— მამაო, გთხოვთ აგვიხსნათ, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?
წარმოდგენა იმაზე, თუ რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას და რა მიაჩნია მას საზრისად თავისი არსებობისა, განსხვავდება როგორც ცალკეულ ადამიანებში, ასევე იმ სარწმუნოებრივ-მსოფლმხედველობით ტრადიციებში, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. აზრს ცხოვრებისა განსაზღვრავს მიზანი, გზა მისი მიღწევისა და შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსებობა მაშინ იწოდება ცხოვრებად, როცა მას აქვს აზრი. უაზროს ვუწოდებთ არსებობას, როცა ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ წარმავალი ცხოველური საჭიროებების დაკმაყოფილებით. ზოგს აქვს მიზანი, რომელიც მთელს მის ცხოვრების გზას განსაზღვრავს; ზოგის მიზანი და წადილი ცდება საწუთოს და მარადისობაში გადადის. მაგრამ, არის სხვა საზრისი ცხოვრებისა, რომელიც შემოქმედმა განგვისაზღვრა და დაცულია მართლმადიდებლობაში.