3 July 2015

სოდომი

ავტორი:   დეკანოზი ანდრია ტკაჩოვი.
 
ტელეცენტრის იმ სართულზე, სადაც ჩვენ გადაცემის ჩაწერის მოლოდინში მიმოვდიოდით დერეფანში, ხალხმრავლობა იყო. როგორც ჩანს, უკრაინა განაგრძობდა ტალანტების ძებნას და თითქმის შიშველი, მთლად ნორჩი დიაცები აფახუნებდნენ შეღებილ წამწამებს სცენაზე დაძახების მოლოდინში, ხმაურობდნენ საგრიმიოროებში, გამორბოდნენ მოსაწევად, მობილურებით ტიტინებდნენ მეგობრებთან და მშობლებთან.
ორნი ვიყავით და დრო საინტერესო საუბარში გაგვყავდა. ჩემი თანამოსაუბრე ძველი აღთქმის მცოდნე იყო და ჩვენ, თითქოს ვხსნიდით ბიბლიური საგანძურის კიდობანს, ვარჩევდით ცალკეულ ძვირფასეულობას და ვტკბებოდით მათი სილამაზით. წარწერა „მიდის ჩაწერა“ ჯერ კიდევ არ ანათებდა ჩვენს სტუდიასთან.
რაზე არ ვისაუბრეთ მაშინ: კურთხევებზე, რომლებიც მომაკვდავმა იაკობმა მისცა შვილებს, წითელ დიაკეულზე (რიცხვ.19:2); უკვალოდ გამქრალ ათ ტომზე; პირველ ტაძარზე. საუბარი როგორღაც შეეხო სოდომსაც. სოდომი – გასაგებია, ვფიქრობდი. არაბუნებრივი სიძვა, უხეში ძალადობა, მამათმავლობა – აი, მისი ნიშნები. თურმე საქმე მხოლოდ ეს არ არის. მერამდენედ აღმოჩნდა, რომ შეიძლება ჩვეულებისაებრ ვფიქრობდეთ რაღაცაზე, საქმე ცხადად და ბოლომდე გარკვეულად მიგვაჩნდეს მაშინ, როცა სულაც არ არის არც ცხადი და არც გარკვეული.
— სოდომი – ეს არ არის უბრალოდ სქესობრივი სოდომია, ანუ სქესობრივი ცხოვრების გაუკუღმართება, – ამბობდა ჩემი ნაცნობი. – სქესობრივი სოდომია მხოლოდ ნაწილია ზოგადი სოდომიის, თან გვერდითა (გვერდულა) ნაწილი.
— და რას ნიშნავს „ზოგადი სოდომია“? – ვიკითხე, სიმართლე გითხრათ, გაოგნებულმა.
ეს არის ცხოვრების საერთოდ ყველა მხარის გაუკუღმართება და ადამიანური იერსახის დაკარგვა. ყველაზე მეტად ეს გაუკუღმართება ვლინდება კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის დაკარგვაში და, როგორც შედეგი, მართლმსაჯულების გაუკუღმართებაში. უსამართლობა სასამართლოებში, ტოტალური, მყვირალა და აუტანელი უსამართლობა – ეს სოდომის ისეთივე ფაქტორია, როგორც მამაკაცის მამაკაცისადმი სქესობრივი ვნება.
ჩვენ ვსაუბრობდით, დავდიოდით რა „ვარსკვლავობის“ კანდიდატ გოგონებს შორის და ზოგჯერ, უნებლიედ ვეჯახებოდით მათ.
— აი, მაგალითად, ეს გოგონები, – აგრძელებდა ჩემი თანამოსაუბრე. – ისინი დადიან შიშვლები მამაკაცთა შორის, რომლებიც მათთვის არც მამები არიან და არც ქმრები. და თან ფიქრობენ, რომ ასეც არის საჭირო. ეს – სოდომია. მათ დაკარგული აქვთ ზომიერების განცდა, სირცხვილის, სამართლიანობის გრძნობა. ამასთან თანახმანი არიან მათი მშობლები. ეს ყველაფერი არის სოდომი. აბა, სცადეთ უთხრათ მათ, რომ უწესოდ იქცევიან, რომ უნამუსონი არიან და არცხვენენ ოჯახებს. ისინი დაგესხმიან თავს, როგორც მფრინველები ლეშს, ისინი შეგჭამენ და ვერ შეძლებთ მათთვის ვერაფრის ვერც დამტკიცებას, ვერც ახსნას. აი, ეს არის სოდომი. მათი მშობლებიც, სხვათა შორის, ასევე მოგექცევიან.
გამახსენდა ყველაფერი, რაც წამიკითხავს წმიდა წერილში მსგავს საგნებზე.
„შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ“ (იერ. 3:3).
„სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა“ (ეს. 3:9).
ცოდავდე და არ წითლდებოდე, ტრაბახობდე ცოდვით, მდიდრდებოდე უსჯულოებით – აი, სოდომი. და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.
ბევრი რამ დაფარულია ღამის წყვდიადის საბურველით. ამიტომაც აღესრულებიან ისინი ღამით. მაგრამ ადამიანები კარგავენ სირცხვილის გრძნობას და შუქი სიტყვისა შეაქვთ იქ, სადაც უნდა იყოს სიბნელე. ადამიანები იცინიან და ლაპარაკობენ თავიანთ ცოდვებზე, ამაყობენ ცოდვებით, თითქოს ეს იყოს გამარჯვება ბრძოლის ველზე. ესეც სოდომური ცნობიერებაა. ფარულად ყოველთვის ვგრძნობდი ამას, მაგრამ ახლა, არათუ შევიგრძენი, არამედ შევიმეცნე.
ჩვენ განვაგრძობდით საუბარს.
ძველი გადმოცემა გვამცნებს, რომ ოთხი მსაჯული იყო სოდომში: შაკროი, შაკრურაი, ზაიფაი და მაცლი-დინი. პირველმა ორმა მიიღეს სახელი სიტყვიდან „შეკერ“, ანუ “სიცრუე“. მესამემ – სიტყვიდან „ზაიფონ“, რაც ნიშნავს „გამყალბებელს“, მეოთხეს სახელი კი ნიშნავს „მართლმსაჯულების დამამახინჯებელს“.
მართლმსაჯულების გაუკუღმართება – აი, სოდომი. შენ გაგძარცვეს, მაგრამ შენვე ხარ ვალში. ეს – სოდომია. მიმართე სასამართლოს და გაგყვლიფეს სასამართლოს ხარჯით, მაგრამ სიმართლეს მაინც ვერ მიაღწიე. ეს – სოდომია. წაგართვეს ქონება, მემკვიდრეობა, ან მანქანით დაგეჯახნენ, მაგრამ შენვე აღმოჩნდი დამნაშავე – აი, ნამდვილი სოდომი, ყოველგვარი სქესობრივი სიბინძურეების გარეშე. შემდეგ კი უსამართლო მსაჯულები, აღნიშნავენ რა მორიგ „გამარჯვებას“, იქირქილებენ მორიგ მსხვერპლზე, გამოილეშებიან და სისაძაგლეებს მიყოფენ ხელს. აი, ამ საძაგლობებს ვუწოდებთ ჩვენ „სოდომს“, მაგრამ „სოდომი“ ისაა, რაც წინ უძღვის ამას, ანუ უკანონობა.
სისასტიკე, არაადამიანურობა გაუკუღმართებული ყოფის ნიშნებია. „ვაი თქვენ, – ამობდა ესაია, – სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენ გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე“ (ეს. 5:8).
იგივე წინანასწარმეტყველი ამბობს, უფალს რომ არ დაეცვა ნაშთი ისრაელისა, ისრაიტელებიც იქნებოდნენ, როგორც სოდომი, მიემსგავსებოდნენ გომორს.
არაადამიანურობა, სიცრუე, ტოტალური სისასტიკე – აი, სოდომის გვაროვნული თვისებები. და ჩვენ ვცხოვრობთ მასში. დიახ, საბედნიეროდ ერთსქესიანი თავშექცევები და სქესობრივი სისაძაგლე კულტურულად ჯერ კიდევ შორსაა ჩვენგან. მაგრამ, საქმე ეს კი არ არის. ფუფუნებასა და ძარცვაში – აი, რაშია სოდომი; უკეთურ უსამართლობაში – ამაშია სოდომი. იქ კი, დედამიწის ვერსიტყვისმგებ მკვიდრთა ცრემლებით აგებული სოდომური სასახლის მაღალი გალავნის მიღმა არავინ დაუშლის დასახლებას ყოველგვარ სქესობრივ გაუკუღმართებას. ასეც ხდება. ასეც არის.
ხორცშესხმული, აქტუალიზებული სოდომი ესაა ვ.შალამოვის „კოლიმის მოთხრობები“, სადაც ქურდი ბანქოს თამაშობს სვიტერზე, რომელიც ეს-ესაა თავისუფლებიდან გამოუგზავნეს თანამოსაკნეს. ქურდი აგებს სვიტერს, მაგრამ ადამიანი თანახმაა გაიხადოს მხოლოდ კანთან ერთად. მაშინ უხმოდ და მშვიდად სასიკვდილოდ ჭრიან ადამიანს, ხდიან სვიტერს და აგრძელებენ თამაშს. ეს ყოფითი სცენა არის სოდომის სურათი, მიუხედავად იმისა, რომ კადრში არანაირი მინიშნება არ არის პედერასტიაზე.
როცა ინტელიგენტი „აგებინებს რომანს“ ქურდულ ავტორიტეტს, ანუ მონური მოწიწებით „გაგების“ ენაზე უხსნის კლასიკური ნაწარმოების აზრს, იქნება ეს „რომეო და ჯულიეტა“ ან „ფაუსტი“, ესეც სოდომია. ეს საწყალი ინტელიგენტი, შესაძლოა, თხრობისას ამ ავტორიტეტს ქუსლებსაც ფხანდეს და ამით ქურდული ულუფის ნაწილიც დაიმსახუროს – ამას უკვე ვერაფერს შეადარებ. პედერასტია შესაძლოა არ იყოს, მაგრამ სოდომი არის და ის ცხადია.
ეს არ არის სქესობრივ გაუკუღმართებათა აპოლოგია. ნუ იყოფინ!
ეს არის მცდელობა პრობლემის გააზრების მის ჭეშმარიტ სიდიდემდე გაფართოებისა და არა სპონტანურად დადგენილ ლოკალურ საზღვრებში. სოდომი არის არა უბრალოდ გაუკუღმართებული მრუშობა, არამედ მთლიანობაში გაუკუღმართებული ცხოვრება და მხოლოდ ამის შემდეგ გაუღმართებული სქესობრივი ცხოვრება. ან, როგორ უნდა გადაურჩეს გაუკუღმართებას სქესობრივი ცხოვრება, თუ მთლიანად ცხოვრებაა გაუკუღმართებული?
დოქტორი ბეტელჰეიმი წიგნში „განათლებული გული“ აღწერს შემთხვევას საკონცენტრაციო ბანაკში. ესესელი ამჩნევს ორ ადამიანს, ნახევარი ძალით მომუშავეს. მას მოიცავს მრისხანება, უბრძანებს ამ ორს ამოითხარონ საფლავი და ჩაწვნენ. ისინი ასრულებენ ბრძანებას. ამის შემდეგ ესესელი ეძებს სასჯელის აღმასრულებელს და მზერით პოულობს ვინმე პოლონელ თავადს „ყოფილთაგან“. (კეთილშობილებით აღბეჭდილი ადამიანები ყველაზე უარესად ახერხებენ გადარჩენას სოდომში. მათ სწრაფად ამჩნევენ და ანადგურებენ. სოდომს მხოლოდ გასაშუალოებული კაცობრიობის წარმომადგენლები სჭირდება.)
— დამარხე ისინი, – ეუბნება ოფიცერი ყოფილ თავადს.
— არ გავაკეთებ, – პასუხობს ტუსაღი.
სიტყვას მოსდევს იარაღის კონდახის დარტყმა სახეში.
— ჩამარხე!
— არ ვიზამ.
კვლავ დარტყმა. პოლონელი შეუდრეკელია.
— კარგი, – ამბობს ოფიცერი. – თქვენ ორმა გასწით ზემოთ.
ისინი ამოძვრებიან.
— ჩაწექი! – ისმის ბრძანება. და პოლონელი წვება იმ ორის ნაცვლად.
— ჩამარხეთ იგი!
ბრძანება მიმართულია იმ ორისადმი, რომლებიც ეს-ესაა იწვნენ მათ მიერ ამოთხრილ საფლავში. ისინი მხნედ აყრიან მიწას პოლონელს. როცა ის მთლიანად დაფარულია მიწის კოშტებით, ისმის ბრძანება: „halt!“ („სდექ!“).
— შენ, – მიმართავს პოლონელს გერმანელი, – ამოძვერი! თქვენ ორნი – უკანვე საფლავში!
ჩამარხე ისინი, – კვლავ უბრძანებს პოლონელს გერმანელი. ამჯერად კი საფლავიდან ახლახან ამოსული პოლონელი ბოლომდე, სიკვდილამდე აყრის მიწას იმ ორს. მიზანი მიღწეულია. მიზანია არა უბრალოდ მოკლა ერთი ადამიანი, არამედ წელში გადატეხო მეორე და მოაკვლევინო ადამიანებს ერთმანეთი. ეს არის სოდომი. ეს არის ბოროტების ჭკვიანური და ცივი ზეიმი.
როცა კაცობრიობა დადის გარყვნის მსგავს სტადიებამდე, ის, როგორც წესი, უკვე ვერ იკურნება. ან იკურნება, მაგრამ მხოლოდ უხვი სისხლდენით. მხოლოდ დიდი სისხლი კურნავს დიდ გარყვნილობას და აქ არის ახსნა მსოფლიო წარღვნისაც, სოდომსა და გომორზე გარდამოსული ცეცხლისაც. აქ არის მინიშნება იმაზე, რატომ შეძრავენ დროდადრო სამყაროს სისხლიანი კონფლიქტები.
ყოფითი სოდომი არის მიზეზი ამისა და, ვისაც არ სურს დიდი სისხლდენა, ის უნდა ეცადოს ზნეობრივ განწმედას. თუ არადა, ყოველ ადამიანურ უმართლობას გარდაუვალად მივყავართ კატასტროფამდე, ისევე, როგორც ყველა ჩამდინარე წყალი, რომელსაც მიაქვს სკორე და ჭუჭყი, ჩაედინება კანალიზაციაში.
პედერასტიის სახით ჩვენ გვძაგს მხოლოდ ერთი ნიღაბი სოდომისა, მაგრამ მშვიდად ვურიგდებით მის სხვა ხატებსა და სახეებს. ჩვენ გვეზიზღება ის მამაკაცები, რომლებიც… მოდით, ნუ აღვწერთ იმას, რასაც აკეთებენ ეს თითქოს მამაკაცები.
მაგრამ, ეს არ არის ერთადერთი ფორმა სოდომური ცნობიერების ხორცშესხმისა. უსამართლობა სასამართლოში, ბოროტი სიხარული სხვათა გასაჭირითა და დამცირებით, უბრალო ადამიანის ცრემლებით გამდიდრება – ყველაფერი ეს არის სოდომი და მხოლოდ სოდომი. სასჯელიც შეესატყვისება ამ გაუკუღმართებას.
შიშველ გოგონებს კი იძახებდნენ და ისინი, სამარცხვინო და აღუსრულებელი იმედით  ფრთაშესხმულნი, აგრძელებდნენ როკვას სცენაზე. ჩვენ კი დავდიოდით ამ ცოცხალ სოდომს შორის და ვმსჯელობდით მასზე, ხან შევძრწუნდებოდით მისით, ხან კი გვიკვირდა ღმრთაებრივი სიბრძნის სიღრმე.
მართლაც, ძნელად შედის თავში ის აზრი, რომ სოდომიტებს ამრავლებენ არა მხოლოდ ღამის კლუბები და ბარები, არამედ იურიდიული სასწავლებლები და სხვა მსგავსი ინსტანციები.
მალე ადმინისტრატორმა ჩვენც დაგვიძახა სტუდიაში. დადგა გადაცემის ჩაწერის დრო, რომელზეც მოვედით. შესასვლელ კართან აენთო წარწერა „ჩუმად! მიდის გადაღება“.
არ ჭიჭინებს უკვე კინოკამერა. უხმოდ მუშაობს ციფრი და უფალ საბაოთის პირისპირ იწერება სამახსოვრო წიგნი ყველაფერზე, რაც ხდება დედამიწაზე.
ჩვენ კი ვცხოვრობთ სოდომში და იმდენად შევეჩვიეთ ამას, რომ უკვე ვერ ვამჩნევთ გაუკუღმართებათა და უსამართლობათა უმეტესობას. და, თუ შეიძლება თუნდაც რაიმეს შეცვლა, უნდა შევცვალოთ ძველი ახლით რაც შეიძლება სწრაფად. თუ კი შეუძლებელია შეცვლა, რწმენა მაინც უნდა შევინარჩუნოთ და არ მივეცეთ სასოწარკვეთას, რადგან „მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა“ (ებრ.10:38).
თარგრმნა დეკ. ანდრია კემულარიამ.