8 November 2021

შიმშილობა არ არის მარხვა!

მარხვის არსი არის სინანული. საკვებში შეზღუდვა მხოლოდ სულიერი მარხვის განსაკმტკიცებლად დაწესდა. ჭეშმარიტი მარხვა არის სინანული ღმრთისა და მოყვასის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო. „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მთ.5:23-24), ‒ ბრძანებს მაცხოვარი. მონანული ჯერ ითხოვს შენდობას ყველასგან, ვინც გულნატკენი ან დაბრკოლებულია მისგან, ამით წამოჩინდება მისი სინანული და მხოლოდ ამის შემდეგ იწირება მისი სულიერი შესაწირი (თუ აქვს). მარხვის უჭმელობამდე დაყვანა არის მისი არსის ან გაუგებრობა ან შეგნებული პროფანაცია. და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის „მმარხველი“, აქ მნიშვნელოვანი მარხვის რაობის დამახინჯებაა.
მარხვისგან განსხვავებით, შიმშილობის არსი არის არა სინანული, არამედ საკუთარი სიმართლის ჩემება, საკუთარი პოზიციის აღიარების მოთხოვნა. შიმშილობა თვითმკვლელობის ფორმაა და ამიტომაც არასდროს აკურთხევს ეკლესია ასეთ ქმედებას, როგორი კეთილი და ამაღლებული იდეისთვის არ უნდა ცხადდებოდეს იგი. მით უფრო, არასდროს უწოდეს მარხვას.
„რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.“ (მთ.18:6).
დიდი ცოდვაა განუმტკიცებელი მრევლის დაბნევა!