზიარების მიღებისა. არ უნდა შევქმნათ ტრაგედია იმისგან, რომ პატარა არ ეზიარა და არ უნდა ვეცადოთ ნებისმიერი ხერხით ვაზიაროთ.
– წმიდა ზიარების მიღების შემდეგ, ადამიანი ცდილობს გაუფრთხილდეს მიღებულ მადლს. ჩვილ ბავშვს ეს არ შეუძლია…
და არც აქვს ამის საჭიროება. ჩვენ ვუფრთხილდებით ცოდვას. პატარას არ აქვს შეცოდების საშუალება. ზრდასრულთათვის ზიარების შემდეგ თავის დაცვა ისეთივე საშრომოა, როგორც მომზადება ზიარებისათვის. განსხვავება არის იმაში, რომ ხსნილში ზიარების შემდეგ ნაკლები შეზღუდვაა საკვების მრავალფეროვნების მხრივ. ამიტომ მოზარდს, რომელიც გაცილდა ჩვილობის ასაკს, უნდა ავუხსნათ, რომ ბოროტი ძალიან ცდილობს ზიარების შემდეგ კვლავ ცოდვაში ჩააგდოს ადამიანი და შესაბამისად სიფრხილე გვმართებს.
– არის შემთხვევები, როდესაც მშობლები არ ცხოვრობენ ეკლესიურად, თვითონ არ არიან მაზიარებლები და ჩვილი ბავშვები მოყავთ საზიარებლად. რამდენად სწორია ეს?
თუ მშობელს მოყავს ბავშვი საზიარებლად, ე.ი. ის აცნობიერებს, რომ ადამიანებს გვჭირდება ღმრთის შეწევნა. ასეთ ადამიანს უკვე ვერ ვუწოდებთ ურწმუნოს. თუ თავად მშობელი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, ეს იმის ნიშანია, რომ მას არ ყოფნის ამისთვის ძალა, მონდომება, სარწმუნოება. ასეთ დროს თვით ბავშვი ხდება მშოლის ეკლესიაში მომყვანი. ამიტომ სწორი და სასიხარულოა, როცა არაეკლესიურ მშობლებს შვილი მოყავთ საზიარებლად.
– ზოგადად, როგორია მშობლის პასუხისმგებლობა ღმრთის წინაშე? რამდენად მოეთხოვებათ მათ შვილების გამო?
ძალიან დიდია მშობლის პასუხისმგებლობა. ყოველი ადამიანი არის ღმრთის ქმნილება და მოწოდებულია მადლისმიერ გახდეს ღმრთის შვილი. ჩვენი შვილები პირობითად არიან ჩვენი, რადგან უფალმა ბუნებითი შობის წესით მხოლოდ მოგვაბარა ისინი აღსაზრდელად. ჭეშმარიტი მამა კი თვითონაა. იმაზე, თუ როგორ გავუფრთხილდებით ჩვენ ღმრთის ხატებას ჩვენსავე შვილებში, რამდენად ვეცდებით აღვზარდოთ ისინი ღმრთისმოშიშნი, კეთილნი, დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვნება და მარადიული ხვედრი. შვილი არ უნდა იყო კერპი, მშობლის ასლი, მისი ქვეშევრდომი. მშობლის უპირველესი საქმე წუთისოფელში არის შვილის სწორი აღზრდა.
ესაუბრა ეფემია წიკლაური