ტექნოლოგიური წინსვლა თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. სიკეთისა თუ სიავისაკენ მიმმართველი არის ადამიანი, ‒ დაცეული ბუნების მქონე, ადვილად მიდრეკილი ცუდისაკენ, დამანგრეველისაკენ. საუბედუროდ, თავის ქმნილებებს იგი მეტწილად თვითგანადგურებისათვის იყენებს. ამ პრობლემას ქმნის არა ე.წ. პროგრესი, არამედ ადამიანის დაცემულობა.
ბოლო დროს ძალას იკრებს დიპფეიკების (Deepfake) ტექნოლოგია. მარტივად რომ ვთქვათ, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნეიროქსელი ერთი ადამიანის გარეგნობისა და ხმის მეორე ადამიანის გამოსახულებაზე დადებით ქმნის ცრუ, არარეალურ გამოსახულებას. ციფრული ტექნოლოგიის განვითარება სულ უფრო ხვეწს ამ ტექნოლოგიას და მალე სრულიად შეუძლებელი გახდება სინამდვილისა და სიცრუის გარჩევა. მაგალითისათვის, რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგია, შეიძლება მოვიყვანოთ ტომ კრუზის ფეიკ-ექაუნტი ტვიტერზე (Deep Tom Cruise (Parody)), სადაც დიპფეიკის ტექნოლოგიით შექმნილი ცნობილი მსახიობის ვიდეორგოლები დევს. ამ შემთხვევაში ანგარიშის მფლობელი იტყობიენბა, რომ ეს არის პაროდიული ექაუნტი, მაგრამ არის გარემოებები, რომლებიც სერიოზული დაფიქრებისა და შფოთის საუფძველს იძლევა.
ქართველები ვცხოვორბთ ისეთ რეალობაში, როცა ე.წ. მეინსტრიმულ მედიას აქვს ყველაფრის უფლება, არ არის შეზღუდული არანაირი მორალური ნორმით და კანონისმიერი ზემოქმედების შესაძლებლობაც უფრო აბსტრაქტულად ჩანს, ვიდრე რეალურად. არც ერთ შემთხვევაში, როცა გავრცელებულ იქნა არა მხოლოდ ცალმრივი, არამედ აშკარად ცრუ და გამოგონილი ინფორმაცია, არ გვინახავს აღიარება, მობოდიშება, დასჯა. ადამიანთა დიდი ნაწილი მოჯადოებულივით ეჯაჭვება ტელეეკრანებს, საიდანაც იღვრება და იღვრება სიცრუე, სიძულვილი, მიკერძოებულობა, შფოთი. ადრე თუ გვიან, ადამიანი იჯერებს და იღებს ნანახს. მაშინაც კი, როცა გონებითა და ინტუიცით ხვდება, რომ ყველაფერი სიმართლე არ არის, სულირი და ზნეობრივი დაცემის ფონზე გულით მაინც აქვს მიმღებლობა, რადგან ნანახი ხშირად ეხმიანება მის შინაგან მდგომარეობასა და სურვილებს. ზომბირებული ტელეაუდიტორია წარმოადგენს ნაყოფიერ ნიადაგს, რომელზეც წამყვანი მედიას მეშვეობით მათ მფლობელებს ძალუძთ ადამიანთა უზარმაზარ მასაზე ზემოქმედება, მათი წარმართვა სასურველი მიმართულებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ფარული ჩანაწერები ურცვხად და დაუსჯელად გამოეფინება ტელეეკრანებზე. წარმოვიდგინოთ, რა ეფექტი შეიძლება ქონდეს დიპფეიკის გამოყენებას! ფაქტობრივად, იქმნება შესაძლებლობა, როცა ნებისმიერ ადამიანს, ჯგუფს, ორგანიზაციას შეიძლება დაუსჯელად შეულახო სახელი და უბედურება ისაა, რომ მასა ამის მიმღებია. ჩნდება მძლავრი იარაღი მასების სამართავად, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. დიახ, არსებობს ყალბი ინფორმაციის გარჩევის ტექნიკური საშუალებები, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენს რეალობაში ამან რამე შეცვალოს. და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლმება.
2020 წლის დასაწყისში ჰონკონგის ერთერთი ბანკის მმართველთან გაისმა სატელეფონო ზარი. მმართველმა იცნო კომპანიის დირექტორის ხმა, რომელმაც მისცა განკარგულება დაეშვა 35 მილიონი დოლარის გადარიცხვა. ამას თან დაერთო ელექტრონული წერილები და მმართველმა დაიწყო თანხმების გადარიცხვა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბოროტმოქმედებმა დიპფეიკის ტექნოლოგია გამოიყენეს. ეს საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია (https://bit.ly/3niQTfE). იყო არაერთი მსგავსი შემთხვევა, როცა ზიანი ნაკლები იყო და ფართოდ ცნობილი არ გამხდარა.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რიგითი ადამიანისათვის ეს ტექნოლოგია ვერ იქნება საზიანო, მაგრამ არ არის ასე. უამრავი ადამიანი ყოველდღიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში სურათებს, ‒ თავისას და ახლობლებისას, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მისთვის საინტერესოს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ეს სურათები შეიძლება მის საზიანოდ იქნეს გამოყენებული. რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგიები და აპარატურული უზრუნველყოფა, მით უფრო ხელმისაწვდომი ხდება იგი ბოროტმოქმედთა ფართო წრისთვის. სულ მალე დადგება დრო, როცა არცთუ დიდი განსწავლულობა იქნება საჭირო დიპფეიკის შესაქმნელად და მაშინ ნებისმიერი ადამიანის დაშანტაჟება გახდება შესაძლებელი. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი იერის ადამინს ვიხილავთ პორნოფილმის გმირად, გაჩნდება „ფარული ჩანაწერი“ ჩვენი მონაწილეობით და ა.შ. ან კიდევ წარმოვიდგინოთ, რომ „გამტაცებელი“ გვიჩვენებს ოჯახის წევრს, რომელიც გვთხოვს გადავიხადოთ თანხა და დავიხსნათ.
მრავალი სხვა ხიფათი იხილვება დღევანდელობის გადასახედიდან და კიდევ უფრო ბევრი გამოჩნდება დროთა განმავლობაში. დიპფეიკის დეტექტირების პროგრამები ვერ მოგვცემენ უსაფრთხოების სრულ გარანტიას, ისევე, როგორც ანტივირუსები ვერ უზრუნველყოფენ სრულ დაცულობას.
...
კაცობრიობის ისტორია გამალებით უახლოვდება დასასრულს. ღმერთსა და ჭეშმარიტებას მოწყვეტილი, თვითმყოფადობის მჩემებელი, ზნეობადაკარგული ადამიანი მიისწრაფის თვითგანადგურებისაკენ, საზოგადოებრივი აშლილობისაკენ, ქაოსისაკენ შინაგან თუ გარეგნულ ცხოვრებაში. თითქოს მხედარი ცხენზე, რაღაც ძალა შემჯდარა კაცთა მოდგმას და უფსკრულისაკენ მიაქანებს. ქრისტეანებმა ვიცით, ვინ არის იგი და რითი დასრულდება მისი მცდელობები; ვიცით ისიც, რომ ვერაფერი განაქარვებს ბოროტებას, გარდა ღმრთის მადლისა. შეიძლება ბევრი ვიფიქროთ წინააღმდეგობის გზებზე, ტექნოლოგიებზე და ეს ფიქრი ნაწილობრივ საჭიროც არის, მაგრამ უმთავრესი ჩვენი იარაღი არის სიმწმიდის გზით მოხვეჭილი საღმრთო მადლი. ბევრი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ ისეთი, რაც იზიდავს ყურადღებას, გადააქვს ჩვენი მზერა შინაგანიდან გარეგნულზე, მაგრამ მხოლოდ ადამიანის გულში მომხდარ შეერთებას ღმერთან ძალუძს ჩვენი გადარჩენა. ბოლო ჟამის ერთ-ერთი მახასიათებელი ხომ საცთურთა გამრავლება.
წმიდათა მეოხებით ღმერთმა მოგვმადლოს სიბრძენ და სიმტკიცე ჭეშმარიტებაში.